Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიწყო აჭარის გაწმენდა ასლან აბაშიძის მემკვიდრეობისგან და რა ელით აჭარის ყოფილი მეთაურის ყველაზე ერთგულ თანამებრძოლებს


აჭარაში ახალი ცხოვრება დაიწყო - ცხოვრება ასლან აბაშიძისა და იმ რეჟიმის გარეშე, რომელიც ნოემბრის "ვარდების რევოლუციამდე" ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობდა.

ახალი ცხოვრება ზეიმით, სახალხო სეირნობით დაიწყო, თუმცა, ზეიმის პარალელურად, დაიწყო აჭარის გაწმენდა აბაშიძის მემკვიდრეობისგან (მემკვიდრეობაში ვგულისხმობთ სისტემას, რომელიც მან დატოვა ). როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა მოთხოვნები წაუყენა ახალმა რეალობამ ბათუმიდან მოსკოვში გაუჩინარებული ყოფილი მეთაურის თანამებრძოლებს?


აჭარის ყოფილი მეთაური ბათუმიდან მოსკოვში შვილთან და აჭარის ყოფილ უშიშროების მინისტრ სოსო გოგიტიძესთან ერთად გაფრინდა. ბათუმში ყოფნის ბოლო ნახევარი საათის მანძილზე მის გვერდით იყო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი. საქართველოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აბაშიძეს მისთვის არაფერი უთქვამს.

[ირინა გოგოსაშვილის ხმა] "ხელზე მეფერებოდა და ხელზე ხელს მიჭერდა. ეს, ალბათ, ნიშანი იყო. არ უთქვამს, ირინა, შენც წამოდი ან ერთად წავიდეთო."

ირინა გოგოსაშვილი ის ჟურნალისტია, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ფოთში მიმდინარე სამხედრო სწავლებისას აჭარის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედების ბრალდებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. დღეს ის მიმალულია და ამბობს, რომ ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ ბათუმში მისი და მისი ოჯახის წევრების დევნა დაიწყო:

[ირინა გოგოსაშვილის ხმა] "მიმალვაში ვართ მეც და ჩემი შვილიც, იმიტომ რომ ბოლო წუთამდე ვრჩები ასლან აბაშიძის დაქალად. ღალატი არ შემიძლია. 15 წლის მანძილზე პოზიცია არ შემიცვლია. "

ირინა გოგოსაშვილი ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს უზრუნველყოს საქართველოდან მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო გასვლა. როცა ეს მოხდება, ის აჭარის ყოფილი მეთაურის სიახლოვეს აპირებს დაბინავებას.

მიმალულები არიან აბაშიძის გარემოცვის სხვა წარმომადგენლებიც, მაგალითად, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში, მეტსახელად ქელფეთა, და ქობულეთის რაიონის ყოფილი გამგებელი ტარიელ ხალვაში. ეს პირები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ასლან აბაშიძის ოპოზიციის მიტინგების დარბევაში. ამდენად, სამართალდამცავებისთვის ისინი საინტერესო მარტო ამ მიზეზითაც შეიძლება იყვნენ. უშიშროების მინისტრის მოადგილეს გიგი უგულავას ტელეფონით ბათუმში დავუკავშირდით. მან დაადასტურა, რომ ძალაში რჩება ხელშეუხებლობის პირობა აბაშიძის იმ ყოფილი თანამებრძოლების მიმართ, რომლებმაც ბოლო მომენტში მაინც თქვეს უარი მის თანამებრძოლობაზე, მაგრამ, როგორც უგულავა განმარტავს, ხელშეუხებლობის პირობით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებსაც კრიმინალთან აქვთ კავშირი:

[გიგი უგულავას ხმა] " თუ საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, ასეთი პირების მიმართ განხორციელდება სისხლის სამართლის დევნა. რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო პირმა დატოვა საქართველო და არ არის გამორიცხული, მათ მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ისინი გამოცხადდნენ ძებნილებად. "

ძებნილად გამოცხადების დიდი შანსი აქვს ასლან აბაშიძესთან ერთად გაქცეულ სოსო გოგიტიძეს. აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრზე უშიშროების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ის ნარკოტიკების ტრანზიტისა და ნარკოტიკების რეალიზაციის მფარველობაშია ეჭვმიტანილი. სამშობლოს ღალატისთვის ძებნილი ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური გენერალი რომან დუმბაძე კი დაკავებულია და თბილისშია გადმოყვანილი. დუმბაძე დააკავეს ბათუმში იქიდან ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც განაცხადა, რომ არ ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს და მხოლოდ აჭარის მეთაურის ბრძანებებს ასრულებს.

აჭარის ყოფილი მეთაურის უახლოესი გარემოცვიდან ბათუმში დარჩნენ ჯემალ გოგიტიძე და როსტომ ჯაფარიძე. ერთი აქამდე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მეორე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მათ მიმართ რაიმე ეჭვები არ გამოითქმება. რაც შეეხება "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" მომავალს:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "ასლან აბაშიძე იყო მისი დამაარსებელი და, ცხადია, ეს პარტია ვეღარ აღორძინდება. "

ეს იყო თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი. შეკითხვას, რა ბედი ელის თბილისში აჭარის წარმომადგენლობას, ის უპასუხებს:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] " ვნახოთ. ეს პარტია არ არის. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ახალი სტრუქტურები, რომლებიც ამ დღეებში შეიქმნება. ვნახოთ, რა იქნება ამ დღეებში. "

ამ დღეებში არა, მაგრამ 5-6 კვირაში აჭარის მოსახლეობა ახალ ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევს.
XS
SM
MD
LG