Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პენტაგონში ვიზიტისას



შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პენტაგონში ვიზიტისას განაცხადა, რომ ერაყელ პატიმრებთან დაკავშირებულმა სკანდალმა სერიოზული ზიანი მიაყენა კოალიციას: [ბუშის ხმა]"იმათ მიერ მოტანილი ზიანი, ვინც პასუხისმგებელია ძალადობის ფაქტებზე, სცილდება ციხის კედლებს. მათმა საქციელმა ბევრს მისცა საბაბი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ერაყში ჩვენი ყოფნის მიზეზი და ეჭვი შეიტანოს ჩვენს მოტივაციაში". პენტაგონში ვიზიტისას ბუშს აჩვენეს ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებზეც ერაყის ციხეში ამერიკელ ჯარისკაცთა მიერ ერაყელ პატიმართა შურაცხყოფისა და მათზე ძალადობის ფაქტები იყო ასახული. ორშაბათს ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მიმართ მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა პარლამენტს განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება 33 საქმეზე, მათ შორის - სამოქალაქო პირთა სიკვდილის შემთხვევებზეც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი აცხადებს, რომ მან ბოლო დღეებამდე არაფერი იცოდა წითელი ჯვრის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სამხედროთა მიერ ერაყელი პატიმრების უფლებებისა და ღირსების შელახვის ფაქტების შესახებ. ტონი ბლერი აცხადებს, რომ ის გამოაქვეყნებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშის ნაწყვეტებს. ეს ანგარიში წითელმა ჯვარმა ხელისუფლებას წელს წარუდგინა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: [ბლერის ხმა] "თუკი ასეთ უმსგავსობას მართლაც ჰქონდა ადგილი, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელია. ყველა შემთხვევაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყველა, ვინც პასუხისმეგებელია, უნდა დაისაჯოს. სამართლიანობა მოიხოვს აღინიშნოს, რომ ბრიტანელ ჯარისკაცთა უმრავლესობა ამ შემთხვევებზე ასეთივე აზრის არის. მათი დიდი ნაწილი ბასრასა და ერაყის სხვა ნაწილებში იმყოფება და აკეთებს ყველაფერს ერაყელი ხალხის კეთილდღეობისთვის".
XS
SM
MD
LG