Accessibility links

logo-print

როგორ აპირებს აჭარის მართვას საპრეზიდენტო დროებითი საბჭო


პარასკევ საღამოს აჭარის კურორტ ბობოყვათში, ეროვნული დროშებისა და შავ ზღვაში მოდარაჯე სარაკეტო ფლაგმან "დიოსკურის" ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის

დროებითი საბჭოს შემადგენლობა დაასახელა. როგორც მუშაობის პირველმა დღემ აჩვენა, შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებებით აღჭურვილ 19 კაციან ორგანოს, რომელმაც ავტონომიას მომავალ არჩევნებამდე უნდა უხელმძღვანელოს, ძალიან რთული სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მოუხდება. ამ ამოცანის შესასრულებლად კი საჭიროა ფინანსური რესურსები, რომლის მოზიდვასაც საქართველოს ხელისუფლება, პირველ ხანებში, ასლან აბაშიძის ქონების აუქციონზე გაყიდვით შეეცდება.


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დამტკიცებული 19 კაციანი გარდამავალი საბჭოს შემადგენლობა აჭარის მკვიდრი პოლიტიკოსებისაგან დაკომპლექტდა. აჭარის ტერიტორიაზე შემოღებულია პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა, რომელზეც, სააკაშვილის განკარგულებით, რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 32 წლის ლევან ვარშალომიძე დაინიშნა. პარალელურად, დათხოვნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი, რომელსაც აჭარაში ასლან აბაშიძის მიერ დანიშნულს უწოდებდნენ. ერთი სიტყვით, მთელ ძალაუფლებას აჭარაში ახლა დროებითი საპრეზიდენტო საბჭო და რწმუნებული ახორციელებენ. ამ საბჭოში შედის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც რადიო "თავისუფლება" ბათუმში დაუკავშირდა, რათა გაეგო, თუ რა ამოცანები დგას საბჭოს წინაშე:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "უმთავრესი ამოცანებია: არჩევნებისათვის მომზადება, დაუბრუნდეს საზოგადოებრივი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს და, მესამე, საჭიროა ამოივსოს ის სოციალური უფსკრული, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმმა დატოვა. და ეს უნდა ამოივსოს კონკრეტული საქმეებით."

ასლან აბაშიძის მიერ საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად შემოღებულმა თვითიზოლაციის პოლიტიკამ აჭარის ავტონომია ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. არმაზ ახვლედიანის თქმით, მოსახლეობისათვის ვითარების შესამსუბუქებლად 8 მაისიდან ამოქმედდება სხვადასხვა ჰუმანიტარული პროგრამა. მათ შორის, დაიწყება აჭარაში სასუქის შეტანა, რომლის მიღებაზეც ასლან აბაშიძემ თავის დროზე უარი განაცხადა. შაბათსვე თითქმის დასრულდა ქაქუთის ხიდის აღდგენა, რომელიც, ასლან აბაშიძის ბრძანებით, 30 აპრილს ჩოლოქის ხიდთან ერთად ააფეთქეს. ამასთან, მიუხედავად აჭარაში ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლისა, პირველსავე დღეებში დროებითი ადმინისტრაცია სერიოზულ პოსტრევოლუციურ სინდრომს აწყდება. გამარჯვებული პოლიტიკური ძალები უნდობლობით არიან გამსჭვალულნი მათ მიმართ, ვინც ასლან აბაშიძის რეჟიმს არ გაემიჯნა. ამ პრობლემის გადაწყვეტა აჭარის დროებითი ადმინისტრაციის წევრ არმაზ ახვლედიანს სამოქალაქო ინტეგრაციის გზით ესახება:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "ჩემი წინადადება არის - და მე საბჭომ დამიჭირა მხარი - ვიფიქროთ სამოქალაქო ინტეგრაციაზე. იმიტომ რომ, არ შეიძლება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, თუ გუშინ ვინ სად იდგა."

გარდა ამისა, აჭარის დროებით ადმინისტრაციას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოუხდება იმ ფინანსური სახსრების ინვენტარიზაცია, რაც აჭარაში ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ დარჩა. თუმცა, ადმინისტრაციის წევრები წინასწარვე დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თანხები მიზერული იქნება და მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საბჭოს, პირველ ეტაპზე, აუცილებლად დასჭირდება ფინანსური ინექციები ცენტრიდან. პირველ დახმარებას კი აჭარის მოსახლეობას საქართველოს გენერალური პროკურატურა საკუთარი ხელწერით ჰპირდება. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში აუქციონზე გაიყიდება ასლან აბაშიძის ქონება, სხვათა შორის - ძვირად ღირებული "ჰამერები" და ჯიშიანი ნაგაზები ავტონომიის ყოფილი მეთაურის ცნობილი ძაღლთსაშენიდან.
XS
SM
MD
LG