Accessibility links

ერაყში სამხედრო ტყვეთა შეურაცხყოფის გარშემო სკანდალი ძლიერდება


სულ უფრო მწვავდება სკანდალი ერაყში ამერიკელ ჯარისკაცთა მიერ ერაყელი სამხედრო ტყვეების დამცირების ფაქტებთან დაკავშირებით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინ იცოდნენ ამ ფაქტების შესახებ, მაგრამ საჭირო ზომებისთვის არ მიუმართავთ. ამერიკაში ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის გადაყენებას მოითხოვენ.

ბაღდადის აბუ ღრაიბის ციხეში მომხდარი სკანდალი სერიოზულ პოლიტიკურ გამოცდად ექცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას.

სკანდალმა თავი იჩინა გასულ კვირაში, როცა მასმედიაში გაჩნდა იმის დამამტკიცებელი ფოტომასალა, რომ ზემოხსენებულ ციხეში ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი შეურაცხმყოფელად ეპყრობოდა ერაყელ სამხედრო ტყვეებს. სურათებზე აღბეჭდილი არიან შიშველი ერაყელები დამამცირებელ პოზებში. მათ გვერდით კი მომღიმარი ამერიკელი ჯარისკაცები დგანან.

სკანდალი განსაკუთრებით გამწვავდა, როცა პრესაში გამოჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ ბევრად ადრე იცოდა ციხეში მომხდარი ფაქტების შესახებ, ვიდრე ეს დღემდე იყო ცნობილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ იგი აბუ ღრაიბის ციხეში პატიმართა მდგომარეობას თვალყურს ადევნებს მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მას ამერიკის შეიარაღებული ძალები იყენებენ. ორგანიზაცია, რომელსაც ჟენევაში უდევს შტაბ-ბინა, რეგულარულად აწვდის დასკვნებს შეერთებული შტატების ხელისუფლებას.

პირობის თანახმად წითელი ჯვარი ანგარიშებს უგზავნიდა მხოლოდ ციხის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და იგი უარს ამბობს მათ გახმაურებაზე. ყოველ შემთხვევაში, წითელი ჯვრის განცხადების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ამერიკის ხელისუფლებას ადრევე უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა აბუ ღრაიბში.

წითელი ჯვრის განცხადების პარალელურად ამერიკის პრესაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ბუშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იანვრის დამდეგს უნდა ყოფილიყო საქმის კურსში.

იზრდება შეერთებული შტატების მთავრობაზე ზეწოლა. სულ უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ ვაშინგტონის უნარს, თავი გაართვას ერაყში შექმნილ ვითარებას.

კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოქცეული თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომლის გადადგომასაც მოითხოვს ოპოზიცია. სამხედრო ტყვეთა გარშემო სკანდალმა დიდი ზიანი მიაყენა ამერიკის შეიარაღებული ძალების იმიჯს და ეს მაშინ, როცა ამერიკის ჯარისკაცებს ძალზე ესაჭიროებათ ერაყის მოსახლეობის მხრიდან ნდობა, რათა შეძლოს ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება და ახალი შეტაკებების თავიდან აცილება.

რამსფელდი აქამდე აცხადებდა, რომ პენტაგონი სწორ ნაბიჯებს დგამდა ციხეში მომხდართან დაკავშირებით. დემოკრატიული პარტია კი, მათ შორის კონგრესმენი ჯეიმს მაკდერმოტი, მიიჩნევს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ ზრუნავს თავის ჯარებზე.

[მაკ დერმოტის ხმა] "ერაყში შეჭრა წინასწარ იყო დაგეგმილი. არავინ გვაიძულებდა ომის დაწყებას, არავინ დაგვსხმია თავს. სავსებით ცხადია, რომ არაფერი გვემუქრებოდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს ომის დაწყების დღე და დაიწყეს კიდეც და არ უფიქრიათ იმაზე, იყვნენ თუ არა საამისოდ მზად. მათ არ უზრუნიათ ჯარებზე. ჩვენი დამპალი ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს ჩვენს ჯარებს. იგი უნდა გადადგეს."

მაგრამ ბუშის რესპუბლიკური პარტიის წევრი კონგრესმენები უკუაგდებენ ასეთ მკაცრ შეფასებებს.

[დელეის ხმა] "დემოკრატებს თეთრი სახლის მოგება უფრო სურთ, ვიდრე ომის მოგება და ჩვენმა მტრებმა კარგად უწყიან ეს." ეს გახლდათ რესპუბლიკელი კონგრესმენი ტომ დელეი.
XS
SM
MD
LG