Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან დევნილებმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს


საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების აქტუალობამ ჩრდილში მოაქცია პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემა.

მათი არსებობა ქართულ საზოგადოებას მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც 10-მდე ჩეჩენმა დევნილმა პანკისის ხეობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მიმართა. რამ აიძულა ჩეჩნეთიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები პროტესტი შიმშილობით გამოეხატათ?

პანკისის ხეობაში 1500-მდე ჩეჩენი ლტოლვილი რჩება. ორიოდე წლის წინ კი მათი რიცხვი 5000-ს უტოლდებოდა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. ამჟამად ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა და მესამე ქვეყნებში ჰპოვა თავშესაფარი. ისინი კი, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში რჩებიან, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პრობლემას აღარ წარმოადგენენ და, შესაბამისად, მათი არსებობა მივიწყებას მიეცა. თუმცა, როგორც ირკვევა, ჩეჩენი დევნილების მიმართ სხვადასხვა ძალების ფარული ინტერესი არ განელებულა. სწორედ ამით ხსნის ჩეჩნური დიასპორის ლიდერი საქართველოში, ხიზრი ალდამოვი, პანკისის ხეობაში ჩეჩენ დევნილთა შიმშილობის აქციის დაწყებას:

[ხიზრი ალდამოვის ხმა] "იქ გამოჩნდა რამდენიმე პიროვნება, რომელიც აბუნტებს ხალხს, მაგალითად - ნანა კაკაბაძე. ვინც მხარს უჭერს ლტოლვილებს, მე მივესალმები, მაგრამ ზოგიერთები ნუ ააგებენ პოლიტიკას ამაზე და, საერთოდ, პანკისის ხეობაზე."

10 მაისს ნანა კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე უფლებადამცველი, მართლაც, ჩავიდა პანკისის ხეობაში და, როგორც აცხადებენ, მათ ამის საკმაო საფუძველიც ჰქონდათ. მე ერთ-ერთ მათგანს, მექა ხანგოშვილს, ტელეფონით დავუკავშირდი. მისი თქმით, დევნილების უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ მესამე ქვეყნებში, ჩეჩენ ლტოლვილთა სტატუსით, საქართველოს 35-მდე მოქალაქე გაემგზავრა. ნამდვილი ლტოლვილები კი ურთულეს პირობებში მოუთმენლად ელიან მესამე ქვეყნის მოპატიჟებას:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობა. განსაკუთრებით ბოლო დროს ეპიდემიები გავრცელდა ბავშვებში. ამას აპროტესტებენ ლტოლვილები და მოითხოვენ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და როგორმე სასწრაფოდ მოხდეს მათი მესამე ქვეყნებში გადაყვანა."

ლტოლვილთა მოთხოვნას მესამე ქვეყნებში გასვლის შესახებ დიასპორის ლიდერი ხიზრი ალდამოვიც ეთანხმება. მისივე განცხადებით, გაერომ ლტოლვილთა საქართველოდან გაყვანაზე ინტენსიური მუშაობა დაიწყო და სწორედ ამ დროს საპროტესტო აქციის მოწყობას ის პროვოკაციად მიიჩნევს:

[ხიზრი ალდამოვის ხმა] " პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა მხარში გვიდგას. ამ დროს აქციების დაწყება როგორ შეიძლება. მე ვთვლი ამას პროვოკაციად. ვიღაც დგას ამის უკან."

პროვოკაციისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩეჩენი ლტოლვილები მართლაც გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ. როგორც ჩანს, შიმშილობით გამოთქმულმა მოთხოვნამ მიზანს მიაღწია და უკვე 10 მაისს ლტოლვილთა აქციას გაეროს წარმომადგენელი ეწვია. ჯერჯერობით კი საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - დევნილები წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ანუ მესამე ქვეყნებში გადასახლებამდე, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG