Accessibility links

აბაშიძის რეჟიმის დასრულებამ საქართველო სერიოზული ეკონომიკური ზარალისაგან იხსნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტამ ყველაფერთან ერთად ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი ააცილა თავიდან.

როგორ იმოქმედებს ავტონომიის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნება ზოგადად ეკონომიკურ პროცესებზე?

ავტონომია ფაქტობრივად, მოწყვეტილი იყო საკონსტიტუციო სივრცეს და შესაბამისად ფინანსური ნაკადების თუ საბიუჯეტო თანხების კონტროლი ცენტრალური ხელისუფლებისათვის შეუძლებელი იყო. აბაშიძის რეჟიმის ბოლოდროინდელი აგონია, რომელიც ხიდების აფეთქებასა და არაადეკვატურ ქმედებებში გამოიხატა ქვეყნის მიმართ ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიტიურ ინტერესსაც საფრთხეს უქმნიდა. სწორედ ამ საფრთხეზე საუბრობდა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] - „რა შედეგებს გამოიწვევს ეს ეკონომიკის განვითარების ტემპებზე, რანაირი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი და სხვა ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მიმართ ისევ აენთო რაღაც გამაფრთხილებელი ნიშანი, იმიტომ რომ მთელს მსოფლიოში გადის სურათები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვართ ერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში აფეთქებს ხიდებს ".

ანუ ქვეყანა თავისი საინვესტიციო მომხიბვლელობის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ინტერესის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა. ის დაძაბულობა რაც აბაშიძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებობდა პირდაპირ მატერიალურ ზარალშიც გამოიხატებოდა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ექსპერტების გათვლებით, აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო, სატრანზიტო გადაზიდვების შეჩერების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების დანაკარგები რკინიგზის, ბათუმის ტერმინალისა და ნავსადგურის სატრანსპორტო მომსახურების შემოსავლებიდან ყოველდღიურად დაახლოებით საშუალოდ 120 000 დოლარს შეადგენდა. ხოლო ის ზარალი, რაც ამ არაორდინალური სიტუაციის გამო საერთაშორისო საფინანსო წრეებში და პოტენციურ ინვესტორებში თავშეკავების სინდრომით გამოიხატებოდა, გაცილებით მეტი იყო, რომელიც ზოგადად ქვეყნის იმიჯზე მოქმედებდა ნეგატიურად.

აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნებით და აბაშიძის ოდიოზური რეჟიმის დასრულებით უკვე შეიქმნა ეკონომიკური პროცესების ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა. ანუ ის თანხები, რომელიც აბაშიძის რეჟიმს სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტიდან ჰქონდა და რომლიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტს ფაქტობრივად არაფერი ერგებოდა, ამიერიდან კონტროლირებადი ხდება. ეს დამატებითი და არც თუ მცირე შემოსავალია ხაზინისათვის. ის სატრანზიტო ტვირთები, რომელიც ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო გადამისამართებული იყო, ამიერიდან ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. გარდა ამისა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას იმპულსი მიეცემა. წმინდა ეკონომიკური ეფექტის გარდა, რაც უდავოდ, სერიოზულ თანხებში გამოიხატება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ პრობლემის ცივილიზებული გადაწყვეტის პოლიტიკური ნება და რაც მთავარია, რეალიზების უნარი აქვს. ეს კი საერთაშორისო თანამეგობრობის და ბიზნეს წრეების მხრიდან არანაკლები დივიდენდის მომტანია.
XS
SM
MD
LG