Accessibility links

logo-print

ერაყში არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს


ერაყში მზადდება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არჩევნები - საყოველთაო, ადგილობრივი და რეგიონული ქურთისტანში. ეს არჩევნები დაგეგმილია 2005 წლისთვის.

სანამ არჩევნებისთვის მზადებას აგიწერდეთ, მსურს თქვენი ყურადღება ერთ ამბავს მივაპყრო. აშშ-ის 50-მა ყოფილმა დიპლომატმა წერილი მისწერა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. ამ წერილში ისინი მძაფრად აკრიტიკებენ ახლო აღმოსავლეთში მის პოლიტიკას. წერილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "ბი-ბი-სიმ". ამერიკელი გადამდგარი დიპლომატები პრეზიდენტს ბრალად სდებენ იმას, რომ ისრაელისთვის აშკარა მხარდაჭერით მან რწმენა, პრესტიჟი და მეგობრები დაკარგა მთელ მსოფლიოში. ბუშისადმი წერილზე ხელის მომწერებმა ამით მიბაძეს ბრიტანელ, ასევე ყოფილ, დიპლომატებს რომლებმაც ათიოდე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკეს ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთსა და ერაყში. ამერიკელი ყოფილი დიპლომატების ამ ჯგუფის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია ენდრიუ კილგორი, ერთ დროს კატარში აშშ-ის ელჩი. კილგორმა "ბი-ბი-სის" განუცხადა, რომ პოლიტიკა ერაყში ბევრად უარესია.


წინასაარჩევნო პროცესის დაწყებად მიიჩნევენ საარჩევნო კომისიის შექმნას. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა უნდა აირჩიოს 7 კაციანი საარჩევნო კომისია მაისის ბოლოსთვის. ამის შემდეგ უკვე მთელ ერაყში უშუალოდ არჩევნებისთვის მზადება დაიწყება. გაეროს არჩევნების ხელის შემწყობი უწყების დირექტორმა კარინა პერელიმ განგვიცხადა, რომ წმინდა საორგანიზაციო საქმეებთან ერთად ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამომრჩევლებისა და კანდიდატებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად: [პერელის ხმა] "თუკი უშიშროების ვითარება არ გამოსწორდა, ცხადია, გაერო ამგვარი არჩევნების მომზადებაში მონაწილეობას არ მიიღებს. და ვერც იმგვარ ახლად შექმილ გაერთიანებას ვურჩევდით არჩევნებში ჩაბმას, რომელიც რეალურად არ გამოხატავს ხალხის ნებას." წელს პირველი ივლისიდან ერაყის გარდამავალ მთავრობას გადაეცემა ხელისუფლება, მაგრამ უშიშროებისთვის პასუხისმგებელი აშშ-ის არმია რჩება. უშიშროება კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავღანეთში, მაგალითად, ხელისუფლება იძულებული იქნა საყოველთაო არჩევნების ვადა სამი თვით გადაეწია სწორედ უშიშროების მხრივ პრობლემების გამო.
როცა გაეროს ჯგუფმა, პერელის მეთაურობით, ერაყი მოინახულა, დაასკვნა, რომ იქ არის ძალები, რომელთაც არჩევნები ან ახლა სურთ, ან არასოდეს. ერაყელთა ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ მოსახლეობის ეთნიკური თუ რელიგიური ერთობის სიდიდე პროპორციულად უნდა აისახებოდეს საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაზე, რაც, პერელის აზრით, არ არის სწორი. მისი თქმით, ასევე დამტკიცებულია, რომ ხალხი მხოლოდ მიკუთვნებულობის მიხედვით არ აძლევს კანდიდატებს ხმას, რაც ასევე გავრცელებული მოსაზრებაა ერაყში.
პერელისვე თანახმად, ერაყელებს ურჩიეს საარჩევნო კომისიის წევრებად დაასახელონ მიუკერძოებელი პირები. ამასთან, კომისიის წევრობის დროს მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება იაქტიურონ პარტიული ხაზით. საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბების შემდეგ ის დაიწყებს უკვე ადგილობრივი კომისიების შექმნას ყველა 18 პროვინციაში და თვალყურს მიადევნებს, რომ მათში კომპეტენტური პირები მოხვდნენ. პერელის თანახმად, ერაყის მოსახლეობას ბაათის პარტიის მმართველობა ახსოვს და არ აქვს გამოცდილება მრავალპარტიული სისტემის ფუნქციონირებისა, მაგრამ გაეროს არჩევნების მომზადების უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერაყელებს ამის სწავლის საშუალება მიეცემათ, როცა მრავალპარტიულ არჩევნებს ჩაატარებენ.
[პერელის ხმა] " ნუ მოველით დღესვე პოლიტიკურ პარტიებს, შესანიშნავ დემოკრატ ლიდერებს და ლიბერალი წარმომადგენლობის მიმართ რწმენას გარდამავალ პერიოდში. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, პროცესის განმავლობაში, უნდა იქნეს მიღწეული." თვითონ პერელის ერაყში ყოფნისა და იქ შეხვედრების დროს თვალში საცემია ერაყელთა წყურვილი მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
გაეროს თანამშრომელმა ისიც დაამატა თავის ნაამბობს, რომ არჩევნების წარმატება დიდადაა დამოკიდებული ერაყელთა პოლიტიკურ ნებაზე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერაყის სახელმწიფო ასამბლეის 275 ადგილისთვის არჩევნები 2005 წლის 31 იანვარს მოეწყობა. ჩაატარებენ ასევე ქურთისტანში რეგიონულ არჩევნებს და ადგილობრვ არჩევნებს.
XS
SM
MD
LG