Accessibility links

სად არის მთავრობის მიერ დანაპირები ახალი საგადასახადო კოდექსი


ქართველმა ბიზნესმენებმა ის-ის იყო ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის განუხორციელებელი დანაპირების დავიწყება შეძლეს, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ახალი დაპირებით გამოვიდა.

ჟვანიას სიტყვებით, მაისის დასაწყისისთვის მინისტრთა კაბინეტს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი განსახილველად უნდა გამოექვეყნებინა. მისივე ბრძანებულების მიხედვით, 3 აპრილს შექმნილ 17 კაციან ჯგუფს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი 1 თვის ვადაში უნდა მოემზადებინა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ პროექტი ჯერჯერობით არსად ჩანს.

საქართველოს პარლამენტში 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს მაისის ბოლოსთვის წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს. მანამდე კი პროექტი მინისტრთა კაბინეტს უნდა განეხილა, თუმცა აჭარის მოვლენების გამო კოდექსისთვის არავის სცალია. არადა, პარლამენტს უახლოესი 1 კვირის მანძილზე თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის მიღება მოუწევს. პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის აზრით, ასეთი ბიუჯეტი შეუსრულებელი დარჩება, თუ მისი ზრდა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებით არ იქნა გამყარებული:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "ბიუჯეტის კანონს, კანონის მიხედვით, უნდა ახლდეს თან საგადასახადო პოლიტიკაც, ანუ თუ რამე ცვლილება კეთდება, კეთდება თანმდევი კანონები, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუჭერთ მას მხარს."(სტილი დაცულია)

ნაკლებად სავარაუდოა, ბიუჯეტის მიღებისას მმართველ უმრავლესობას ოპოზიციის ხმები დასჭირდეს, თუმცა ამგვარი უპირატესობა სულაც არ არის იმის საფუძველი, რომ ან ბიუჯეტი, ან საგადასახადო კოდექსი უბადლო იქნება.

უფრო მეტიც, შუა საბიუჯეტო წელში ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამ შეიძლება ბიუჯეტს ძველი შემოსავლებიც კი დააკლოს. ამას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც აღიარებს. პარლამენტში ბიუჯეტის წარგენისას მან განაცხადა, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირველი 2-3 თვის განმავლობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების პარამეტრის შესრულებას შეიძლება პრობლემები შეექმნასო. ზურაბ ჟვანია მომავალი საგადასახადო კოდექსის კიდევ ერთ სიახლეს ამჟღავნებს და აცხადებს, რომ 31 პროცენტიანი სოციალური გადასახადი შემცირდება, თუმცა - რამდენი პროცენტით, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

მისივე მტკიცებით, ახალი საგადასახადო კოდექსი საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ოქტომბრის თვისთვის უნდა მიიღოს, რათა მთავრობამ ახალი კოდექსით შექმნილი საგადასახადო ბაზა შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს 2005 წლის ბიუჯეტი.
[ნიკო ორველაშვილის ხმა] "როდესაც ასე გაუაზრებლად და ხელის მსუბუქი მოსმით საუბრობენ საგადასახადო კოდექსის პროექტის შექმნაზე სულ ერთი თვის ვადაში და, ისიც, იმ კომისიის შემადგენლობით, სადაც 5 კაცი მთავრობის წევრია, 5 კაცი - პარლამენტის, იქ დანარჩენები კიდევ სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზეა და მათ ფიზიკურად დრო არ აქვთ ამ საკითხებზე სამუშაოდ, მე მიჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება ამ საკითხებზე სერიოზულად არ ფიქრობს და არ ზრუნავს."(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ამის თქმის საფუძველს ის გამოცდილება აძლევს, რომელიც მას 2002 წელს საგადასახადო კოდექსის პროექტზე ერთწლიანი მუშაობისას დაუგროვდა. უცხოური ფონდების ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ეს პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის დასაწყისში პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ იგი მივიწყებას მიეცა.
XS
SM
MD
LG