Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარა ასლან აბაშიძის გაუჩინარების პირველ დღეს


მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის წინ შეკრებილ ბათუმელებს ძალინ სურდათ ხავერდოვანი რევოლუციით მიღებული სიამოვნების გახანგრძლივება, ხუთშაბათს მათ ცხოვრების ჩვეულ რიტმში

დაბრუნება მოუხდათ. მით უფრო, რომ ასლან აბაშიძის ერთპიროვნული მმართველობის 13 წლის შემდეგ აჭარის მოსახლეობას და მათ ახალ ლიდერებს ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარება ნულიდან მოუწევთ.


6 მაისს, ბათუმის ქუჩებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ, აჭარის მოსახლეობის საზეიმო განწყობამ ზენიტს მიაღწია. მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რაიონული ცენტრების მონახულება და რამდენიმე მიტინგზე სიტყვით გამოსვლა სარეკორდო დროში მოასწრო. რადიო "თავისუფლებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მონაკვეთი ტელეფონით ჩაიწერა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თქვენ განსაკუთრებით ღირსეული ხალხი ხართ. მე ვიხრი ქედს თქვენს წინაშე. ეს ბავშვები, რომლებიც აქ არიან, მათ ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ მომავალი. აჭარაში აჭარლები სულ სხვანაირად უნდა ცხოვრობდნენ. თქვენ ერთ-ერთი უნიკალური ხალხი ხართ მსოფლიოში. ის, რაც თქვენ გააკეთეთ ამ დღეებში, ვის გაუკეთებია ასე უსისხლოდ."

იმისთვის, რომ აჭარაში აჭარლები სულ სხვანაირად ცხოვრობდნენ, საქართველოს ხელისუფლებას ასლან აბაშიძის 13 წლიანი მმართველობის დემონტაჟი და პოსტრევოლუციური პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეების - თვითიზოლაციით მიყენებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის - მოგვარება რეკორდულ დროში მოუწევს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ასლან აბაშიძის მიერ დანიშნული კადრების შეცვლა და მმართველობით სტრუქტურებში რეფორმების გატარება უნდა იქცეს. ამ მხრივ, 23 ნოემბრისა და 6 მაისის ხავერდოვანი რევოლუციის გმირთა მიდგომები დიდად არ განსხვადება ერთმანეთისაგან. თამაზ დიასამიძის თქმით, უკვე შეინიშნება გარიგებების მცდელობა ავტონომიის აღმასრულებელ თანამდებობაზე მოხვედრის მსურველთა მხრიდან:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "ისეთი დაჯგუფებები ტრიალებენ უკვე შორიახლოს და ისეთი გამალებით მიმდინარეობს უკვე ლობირება, ხალხის გაქაჩვა და ასე შემდეგ, რომ, ცხადია, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმ დროებითი საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელმაც ამ პროცესების ადმინისტრირება უნდა მოახდინოს."


ეს, ძირითადად, მაინც ავტონომიის მაღალი თანამდებობების პრეტენდენტებზე ითქმის. რაც შეეხება წვრილმან ადმინისტრაციულ პოსტებს, აქ
გამარჯვებული ოპოზიციის წარმომადგენლები პოსტრევოლუციური პერიოდის სირთულეებს უკვე აწყდებიან აჭარის რაიონებში. რესპუბლიკური პარტიის ხელვაჩაურის გამგეობის თავმჯდომარის მურმან დუმბაძის თქმით, ასლან აბაშიძის შემდეგ იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ბევრი ადამიანი უარს ამბობს თანამდებობის დაკავებაზე:

[მურმან დუმბაძის ხმა] "საკმაოდ რთული იქნება სამუშაო ადგილებზე ხალხის გაგზავნა, რადგან უმეტესობა იტყვის უარს იმის გამო, რომ ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები, ანუ "ავგიას თავლა"უნდა ასუფთაო."

მმართველობის დროებითი საბჭოს კომპეტენციისა და წესდების განსაზღვრამდე, აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას დროებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, ხოლო მმართველობით ფუნქციას - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ. ხუთშაბათ დილიდან აჭარის ტერიტორიაზე ამუშავდა ყველა სავაჭრო ობიექტი, დაიწყო მოსახლეობის განიარაღების პროცესი და ასლან აბაშიძის ბრძანებით აფეთქებული ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების აღდგენა, რასაც აჭარის ტერიტორიაზე სავაჭრო ტვირთებისა და ადამიანების შეუფერხებელი გადაადგილება მოჰყვება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG