Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული სამყაროს რეაქციები სამხედრო ტყვეთა გარშემო სკანდალთან დაკავშირებით ჯორჯ ბუშის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს არაბულენოვან მასმედიას ინტერვიუები მისცა სამხედრო ტყვეთა გარშემო სკანდალთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ, როგორც აღმოჩნდა, ერაყში, ერთ-ერთ სამხედრო ციხეში ამერიკელი ჯარისკაცები აბუჩად იგდებდნენ ერაყელ სამხედრო ტყვეებს. სკანდალი, რომელიც ამ ფაქტებს მოჰყვა, ჯერაც არ მინელებულა. ბუშის მიერ არაბულენოვან მედიაში გაკეთებულმა კომენტარებმა კი დიდად ვერ უშველა ამერიკის იმიჯის გამოსწორებას არაბულ სამყაროში.

შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობა არაბულ ქვეყნებში ამ სკანდალამდე ბევრად ადრეც საკმაოდ დიდი იყო. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს რომ, არაბულენოვან მედიაში ბუშის გამოსვლამ ამერიკის უარყოფითი იმიჯი ვერ გამოასწორა.

ოთხშაბათს ბუშმა ორი სხვადასხვა ინტერვიუ მისცა სამაუწყებლო კომპანიებს, "ალ არაბიას" და "ალ ჰურას", რომელთაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უდევთ ბინა. პრეზიდენტმა დაგმო მომხდარი და თქვა, რომ სამართალი აღდგება:

[ბუშის ხმა] "საშინელება მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საქმეს ისე გადავწყვეტთ, რომ დავარწმუნოთ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ მსოფლიოს მოსახლეობაც, რომ ამ ვითარება გამოსწორდება და სამართალი იზეიმებს."

ბუშმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამერიკელი სამხედროს მოქმედება არ ასახავს საერთოდ მთელი არმიის ბუნებას. შეცდომები დემოკრატიაშიც ხდება, მაგრამ სიმართლე გამოაშკარავდებაო, თქვა მან.

მაგრამ ბუშის გამოსვლას განსაკუთრებული ეფექტი არ მოუხდენია არაბულ სამყაროში.

მაგალითად, რეიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა ერაყელმა, ვაჰად მუსტაფა ალ ჯაფმა თქვა:

[ალ ჯაფის ხმა] "ბუშს ბოდიში არ მოუხდია ერაყელი ხალხის წინაშე. იგი ერაყში უნდა ჩამოსულიყო და ბოდიში მოეხადა მსხვერპლთა ოჯახებისთვის. უნდა ეთქვა, რომ წუხს ანდა კომპენსაცია უნდა გადაეხადა მათთვის."

ბუშს ბოდიში მართლაც არ მოუხდია, მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკ ლელანმა თქვა, რომ პრეზიდენტი წუხს მომხდარის გამო.

კატარის სამაუწყებლო კომპანია "ალ ჯაზირას" წარმომადგენელმა ჯიჰად ბალუთმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ბუშის გამოსვლამ მიზანს ვერ მიაღწია, ვინაიდან იგი არ შეხებია ყველაზე მტკივნეულ საკითხს - შეერთებული შტატების პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში.

მისი თქმით, ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის პოლიტიკის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უტეხს სახელს შეერთებულ შტატებს, ვიდრე ციხეში მომხდარი სკანდალი.

ბუშის კრიტიკოსები შენიშნავენ იმ გარემოებასაც, რომ ინტრევიუებისთვის პრეზიდენტმა არ აირჩია ზემოხსენებული "ალ ჯაზირა", რომელიც ყველაზე უფრო ფართოდ მაუწყებლობს არაბულ სამყაროში. "ალ ჯაზირა" ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ ერთობ კრიტიკულადაა განწყობილი.

სამაგიეროდ ერაყელმა ქურთებმა დადებითად მიიღეს ბუშის გამოსვლები. მათი აზრით, ციხის სკანდალი დროებითი მმართველობის მიერ დაშვებული შეცდომებით აიხსნება და არ ასახავს ამერიკის პოლიტიკას ან ღირებულებებს.
XS
SM
MD
LG