Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალის 538-ე გამოშვება


მარიამ ჭიაურელი, წამყვანი ძვირფასო რადიომსმენელებო,

ახლა "მეათე სტუდიაში" გიწვევთ და ჯერ ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს "ელინოფილია" და რატომ იმართება "ელინოფილური დღეები" საქართველოში. ვისაუბრებთ ბიზნესზე და, ერთი შეხედვით, ნაკლებად სერიოზულ თემაზე - ასტროლოგიაზე... ბოლოს კი მოისმენთ რეპორტაჟს ჰოკეისტების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც (როგორც მსმენელებს შორის სპორტის მოყვარულებმა უთუოდ იციან) ამჟამად პრაღაში მიმდინარეობს. პრაღაშივე "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის სტუდიაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია. მაგრამ ჯერ მაინც საქართველოს მივაშუროთ...

ელინოფილური დღეები საქართველოში
წამყვანი:
საქართველოში 3 მაისს დაიწყო და ერთ კვირაზე მეტხანს გასტანს ელინოფილური დღეები. შესაძლოა, ამ სიტყვას განმარტება არ სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ელინოფილია ბერძენთა სიყვარულს ნიშნავს. ელინოფილურ დღეების გამართვა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა ითავა. დღეები მოიცავს მეცნიერულ მოხსენებებს, გამოფენებს, თეატრალურ და კინოჩვენებებს. მათში ჩაბმული არიან უმაღლესი სასწავლებლები თბილისის მიღმა და საშუალო სკოლები. ელინოფილური დღეების რაობასა და მნიშვნელობაზე დავით პაიჭაძე ესაუბრა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რისმაგ გორდეზიანს.

დავით პაიჭაძე:
"ელინოფილური დღეების ჩატარება არის სიყვარულისა და განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატუება ბერძნული კულტურის, ელადის მიმართ" - ამბობს პროფესორი გორდეზიანი და დასძენს, რომ ქართულ-ბერძნული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შედეგია ბერძნებისა და საბერძნეთისადმი ქართველების გამორჩეული დამოკიდებულება, რომელსაც ასე აღწერს:

[გორდეზაინის ხმა] "ისტორიული გამოცდილების გამო, ბერძენთა მიმართ ჩვენ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იყო მე-19 საუკუნის, რომანტიზმის ეპოქის ევროპაში. ეს გახლავთ დამოკიდებულება ევროპული კულტურის აკვნისადმი, რაც უნდა ჰქონდეს აშკარად ევროპული ორიენტაციის მქონე ქვეყანას".

დღეს, შესაძლოა, უფრო საინტერესო იყოს, რას ხედავს თანამედროვე საქართველო თანამედროვე საბერძნეთში იმის გარდა, რომ ევროპის კავშირის წევრი ეს ქვეყანა, ევროპული კულტურის აკვანია. რისმაგ გორდეზიანის აზრით, ქართველი ბავშვობიდანვე ეხება ბერძნულ რეალიებს, როცა ის, ვთქვათ, ძველ ქართულ ლიტერატურას ეხება, მაგრამ მთავარი ეს არ არის:

[გორდეზაინის ხმა] "ბერძნებთან ურთიერთობისას ვგრძნობთ, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ, მრავალწილ იმ ხალხთან, რომელიც ჩვენი მსგავსია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მენტალიტეტის თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ასეთი განწყობა: საბერძნეთი არის ევროპის გამოჩენილი ქვეყანა - არა ეკონომიკური პოტენციალით, არამედ ტრადიციებით, წარსულით, აწმყოთიც; საბერძნეთის დონე ჩვენ მიღწევად დონედ გვესახება. მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით გაკვეთილია, რადგან ჩვენ შეიძ ება გაგვიჭირდეს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის დონის მიღწევა, მაგრამ საბერძნეთის დონეს, ვფიქრობთ, საქართველომ მალე მიაღწიოს".

პროფესორი გორდეზიანი საქართველოს მიმართ ბერძენთა ინტერესზეც ლაპარაკობს. ამის დასტურია სხვადასხვა ქართული და ბერძნული დელეგაციების ხშირი მიმოსვლა ამ ქვეყნებში და ბერძენი მეცნიერების მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერი კონფერენციები ქართულ-ბერძნული ურთიერთობის საკითხებზე. საბერძნეთის სახელმწიფო და ამ ქვეყნის არაერთი ფონდი ყოველ წელს ფინანსურად ეხმარება კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს. ამ 7 წლის წინათ ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში სწორედ საბერძნეთ ის ხელშეწყობით დაარსდა. ჯერჯერობით იქ მხოლოდ ფილოლოგიურ დისციპლინებს ასწავლიან, მაგრამ რისმაგ გორდეზიანი პროფილის გაფართოებასაც განიზრახავს:

[გორდეზიანის ხმა] "ჩემი დიდი ხნის ოცნება არის ის, რომ ინსტიტუტში შემოვიდეს ქვეყნიოსმცოდნეობა, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის ექსპერტი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც იცის ეკონომიკაც, კულტურაც, ყოფაც, ლიტერატურა, ენაზე აღარაფერს ვამბობ და, საერთოდ, საბერძნეთს იცნობს ძალზე კარგად. მე ვფიქრობ, სადღაც ერთ-ორ წელიწადში ჩვენ აუცილებლად ვიფიქრებთ ამგვარ სპეციალიზაციაზე, თუ სპეციალობაზე არა".
[მუსიკა]

დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ
წამყვანი:
"საუბრები ბიზნესის შესახებ". ასე ჰქვია 8-სერიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის შექმნასა და დაფინანსებაში მონაწილეობდნენ ევრაზიის ფონდი, სტუდია "კვალი", ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პროექტის დირექტორს, კინორეჟისორ გელა კანდელაკს და ფილმის ოპერატორს, გიორგი ყვავილაშვილს ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

[რესპონდენტები: კინორეჟისორი გელა კანდელაკი, კონოოპერატორი გიორგი ყვავილაშვილი]

დაინტერესებულმა მაყურებელმა უკვე იხილა ფილმის ორი სერია ტელეკომპანია "მზის" ეთერით: პირველი სერია მიეძღვნა ბიზნესის არსს. მეორე სერია კი - საკუთრებისა და საკუთრების უფლებას. დანარჩენი 6 სერია ასევე ნაჩვენები იქნება შაბათობით და კვირაობით 11 საათსა და 30 წუთზე.
პროექტის დირექტორმა, გელა კანდელაკმა, ჩემთან საუბარში აღნიშნა:

[კანდელაკის ხმა] "უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ და რომელთა საშუალებითაც შედგა ეს პროექტი. ამავე დროს დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. პირველ რიგში მინდა დავასახელო მამუკა წერეთელი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და არის ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა შემოქმედებითი ჯგუფის სხვა მონაწილეებს. ესენი არიან კინორეჟისორი ლევან ღლონტი, კინოოპერატორი გიორგი ყვავილაშვილი, ძალიან დიდი შრომა გასწია ფილმის მონტაჟის პროცესში ნოდარ ბეგიაშვილმა, მასალა თარგმნა და ჩაწერა მზია კეკელიძემ, ფილმი მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორმა თეიმურაზ ბაკურაძემ".

-ბატონო გელა, ვისთვისაა განკუთვნილი ეს ფილმი და რას შესძენს ის მაყურებელს?

[კანდელაკის ხმა] "ფილმი ძირითადად განკუთვნილია მაყურებელთა ფართო ფენისთვის და არა პროფესიონალებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ბიზნესში მოღვაწეობის დაწყებაზე ან ახალი დაწყებული აქვთ. ფილმში მაყურებელი დაინახავს, რომ ბიზნესი მთლად ის არ ყოფილა, რა შეხედულებაც არის ამის თაობაზე ჩვენში გავრცელებული".

ფილმის რეჟისორმა ლევან ღლონტმა და ოპერატორმა გიორგი ყვავილაშვილმა ორი თვე დაყვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და არაერთ ცნობილ ბიზნესმენს, იურისტსა და ეკონომისტს შეხვდნენ. გიორგი ყვავილაშვილს ვთხოვე შთაბეჭდილებების გაზიარება მუშაობის პროცესსა და სირთულეებთან დაკავშირებით.

[ყვავილაშვილის ხმა] "მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესი იყო. ადამიანები, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. ბევრ მათგანს საქართველოს შესახებ ინფორმაცია აქვს: იციან რა ხდებოდა ადრე საქართველოში და ხდება ახლა. ბევრი ისეთი რამ გავიგეთ, რაც ჩვენთვის დღემდე ცნობილი არ იყო".

-თქვენ არაფერი გითქვამთ სირთულეების შესახებ.

[ყვავილაშვილის ხმა] "ერთია, როცა ადამიანს ელაპარაკები და მეორეა, რომ ეს ნალაპარაკევი აღქმადი იყოს და გასაგები გახდეს მაყურებლისთვის. ამაზე ბევრს ვფიქრობდით მუშაობის პროცესში და ეს ცოტათი ძნელი დასაგეგმი იყო. ამასთან გადაღების მსვლელობაში ძალიან ბევრ ადმიანს ვხვდებოდით და ყველა მათგანი ვერ მოხვდა ფილმში".

დოკუმენტურ ფილმში "საუბრები ბიზნესის შესახებ" მაყურებელი გაეცნობა ისეთ თემებს, როგორიცა იდეის როლი ბიზნესში, ბიზნეს-გეგმა და დაფინანსების გზები, ადამიანის ფაქტორი ბიზნესში, ეთიკა ბიზნესში და სხვა. ფილმის დასკვნითი სერიის სახელწოდებაა "გესაუბრებათ ჰერნანდო დე სოტო". ცნობისათვის: დე სოტო გახლავთ ამერიკის წამყვანი ექსპერტი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის სფეროში.
დაბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია. ფილმის საერთო ხანგრძლივობა სამნახევარი საათია, ამერიკაში კი გადაიღეს 30 საათიანი მასალა. გელა კანდელაკის თქმით,

[კანდელაკის ხმა] "ეს არის ის ინტელექტუალური ფასეულობა, რომელიც ლევანმა და გიორგიმ ჩამოიტანეს ამერიკიდან და აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივმართი საზოგადოებას: დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ფილმის შექმნაში მონაწილე ორგანიზაციებს და ისინი მიასწავლიან მათ, როგორ შეიძლება მიიღონ მთლიანი მასალა ინგლისურ ენაზე".
[მუსიკა]

ლევან ხერხეულიძე: "ასტროლოგისთვის მთავარია ადამიანი"

წამყვანი:
ასტროლოგია ყველგან მოდაშია, მათ შორის საქართველოშიც. ბულვარულ ჟურნალ-გაზეთებში და სერიოზულ პრესაშიც განუწყვეტლივ იბეჭდება ჰოროსკოპები, რომელსაც ძალიან ხშირად არაპროფესიონალები ადგენენ. მკითხველს, როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებს ვინ შეადგინა ჰოროსკოპი და სერიოზულადაც არ აღიქვამს "ვარსკვლავების წინასწარმეტყველებას". ჰოროსკოპის გაცნობა ანეგდოტების კითხვას, თუ კროსვორდის შევსებას ჰგავს. ხალხი, უბრალოდ, თავს იქცევს ჰოროსკოპებით. მაგრამ საქართველოში მოღვაწეობენ ადამიანები, რომელთაც პროფესიონალი ასტროლოგის სახელი აქვთ. ერთ-ერთი მათგანი, პროფესიით არქიტექტორი, გაზეთ "24 საათის" ფოტოჟურნალისტი ლევან ხერხეულიძე, ასტროლოგიას მეცნიერებად მიიჩნევს. ლევანს ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი გვახარია ესაუბრა

ლევან ხერხეულიძე ასტროლოგიამ სკოლიდან გაიტაცა, მაგრამ პროფესიონალ ასტროლოგად, როგორც თავად აღნიშნავს, 1994 წლიდან ჩამოყალიბდა. ამბობს, რომ ცოტათი დაიღალა, რადგან ძნელია სხვების ცხოვრების მუდმივი ანალიზი. ლევანს ვკითხეთ, ეხმარება თუ არა ასტროლოგიური გამოცდილება ფოტოჟურნალისტიკაში

[ლევან ხერხეულიძის ხმა]: 24.6.35 "ჭვრეტის თვალსაზრისით, ალბათ, კი, რადგან ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, როდესაც ვიცი, რომ ვიღებ "მორიელს", მინდა ჩავავლო "მორიელური განწყობა" პორტრეტში"

ეხმარება თუ არა ასტროლოგია ადამიანებთან ურთიერთობაში? ლევანი ამბობს, რომ თავის სიმპატია-ანტიპატიას ყოველთვის იტოვებს და ადამიანებთან იმის მიხედვით არ ურთიერთობს, თუ ვინ "თევზია" და ვინ "მორიელი"... ე.ი. ასტროლოგს პირველ რიგში მოეთხოვება იყოს ჰუმანური? ვეკითხებით ლევანს

[ლევან ხერხეულიძის ხმა]:24.3.20 "პირველ რიგში კორექტული, რადგან ჰუმანური, რომელსაც არა აქვს ზუსტი ფორმულირების უნარი, რომელიც ვერ ხვდება, ვისთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ მაინც არის ჰუმანური... ე.ი. არა მარტო ჰუმანური, არამედ უნდა იყოს ძალიან ზუსტი - კარგი ფსიქოლოგი...3.53 "კარგი ასტროლოგი ადამიანს ეხმარება შეიცნოს თავისი თავი, თუ ეს არ ხდება, ყველაფერი დანარჩენი მძიმე დანაშაულია ადამიანის მიმართ. 2.47 "ასტროლოგები ჩემთვის არიან გაიგივებულნი ფსიქოლოგებთან, რომელთაც შეუძლიათ დაანგრიონ კიდეც ადამიანი. ძლიერ ასტროლოგს შეუძლია ადამიანს შიგნიდან დაუნგრიოს ცხოვრება და ნება შეუსუსტოს..."

ლევან ხერხეულიძეს არ აკმაყოფილებს თანამედროვე ქართული ასტროლოგიის დონე - ჰოროსკოპების პოპულარობა, მისი აზრით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ასტროლოგოას სერიოზულად აღიქვამს

[ლევან ხერხეულიძის ხმა]:1.37"მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ პრიმიტიული ადამიანები კმაყოფილდებიან იმ ფსევდოასტროლოგებით, იმ მეტყველებით, იმ პასუხებით... ანუ ღრმად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის არ აინტერესებს, თუ როდი მოიგებს მანქანას, როდის გათხოვდება და როდის გაუჩნდება შვილი, არამედ აინტერესებს რა ხდება მასში, მათ რომ ეს აუხსნან, ასეთი ხალხი გაცილებით უფრო ნაკლებია 5.15 "რუკაში რომელიც დგება, "ინდივიდუალურ რუკაში, ჩანს ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, როცა ფსიქოლოგი იკვლევს რაღაც კომპლექსს, მან შეიძლება მიაკვლიოს ამ კომპლექსს ან ჩქარა, ან გვიან, მაგრამ ასტროლოგი როცა ხედავს რუკას, ამ კომპლექსს ხედავს მომენტალურად, თუ არის კარგი წამკითხავი... კარგი ასტროლოგი არის ჰუმანისტი, კარგი ფსიქოლოგი და ძალიან ზუსტი ინტერპრეტატორი იმისა, თუ რასაც ხედავს... "

ჩვენი საუბრის დასასრულს ლევან ხერხეულიძეს ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვკითხეთ - მას, როგორც ასტროლოგს, ალბათ იმის "გამოანგარიშებაც" უნდა შეეძლოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. ბოლოს და ბოლოს პოროფესიონალი ასტროლოგის პროგნოზი უფრო საინტერესოა, ვიდრე "ყავაზე მკითხავების" თუ ნათელმხილველების წინასწარმეტყველება... არა და, როგორც წესი, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებთან ინტერვიუ იბეჭდება ხოლმე ქართულ ბულვარულ პრესაში

[ლევან ხერხეულიძის ხმა]:24.4.25 "რელიგია აღიქვამს 7 ასტროლოგიას როგორც დისციპლინას, რომელიც განაგებს ადამიანის მომავალს... გარკვეული თვალსაზრისით ესეა, მაგრამ მე, მაგალითად, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა ყოველთვის პროგნოზები...
7.00 "ასტროლოგები ამბობენ, რომ ნებისმიერ მოვლენას, საგანს, ქვეყანასაც აქვს დაბადების წერტილი, მაგრამ ძალიან რთულია, თუნდაც, საქართველოსთვის განსაზღვრო როდის დაიბადა საქართველო ხელახლა...7.30 ჩემთვის მთავარია ადამიანი და მასთან ურთიერთობა, ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა"
[მუსიკა]

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ამ დღეებში ხომ არ შეგნელებიათ ინტერნეტთან კავშირი? თქვენი კომპიუტერი ყოველ მიზეზ გარეშე თავისით ხომ არ იტვირთება ხელახლა? თუკი ასეა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს კომპიუტერს სჭირს ახალი ჭია სახელწოდებით სასერი.
ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ მეტს კომპიუტერის ამ ახალი დაავადების შესახებ.

ბიძინა რამიშვილი:
ტერმინი "ჭია" იხმარება კომპიუტერის ვირუსების აღსანიშნავად, რომლებიც ავტომატურად ვრცელდება ან ელექტრონული ფოსტის ანდა პირდაპირი ქსელური კავშირის გზით.
სასერი პირველად გასული კვირის ბოლოს გამოჩნდა. იგი Microsoft Windows 2000 NT და XP საოპერაციო სისტემებს ესხმის თავს და ჯერჯერობით მისი მოთოკვა ვერ ხერხდება.
სასერი ძალზე სწრაფად ვრცელდება, ვინაიდან იმისთვის, რომ იგი კომპიუტერს შეეყაროს, არ არის საჭირო, რომ მომხმარებელმა მასზე რაიმე ოპერაცია ჩაატაროს, მაგალითად, გახსნას ელექტრონული ფოსტის დანართი. იგი ისეა დაპროგრამებული, რომ უბრალოდ ეძებს ინტერნეტის ქსელში კომპიუტერს, რომელიც შეიძლება დააავადოს.

მოუსმინეთ ვირუსების ექსპერტს სან ფრანცისკოდან გრეგ დეის:
[დეის ხმა] "მომხმარებელი, აგრეთვე კორპორაციები, ამჩნევენ ამ თავდასხმებს. ადამიანის ქმედება არ არის საჭირო მანქანიდან მანქანაზე მისი გადასვლისთვის, ვინაიდან იგი შეუმჩნევლად მოგზაურობს ქსელში, იგი სინჯავს სხვა მანქანებს, წარმოშობს ჭარბ მიმოქცევას."

მონაცემთა ჭარბი მიმოქცევა გავლენას ახდენს ისეთ სისტემებზეც, რომლებიც დამოუკიდებელია Windows-ისგან. სასერის ტიპის ვირუსები, ცხადია, უხერხულობას უქმნის კერძო მომხმარებელს, მაგრამ მან შეიძლება სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდოს ეკონომიკისა და სამოქალაქო სექტორები.

მაგალითად, ავსტრალიაში სასერმა ბანკის კომპიუტერული სისტემა ისეთ დღეში ჩააგდო, რომ თანამშრომლები იძულებული გახდნენ, კალმისტრითა და ქაღალდით აღჭურვილიყვნენ ანგარიშების საწერად.

ბრიტანეთში სანაპიროს დაცვის კომპიუტერული სისტემა მოიშალა და რადგან თანამშრომლებს კომპიუტერულ რუკებზე ხელი ვეღარ მიუწვდებოდათ, საცავებიდან გამოიტანეს ძველი, ქაღალდზე დაბეჭდილი რუკები.

გერმანიაში მძიმედ დაზიანდა რამდენიმე ათასი კომპიუტერისგან შემდგარი საფოსტო სამსახურის ქსელი. ბრიუსელში ევროპის კომისიის 1000-ზე მეტი კომპიუტერი გამოვიდა მწყობრიდან.

[ჰიპონენის ხმა] "პრობლემა ძალიან სერიოზულია, ვინაიდან, მსგავსი ვირუსების ზემოქმედება კომპიუტერულ ქსელებს სცდება. ზოგიერთი ამგვარი პრობლემის მიზეზი ისაა, რომ დღეს მრავალი კრიტიკული სისტემა მუშაობს Windows-ის ბაზაზე და თუკი Windows-ზე მომუშავე მანქანები ასეთ ორგანიზაციაში უკონტროლოდ იწყებენ ხელახლა დატვირთვას, ცხადია, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები შეიძლება შეიქმნას." ეს გახლდათ კომპანია F-Secure-ის თანამშრომელი მიკო ჰიპონენი.

კომპანიები იმედოვნებენ, რომ სასერით გამოწვეულ პრობლემებს ნელ-ნელა უმკლავდებიან და მალე ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ რაც შეეხება კერძო მომხმარებლებს, ექსპერტების აზრით, ის მანქანებია განსაკუთრებით მგრძნობიარე ახალი ვირუსის მიმართ, რომლებსაც არა აქვს ე.წ. "ეკრანული დამცავი სისტემა", რომლებსაც Windows-ი არ განუახლებიათ უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე, და რომლებიც საზოგადოებრივ ინტერნეტთან არიან დაკავშირებული. ექსპერტების აზრით, საქმეს შველის "ეკრანული დამცავი სისტემისა" და ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსიის დაყენება.

ჰიპონენის თქმით, შესაძლოა, ვირუსი სასერი რუსეთიდან მომდინარეობდეს: [ჰიპონენის ხმა] "თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვირუსების ჯგუფი 'ნეტსკის' ნახელავია, რომელიც რუსეთში მოქმედებს. თავად ჯგუფის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. არ ვიცით, რამდენი წევრია მასში. არ ვიცით რუსეთში საიდან მოქმედებენ ისინი. მაგრამ ეს არის ჯგუფი, რომელმაც მარტო წელს 30-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსი გაარვცელა."

ჰიპონენი ფიქრობს, რომ დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული კომპიუტერული ვირუსიც "ნეტსკაიდან" უნდა მომდინარეობდეს.

სასერთან დაკავშირებით როგორ არის საქმე საქართველოში? ამ თემაზე კომენტარი ვთხოვე კომპანია "სანეტის" მენეჯერს, სანდრო ჯინორიძეს, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდი პრაღიდან. წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი სატელეფონო კავშირისთვის.

იხ. აუდიოვერსია.

"მეათე სტუდია" (538) 07.05.04
იარომირ იაგრი და Co. - ოპერაში და ყინულზე


[მუსიკა. ნაწყვეტი ოპერა "ნაგანოდან"]

მარიამ ჭიაურელი:
როგორ ფიქრობთ, რა კავშირი აქვს ამ მუსიკას ჰოკეისთან? დარწმუნებული ვარ, ვერ მიხვდებით. თუმცა, დიდხანს არ გაწვალებთ და თავიდანვე გეტყვით: თქვენ უსმენთ ნაწყვეტს ოპერიდან "ნაგანო", რომლის პრემიერა დიდი წარმატებით შედგა 8 აპრილს პრაღის უძველეს თეატრში - "სტავოვსკე დივადლოში". მას შემდეგ, ამ ერთი თვის მანძილზე გამართული ყველა წარმოდგენა ისეთი ანშლაგით მიმდინარეობს, რომ დავით კაკაბაძემ, დიდი მეცადინეობის მიუხედავად, ბილეთი ვერ იშოვა.

დავით კაკაბაძე:
დიახ, ბილეთი მართლაც ვერ ვიშოვე. არადა, ძალიან მაინტერესებს ამ სპექტაკლის ნახვა. და აი, რატომ: კომპოზიტორ მარტინ სმოლკას ახალი ოპერის გმირები არიან ჩეხი ჰოკეისტები - ნაგანოს 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გმირები: იარომირ იაგრი, დომინიკ ჰაშეკი, ვლადიმირ რუჟიჩკა და სხვები. ჰოკეი ჩეხეთში გამორჩეულად პოპულარული სპორტის სახეობა რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ჰოკეისტები ოპერის პერსონაჟებად თუ იქცეოდნენ, პირადად მე, გამოგიტყდებით, ვერ წარმომედგინა.

თავად მარტინ სმოლკა, 45 წლის ჩეხი კომპოზიტორი და ჰოკეის დიდი გულშემატკივარი, ასე უპასუხებს შეკითხვას, თუ რამ გადააწყვეტინა ჰოკეის თემაზე ოპერის დაწერა:

მარტინ სმოლკა: "რამდენჯერ ყოფილა, რომ ოპერაში მოგვიწყენია, შევუწუხებივართ გაუთავებელ არიებს. ჩვენს წარმოდგენაში ყველაფერი გაცილებით უფრო სწრაფად, ცოცხლად ცდება. ზუსტად ისე, როგორც ჰოკეიშია - ჰოკეისტები ყინულზე მხოლოდ ცოტა ხნით გამორბიან, მერე კი მათ თანაგუნდელები ცვლიან. ასევეა აქაც - ყოველ მომღერალს მოკლე, მაგრამ ინტენსიური პარტია აქვს."

ასე ხსნის ოპერა "ნაგანოს" ავტორი, ჩეხი კომპოზიტორი მარტინ სმოლკა იმას, თუ რატომ გაუჩნდა სურვილი, ჰოკეიზე საოპერო ჟანრის ნაწარმოები შეექმნა.
მაგრამ ახლა "სტავოვსკე დივადლოს" სცენიდან პრაღის ახალთახალი სპორტის სასახლის - "საზკა არენის" ყინულზე გადავინაცვლოთ.

[სპორტის სასახლის ხმაური]

ამ დღეებში ჩეხეთი ჰოკეისტთა 68-ე მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. შაბათს ნახევარფინალური მატჩებია, კვირას - ფინალი. თვითონ ჩეხები კი ოქროს მედლებისთვის მებრძოლთა რიცხვს გამოაკლდნენ: ოთხშაბათს საღამოს, უაღრესად დრამატული შეხვედრის შემდეგ, ისინი მხოლოდ მატჩისშემდგომი ბულიტების სერიაში დამარცხდნენ აშშ-ის ნაკრებთან.
მაგრამ ამ თამაშის სანახავად მე "საზკა არენაში" არ წავსულვარ.


[ხმაური, შეძახილები]

ჩვენ ახლა ვიმყოფებით პრაღის მთავარ მოედანზე, სტარომესტსკე ნამესტიზე, სადაც ქალაქის მერიამ ორი უზარმაზარი ტელეეკრანი დაამონტაჟა და მიმდინარეობს ჩეხეთისა და აშშ-ის ჰოკეისტთა მეოთხედფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი. ეს მოედანი სავსეა ხალხით, არც ვიცი რამდენი ათასია - ამის თქმა ძალიან ძნელია. დამატებითი დრო მიმდინარეობს და ყველას იმედი აქვს, რომ ჩეხები მოახერხებენ გოლის გატანას და ნახევარფინალში გასვლას. ეს რომ არ მოხდეს, ჩეხებისთვის ალბათ ტრაგედია იქნება.


როგორც უკვე გითხარით, აქ რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ზოგი აქ იმიტომ მოვიდა, რომ განუმეორებელი ატმოსფეროა, ზოგი კი უბრალოდ იმიტომ, რომ ბილეთი ვერ იშოვა. აი, ახლა ძალიან სახიფათოდ უტევდნენ ჩეხები, მაგრამ ამერიკელების მეკარემ იმარჯვა და გადაარჩინა თავისი გუნდი. მე ახლა მინდა ვკითხო გულშემატკივართა ერთ ჯგუფს, რატომ არიან აქ: რისთვის მოვიდნენ - ამ ატმოსფეროსთვის, თუ იმის გამო, რომ ბილეთი ვერ იშოვეს?


[ახალგაზრდა კაცის ხმა]

ეს ახალგაზრდა მეუბნება, სტუდენტები ვართ და შავ ბაზარზე ბილეთები ძალიან ძვირია - 100-150 ევროს აღწევსო. არა უშავს, ძველი პრაღის მთავარ მოედანზე განუმეორებელი ატმოსფეროა-მეთქი, ჩემი ჭკუით ვცდილობ, დავამშვიდო. გეთანხმებით, მაგრამ იმ ატმოსფეროს, რომელიც "საზკა-არენაშია", მაინც ვერ შეედრებაო, მეუბნება თანამოსაუბრე. მერე პროგნოზის გაკეთებას ვთხოვ. რა თქმა უნდა, ჩეხეთი მოიგებსო.

[ახალგაზრდა კაცის ხმა]

ამავე შეკითხვით, ვინ მოიგებს - ჩეხეთი თუ შეერთებული შტატები-მეთქი, სხვებსაც მივმართე. პასუხი ერთსულოვანია - ჩეხეთი!

[ხმები, ხმაური, შეძახილები]

აი, ასე ტემპერამენტიანად გულშემატკივრობენ თავიანთ საყვარელ ჰოკეისტებს ეს აოცთუ მაინცდამაინც ტემპერამენტიანი ჩეხები. ყოველ შემთხვევაში, ასეა ცნობილი, რომ ჩეხები დიდი ტემპერამენტით არ გამოირჩევიან სამხრეთელებისგან განსხვავებით.

და საოცრად დიდია იარომირ იაგრის პოპულარობა! შეკითხვაზე, ვინ არის ჩეხეთის საუკეთესო ჰოკეისტი, ალბათ ათიდან რვა კაცი გიპასუხებს, იაგრიო.

[ხმები, ხმაური, შეძახილები: "იაგრი! იაგრი"!]

თვითონ იარომირ იაგრი ამერიკელებთან წაგების შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად იყო გულდაწყვეტილი: 32 წლის ვეტერანს ჰქონდა შანსი, პირველი ჩეხი გამხდარიყო, ვინც ჰოკეის ეგრეთ წოდებულ "დიდ სლემს" დაეუფლებოდა: სტენლის თასსა და ოლიმპიურ ოქროს მედალს მსოფლიო ჩემპიონის წოდებასაც დაუმატებდა. ვინ იცის, იქნებ ეს ოცნება სამუდამოდ დაიმსხვრა...

იარომირ იაგრი: "არავითარი დასკვნების გაკეთება არ მინდა. მაგრამ ახალგაზრდა აღარ მეთქმის, უკვე 32 წლის ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ წარიმართება ჩემი კარიერა. ახლა ვერაფერს გეტყვით."

[ხმები, ხმაური, შეძახილები]

თამაშის მეორე დღე. ხუთშაბათი. სტუმრად ვარ პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე მდებარე "იარომირ იაგრის სპორტ-ბარში", რომელიც ძალიან ჰგავს თბილისში, "დინამოს" სტადიონის გვერდით შარშან გახსნილ და უკვე ძალიან პოპულარულ "სპორტ-კაფეს". აქ გამოფენილია იარომირ იაგრის მიერ მოპოვებული სხვადასხვა სახის ჯილდოები, მედლები, თასები... მისი მაისურები ციფრით "68" იმ პერიოდებიდან, როცა იგი "პიტსბურგ პინგუინზში" და "უოშინგტონ კეპიტალზში" თამაშობდა... აქვეა ამჟამინდელი, "ნიუ იორკ რეინჯერსის" მაისურიც...

"იაგრის ბარის" ადმინისტრატორს ვეკითხები, ამერიკელებთან წაგებამ ბარის სტუმრების რაოდენობაზე ხომ არ იმოქმედა-მეთქი.

ადმინისტრატორი: "ხალხი ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ეს არის და ეს. ჩვენს ბარში სტუმრების ნაკლებობას არ ვუჩივით და ამ მხრივ ეს მარცხი არაფერს შეცვლის."

ბუნებრივია, მაინტერესებს, თავის სპორტ-ბარს თვითონ იარომირ იაგრიც თუ სტუმრობს ხოლმე. ახლა იაგრი "ნიუ იორკ რეინჯერსში" თამაშობს და ჩეხეთში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

ადმინისტრატორი: "ძირითადად ზაფხულში მოდის ხოლმე, როცა შვებულებაშია ჩეხეთში. დედასთან ერთად, სავახშმოდ შემოივლის ხოლმე, წელიწადში, ასე, სამჯერ-ოთხჯერ. დროდადრო ჩვენთან ერთად აღნიშნავს ბარის დაბადების დღეს, ან წლის საუკეთესო ჰოკეისტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობს."

როგორ ფიქრობთ, თქვენი სპორტ-ბარი იარომირ იაგრის სახელს რომ არ ატარებდეს, მაინც ასეთი პოპულარული იქნებოდა-მეთქი, ვეკითხები ჩემს მასპინძელს.

ადმინისტრატორი: "ალბათ, ასე პოპულარული არ იქნებოდა. თუმცა რა ვიცი, ძნელი სათქმელია. ხედავთ, ირგვლივ რამდენი დიდი და პატარა ტელეეკრანია? ხალხი აქ სპორტის სიყვარულს მოჰყავს. მაგრამ, ცხადია, იაგრის სახელი მთელ მსოფლიოში ცნობილია და გამორიცხული არ არის, ვინმე კანადელი ან ამერიკელი მხოლოდ მას შემდეგ შემოდიოდეს ჩვენთან, რაც აბრაზე იაგრის სახელს წაიკითხავს."

ამასობაში, "იაგრის ბარის" უზარმაზარ ტელეეკრანზე მიმდინარეობს სლოვაკეთისა და შვეიცარიის მეოთხედფინალური მატჩის რეპორტაჟი. შეჯიბრებიდან ჩეხეთის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ სლოვაკებს ერთ დროს სახელოვანი ჩეხოსლოვაკიური ჰოკეის პრესტიჟის დაცვა ამ ჩემპიონატში სწორედ სლოვაკებს დაეკისრათ. გამოვესაუბრე ერთ-ერთ სლოვაკ გულშემატკივარს.

სლოვაკი გულშემატკივარი: "პრაღაში იმისთვის ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს. ჩემი აზრით, საუკეთესო შანსი გვაქვს, ისევე, როგორც შარშანწინ, ოქროს მედლები მოვიპოვოთ. სამწუხაროა, რომ ჩეხეთი ჩემპიონატს გამოეთიშა, ძალიან გვინდოდა, ფინალში ჩეხებს შევხვედროდით."

ფინალი ჩეხეთი-სლოვაკეთი, სამწუხაროდ, არ შედგება. ასე რომ, იმ გულშემატკივრებს, ვისაც ჩეხი ჰოკეისტების საგმირო საქმეების ხილვა მოენატრება, "სტავოვსკე დივადლოში" ოპერა "ნაგანოზე" ბილეთის შოვნა მოუწევს.

[მუსიკა. ნაწყვეტი ოპერა "ნაგანოდან"]

წამყვანი:
"ჰოკეი არის ჩვენი ცხოვრება, ჰოკეი არის ჩვენი სამყაროო" - მღერიან პრაღის უძველესი თეატრის - "სტავოვსკე დივადლოს" გუნდის მომღერლები. მუსიკალური ნაწყვეტით ოპერა "ნაგანოდან" - ჰოკეის თემაზე შექმნილი მსოფლიოში ალბათ ამ ერთადერთი ოპერიდან - ვამთავრებთ დღევანდელ "მეათე სტუდიას". ეს სპორტულ-მუსიკალური რეპორტაჟი კი დავით კაკაბაძემ მოამზადა.
XS
SM
MD
LG