Accessibility links

logo-print

კადიროვის მკვლელობა-შეტევა კრემლის ჩეჩნურ პოლიტიკაზე


10 მაისს ჩეჩნეთის პრომოსკოური პოლიტიკის მიმდევარი პრეზიდენტი ახმად კადიროვი მშობლიურ ქალაქ ცენტოროიში დაკრძალეს. ჯერ-

ჯერობით კვლავაც უცნობია, ვის მიერ იყო ორგანიზებული აფეთქება, რომელმაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის გარდა, 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა ჩეჩნეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეც. ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან მასხადოვმა დღეს კატეგორიულად უარყო კავშირი ტერორისტულ აქტთან. მისი თქმით, ძალადობით ჩეჩნეთის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.თუმცა იმის მიუხედავად, ვინ დგას 9 მაისს ჩეჩნეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერორისტული აქტის უკან, ცხადია, რომ რუსეთის ჩეჩნური პოლიტიკა კვლავ ჩიხში შევიდა. აქამდე, კადიროვის რვათვიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზება დაიწყო.

9 მაისს, გროზნოს ცენტრალურ სტადიონზე, ფაშიზმის დამარცხების წლისთავისადმი მიღძვნილ საზეიმო ცერემონიალზე მომხდარმა აფეთქებამ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ახმად კადიროვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, ახმად კადიროვის მკვლელობა პირველ რიგში, კრემლის ჩეჩნურ პოლიტიკაზე შეტევად უნდა შეფასდეს. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ექსპერტის, კირილ კოკტუშის თქმით, პუტინის ჩეჩნური პოლიტიკა მთლიანად კადიროვის პრეზიდენტობას ეყრდნობოდა.

[კირილ კოკტუშის ხმა]" კადიროვზე იყო მიბმული მთელი ის ლეგალური სისტემა, რომელიც ჩეჩნეთში არსებობდა. გასაგებია, რომ ამ სისტემას აღადგენენ, მაგრამ საკითხავია რა საფუძველზე მოხდება ეს, ვის დაეყრდნობიან. კადიროვი ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო."

ცენტრალური პოლიტიკური ძალაუფლების დეფიციტის პირობებში, კოკტუშის აზრით, ჩეჩნეთში დაპირისპირება და ბრძოლები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ჩეჩენთა ერთი ნაწილი კადიროვს მოსკოვის მარიონეტად განიხილავდა. თუმცა მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ იგი მიეკუთვნებოდა საკმაოდ გავლენიან კლანს, რომელიც სისხლიან შურისძიებას არ მოერიდება.

ამასვე ფიქრობს ყაზახეთის ჩეჩნური დიასპორის თავმჯდომარე და ამავდროულად მსოფლიოს ჩეჩენთა კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე ახმედ მურადოვი.

[ახმედ მურადოვის ხმა]" კადიროვი იყო ძალზე თამამი, გაბედული, ძლიერი ჩეჩენი. მას მართლაც კარგად ესმოდა ჩეჩნეთის პრობლემები. მაგრამ ის მოატყუეს, ესაა სამწუხარო. უკვე მისი შვილიც გარეულია ამ საქმეებში. ახლა სისხლიანი შურისძიება დაიწყება-შვილმა მამის მკვლელებს პასუხი უნდა გასცეს-ესკალაცია კი სულ უფრო შორს წავა. წარმოდგენაც კი შემზარავია იმისა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ აფეთქებას."

52 წლის ახმად კადიროვი ჩეჩნეთის მოსახლეობაში არაპოპულარული პრეზიდენტი იყო. მის მიერ შექმნილი კერძო პოლიციური დაჯგუფება, რომელიც ყოფილი მეამბოხეებისა და კლანის ერთგული ადამიანებით დაკომპლექტდა, მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა. ამ ჯგუფს მიაწერდნენ ისეთ მძიმე დანაშაულებებს, როგორიცაა ადამიანთა გატაცება, წამება. ჩეჩნეთის მოსახლეობა რუს ჯარისკაცებს მეტად ენდობოდა, ვიდრე კადიროვის დაჯგუფების წევრებს, რომელთა რიცხვი მთლიანობაში 4000 მებრძოლს უტოლდება. კადიროვის ვაჟი რამზანი ამ პოლიციური ჯგუფის მეთაურია, იგი ითვლებოდა კადიროვის კერძო საპატიმროს ხელმძღვანელადაც.

როგორც რადიო "თავისუფლების" რუსული რედაქციის კორესპონდენტი, ანდრეი ბაბიცკი შენიშნავს, კადიროვის მკვლელობის შემდეგ ექსპრეზიდენტის დასაცავად შექმნილი კერძო დაჯგუფება თვითდინების მდგომარეობაში აღმოჩნდება. რასაც დემორალიზებული, გაბრაზებული მებრძოლების შურისძიების მზადყოფნა მოჰყვება.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა]"მე ვფიქრობ რომ ვენდეტა გარდაუვალია. კადიროვის ძალოვანი დაჯგუფება ისედაც დაუნდობლად მოქმედებდა. უფრო სასტიკადაც კი, ვიდრე ფედერალური ფორმირებები. ახლა ისინი ნადირობას დაიწყებენ. ეს ნადირობა, რაღა თქმა უნდა, დიდწილად მოტივირებული იქნება შორისძიებით-შურისძიებით პოლიტიკური ლიდერის, ნათესავის, კლანის წევრისა და რაც გნებავთ დაარქვით, მოკვლის გამო."

ანდრეი ბაბიცკის შეფასებით, კადიროვი მოსკოვისთვის ეფექტური მოკავშირე იყო. კერძოდ, იგი ეხმარებოდა რუსეთს ხანგრძლივი კონფლიქტი ჩეჩნეთში შიდა დაპირისპირებად უფრო წარმოეჩინა, ვიდრე ფედერალური ძალების წინააღმდეგ წარმოებულ სამამულო ომად.

კადიროვს რუსი კორესპონდენტის თქმით, მოსკოვი წლების განმავლობაში ამზადებდა რუსეთის ინტერესების გამტარებელ პრეზიდენტად. იგი გასული წლის ოქტომბერში გამართული არადემოკრატიული არჩევნების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. ჩეჩენთა ნაწილი მას მოღალატედ მიიჩნევდა, ნაწილი კი პატრიოტად, რომელსაც სისხლისღვრის შეჩერება სურდა.

თავისთავად კი ახმად კადიროვს საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და გარკვეულწილად წინაღმდეგობრივი ბიოგრაფია ჰქონდა. 1991 მან თავისი რელიგიური მოღვაწეობა ომანში შეწყვიტა და ჩეჩენ სეპარატისტებს შეუერთდა. ჩეჩნეთის პირველი ომის წლებში-1994-95 წელს იგი რუსეთის სამხედრო ძალებს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მხარდამჭერთა რიგებში ებრძოდა. დუდაევმა იგი უმაღლეს სასულიერო ლიდერად დანიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ ახმად კადიროვმა სეპარატისტ ლიდერებს უგანა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ პუტინის მომხრეთა რიგებში გადავიდა. ამ დროიდან მკვლელობამდე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ახმად კადიროვი რამდენჯერმე გადაურჩა მის წინააღმდეგ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს.
XS
SM
MD
LG