Accessibility links

logo-print

ლოთი ქობალიას შეწყალების პოლიტიკური სარჩული


საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ლოთი ქობალიამ, რომელსაც სამშობლოს ღალატისა და განზრახ

მკვლელობის გამო 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, კვირას ციხის კედლები დატოვა. სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის ციხიდან გამოშვებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ საპატიმროებში მყოფ უფრო ნაკლებად ბრალეულ ყოფილ სამხედროებს და 1993 წელს სამოქალაქო ომის დროს დაღუპული ქართველი ჟურნალისტის დავით ბოლქვაძის ახლობლებს, რომლებიც ქობალიას მკვლელს უწოდებენ. თავად ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აქტიური საქმიანობის წამოწყებას აპირებს.



სამი თვის წინ დაწყებული ეროვნული შერიგების პროცესი, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მთავრობის ექს-ფინანსთა და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსნაძე ხელმძღვანელობს, ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. "ზვიადისტებზე" ვრცელდება. საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით ერთი თვის წინ წალენჯიხის სოფელ სქურში ტყეში გასული 100-მდე ზვიად გამსახურდიას მომხრე შემოირიგა, უფრო ადრე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტში ბრალდებული სოსო თორია და ვეფხია დურგლიშვილი. გასულ კვირას კი ციხის კედლები ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ვახტანგ, იმავე ლოთი, ქობალიამაც დატოვა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ შემორიგებულები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან და აღარასოდეს მოჰკიდებენ ხელს იარაღს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ ქობალია კიდევ ერთხელ გაიხედავს იარაღისკენ, ის ყოველგვარი დანდობის გარეშე დაპატიმრებული იქნება - ერთი რევოლვერიც რომ აღმოაჩნდეს."


უზენაესმა სასამართლომ ვახტანგ- ლოთი ქობალიას 1996 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, მიუსაჯა სამშობლოს ღალატის, უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნისა და იმ 6 ადამიანის განზრახ მკვლელობის გამო, რომელთა შორის საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი დათო ბოლქვაძეც იყო. პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მოკლული ჟურნალისტის ოჯახი შოკირებულია. მით უფრო, რომ, როგორც დათო ბოლქვაძის და, თამარ ბოლქვაძე, აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტისგან მათ სულ სხვა პირობა ჰქონდათ მიღებული:

[თამარ ბოლქვაძის ხმა] "დედას გამოუგზავნეს მანქანა, პრეზიდენტმა მიიღო დედა, შეხვედრას გოგა ხაინდრავაც ესწრებოდა და პრეზიდენტმა სიტყვასიტყვით ასეთი რამ უთხრა დედაჩემს: როგორც მე დედაჩემ გიული ალასანიას არ ვუღალატებ, ისევე არ გიღალატებთ თქვენო. მე მჯერა, რომ ეს ადამიანი მკვლელია."


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება საპყრობილეებში მყოფ სხვა ყოფილ არაზვიადისტ მეომრებს შორისაც გამოიწვია. გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი ინგა ალავიძე, რომელიც ასეთ პატიმრებს ესაუბრა, აცხადებს, რომ პოლიტიკურ მოტივებზე აწყობილი შეწყალების აქტი, შესაძლოა, სერიოზული უთანხმოების მიზეზი გახდეს:

[ინგა ალავიძის ხმა] "ამათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ არავის შეწყალების წინააღმდეგი არა ვართ. მაგრამ ეს ხდება პოლიტიკური მოტივით. ანუ რასაც აკეთებდა შევარდნაძე, როდესაც "მხედრიონელები" და ჯაბა იოსელიანი შეიწყალა. გახსოვს, ალბათ, იმავე 19 აპრილის ეროვნული შეთანხმების აქტი. ახლა ეს პატიმრები ამბობენ: რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვსხედვართ ციხეში, უფრო ნაკლები დანაშაული გვაქვს ჩადენილი და რომლებიც ასევე ვართ შევარდნაძის რეჟიმის მსხვერპლი."(სტილი დაცულია)

თავად ლოთი ქობალია, რომელიც ათწლიანი პატიმრობის შემდეგ საკუთარ სოფელ ოდიშში იმყოფება, თავს უდანაშაულო პოლიტპატიმრად მიიჩნევს და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს:

[ლოთი ქობალიას ხმა] "მე შემიძლია დავარწმუნო სასამართლო და შევიდე ეკლესიაში და ხატზე დავიფიცო, მეტი რა ვქნა მე , სხვა გამოსავალი არა მაქვს."

შეწყალებული ლოთი ქობალია არსებული ხელისუფლების მიმართ ლოიალობას არ მალავს და აცხადებს, რომ იგი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ცხინვალსა და აფხაზეთში და მიიზიდოს ინვესტიციები მშობლიური კუთხის, სამეგრელოს, ეკონომიკური აღორძინებისათვის.
XS
SM
MD
LG