Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები ბუშს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ


შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს ისრაელ პალესტინის ხანგრძლივი კონფლიქტის დასაძლევად ნეიტრალური მედიატორის

როლის შესრულება? შეერთებული შტატების გადამდგარ დიპლომატთა ერთ ნაწილს ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს-არა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისადმი გაგზავნილ წერილში მათ გამოთქვეს აზრი, რომ ვაშინგტონმა კონფლიქტის არბიტრობის უფლება მას შემდეგ დაკარგა, რაც ერთ მხარეს, მეორის ხარჯზე მიემხრო. წერილი, რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი 60 დიპლომატი აწერს ხელს, პრეზიდენტ ბუშს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების შარონის გეგმის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.



ენდრიუ კილგორი, ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კატარში, პრეზიდენტ ბუშისადმი გაგზავნილი კრიტიკული წერილის ერთ-ერთი ხელისმომწერია.

[ენდრიუ კილგორის ხმა]" ჩვენ ვეწინაღმდეგებით პრეზიდენტ ბუშის მიერ პრესაში ახალ რეალობად მოხსენიებულ ისეთ რეალობას, რომელიც პალესტინელებს დაბრუნების უფლებას ართმევს. ეს 1948 წლიდან იწყება, როგორც გახსოვთ. ახლა კი პრეზიდენტი ბუში ჩანს, შარონს აძლევს უფლებას დასავლეთ სანაპიროზე ხუთი დასახლება დაიკავოს. ეს სულაც არ გამორიცხავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას."

რობერტ კილი საბერძნეთში შეერთებული შტატების ელჩი იყო. ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ამის შემდეგ ისრაელ-პალესტინას შორის ნეიტრალური მედიატორის პრეტენზია უკვე აღარ უნდა ჰქონდეს.
ეს დამოკიდებულება კარგად აისახა წერილშიც, რომლის დაწერა შეერთებული შტატების ყოფილ დიპლომატებს 52 ბრიტანელი კოლეგის მიერ ამას წინათ პრემიერ-მინისტრ ბლერისადმი გაგზავნილმა მიმართვამ უკარნახა. ყოფილმა ბრიტანელმა დიპლომატებმა ასევე გააკრიტიკეს ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის გამო და მოუწოდეს მას ეფექტური ზეგავლენა მოახდინოს შეერთებულ შტატების პოზიციაზე.

შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ყოფილი დიპლომატების საჯარო კრიტიკის შემდეგ. შეკითხვას ენდრიუ კილგორმა შემდეგნაირად უპასუხა.

[კილგორის ხმა]" მე ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი მნიშვნელობა გადაჭარბებით არ უნდა შევაფასოთ. მაგრამ ათასობით საკითხია, რომელზეც ამერიკის საზოგადოებას თავისი აზრი უჩნდება. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ამდაგვარია. ჩვენ გამოცდილები ვართ, ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ სფეროს, ჩვენ ჩვენი ცხოვრება დიპლომატობაში გავლიეთ."

ყოფილი დიპლომატების წერილი პრეზიდენტ ბუშისადმი დროში პრაქტიკულად დაემთხვა მედიატორი ოთხეულის მიერ ნიუ იორკში მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომლის დეტალებს ჩვენს გადაცემაში უკვე გაეცანით. მხოლოდ იმას გავუსვმთ ხაზს, რომ ოთხეულმა შარონის გეგმა მოიწონა იმდენად, რამდენადაც იგი ეგრეთ წოდებული საგზაო რუქის განხორციელების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნია. საგზაო რუქის მიხედვით, პალესტინის სახელმწიფო 2005 წლისთვის უნდა შეიქმნას.

საერთაშორისო საზოგადოებიდან რა როლის შესრულება შეუძლია კონფლიქტის მოგვარებაში უშუალოდ გაეროს. ამ შეკითხვით მიმართეს შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საბერძნეთში რობერტ კილის.

[რობერტ კილის ხმა]" ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. მე არ გამომიყვია გაერო უშუალოდ იმ კონტექსტით, რომელსაც თქვე გულისხმობთ- ანუ იმის გამო, რომ ისრაელს, გარკვეული მიზეზების გამო არ მოსწონს გაერო. მე ვთქვი საერთაშორიოს საზოგადოება. მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ გაერო საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელია, მათ შეუძლით გარკვეული როლის თამაში. მაგრამ არამც და არამც, როგორც გაერომ, ვინაიდან მათ რაც არ უნდა გააკეთონ, ისრაელი ყოველთვის დაბლოკავს გადაწყვეტილებას.
მე უფრო საეჭვოდ მეჩვენება ამ ვითარებაში შეერთებული შტატების უნარი ზეგავლენა მოახდინოს იმ მოვლენებზე, რომელიც თავს იჩენს და ახლო აღმოსავლეთზე ზოგადად."

წერილი, რომელიც შეერთებული შტატების 60-მა დიპლომატმა პრეზიდენტ ბუშის სახელზე გააგზავნა, ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა შარონის გეგმის მიმართ ანტი-ამერიკული განწყობის ზრდას იწვევს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, შეერთებული შტატების დიპლომატების, სამოქალაქო პირებისა და სამხედროების საქმიანობა საზღვარგარეთ, გადამდგარი დიპლომატების აზრით, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაართულა.
XS
SM
MD
LG