Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგენდარული ქართველი, რომელმაც რუსეთს ანტისარაკეტო ფარი შეუქმნა


9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს საქართველოშიც აღნიშნავენ.

მაგრამ მეორე მსოფლიო ომის თითებზე ჩამოსათვლელ ქართველ ვეტერანებს შორის არ იქნება გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე. 1945 წელს გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება თავად იოსებ სტალინმა მიანიჭა. მის სახელს ატარებს ქალაქ მირნის ერთ-ერთი პარკი, ხოლო ინტერნეტში გახსნილია სპეციალური საიტი, სადაც გალაქტიონ ალფაიძე მე-20 საუკუნის უდიდეს მხედართმთავრებს შორის მოიხსენიება. 90 წელს მიტანებული ქართველი კაცი, რომლის წინაშეც დღემდე ქედს იხრის რუსეთის სამხედრო ელიტა, ლოგინად არის ჩავარდნილი და, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი, რუსეთის ქალაქ რიაზანში ცხოვრობს. როგორ და რით მიაღწია ასეთ აღიარებას საქართველოში დაბადებულმა კაცმა? მასალის მზადებისას გალაქტიონ ალფაიძეს რიაზანში დავურეკე.


საბჭოთა კავშირის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე 1916 წელს ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსებში, დაიბადა. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ 15 წლის ჭაბუკი კურსების გრანიტის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა, 1938 წელს კი სამხედრო კარიერა აირჩია და თბილისის საარტილერიო სასწავლებელში კურსანტად ჩაირიცხა. 1940 წელს, ფინეთის საზღვარზე მომხდარი მოვლენების გამო, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს ვადამდე მიანიჭეს წოდებები და საზღვარზე გადაისროლეს. ამ ჯგუფში იყო ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე, რომლის საბრძოლო ბიოგრაფია სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. აი, როგორ გაიხსენა საკუთარი საბრძოლო გზა გენერალ-ლეიტენატმა გალაქტიონ ალფაიძემ რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] "ომის პირველი დღეებიდან მე ვიყავი ვორონეჟში, საპოლკო ქვემეხების ბატარეის მეთაური. ომი მე მოსკოვის მისადგომებთან დავიწყე, ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვის ბრძოლებში. შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინის გათავისუფლების ბრძოლებში, დნეპრის ფორსირება მოვახდინე, ბრძოლებით გავიარე ბელორუსია, ბულგარეთი, რუმინეთი და ომის დასრულებას ავსტრიაში შევხვდი."

1945 წლის 28 აპრილს, მეორე მსოფიო ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე, გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება იოსებ სტალინმა მიანიჭა მოსკოვის დაცვის, დნეპრის გადალახვისა და ავსტრიის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. ავსტრიის ეპიზოდში პოლკმა, რომელსაც მაიორი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანელობდა, მწყობრიდან გამოიყვანა ათი გერმანული "ვეფხვი" და გაანადგურა რამდენიმე ტყვიამფრქვევის ძოტი. თუმც თავად გალაქტიონ ალფაიძემ მძიმე კონტუზია მიიღო და ბრძოლის წარმატებით დასრულების შესახებ მხოლოდ ლაზარეთში შეიტყო.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა გალაქტიონ ალფაიძემ შთამბეჭდავი სამხედრო გზა გაიარა და კარიერა გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. მაგრამ მისი მხედრული ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობაში შეტანილი წვლილი, სადაც გალაქტიონ ალფაიძე მთავარ კონსტრუქტორად მუშაობდა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ გალაქტიონ ალფაიძე იმ თითებზე ჩამოსათვლელ ქართველ მხედართმთავართა რიცხვში შედის, რომლებმაც სამხედრო ტექნიკის განვითარებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ნაწილი ქართველებისა იღვწოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებისათვის, ნაწილი კი -შეერთებული შტატების. როგორც მაგალითად, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელმაც პირველი ამერიკული ტაქტიკური ბომბის გადამტანი თვითმფრინავი შექმნა.. ხოლო ჩვენი თანამემამულე გენერალი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანელობდა პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობას და შემდგომ ამ კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლების გაშვებას."

მაგრამ რა ადგილი უჭირავს საქართველოს გალაქტიონ ალფაიძის ცხოვრებაში? ჩვენს სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც სულ ორ წუთს გაგრძელდა ჩემი რესპონდენტის მძიმე ავადმყოფობის გამო, გალაქტიონ ალფაიძემ მოასწრო ეკითხა ჩემთვის, თუ როგორ დამთავრდა აჭარის კრიზისი და სად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც მან "ჩვენი პრეზიდენტი" უწოდა. ძნელი სათქმელია, გაახსენდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ რიაზანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე 9 მაისის დღესასწაულის მისალოც ადრესებში. მაგრამ, როგორც თბილისში მცხოვრები გალაქტიონ ალფაიძის ძმის შვილი რამაზ ალფაიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსეთში გაატარა, მისი სახელოვანი ბიძა სულით ხორცამდე ქართველად დარჩა:

[რამაზ ალფაიძის ხმა] "გალაქტიონი იყო და არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ერთხელ, მახსოვს, სახლში მივედი და ვუთხარი, ქვემოთ მეგობარი მელოდება, უნდა ვიჩქარო- მეთქი. და ძალიან მეჩხუბა - რას ქვია, კაცი მანქანაში დატოვე, ახლავე ჩადი და ამოიყვანეო. როცა მასთან ვცხოვრობდი, გვიანობამდე მელოდა და სანამ არ მივიდოდი, საჭმელს არ შეჭამდა."

90 წელს მიღწეული გენერალი გალაქტიონ ალფაიძე ამჟამად ქალაქ რიაზანში შვილთან და შვილიშვილთან ერთდ ცხოვრობს. მხედართმთავარს, ვისაც რუსეთის სამხედრო ელიტა დღემდე თაყვანს სცემს, ცოტა ხნის წინ ქირურგებმა ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ფაშიზმზე გამარჯვების 69 -ე წლისთავს გალაქტიონ ალფაიძე - მეორე წელია, ლოგინად ჩავარდნილი - თითქმის მარტოობაში ხვდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG