Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულატ ოკუჯავა - 80


კაცი, დიდი სათვალით და ჩახლეჩილი ხმით - ასეთი დაამახსოვრდა ხალხს ბულატ ოკუჯავა - მწერალი,

მთარგმნელი, კომპოზიტორი, მომღერალი, რომლის დაბადების 80 წლისთავი ამ დღეებში აღინიშნება რუსეთში. და არამარტო რუსეთში. 2001 წელს ნიუ-იორკში მოეწყო ოკუჯავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საღამო, რომელშიც 18 ქვეყნის პოეტმა, მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ბულატ ოკუჯავას საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ახლახან მწერალმა ჯუმბერ თითმერიამ თარგმნა მისი რომანი "გაუქმებული თეატრი", რომლისთვისაც 1994 წელს ბულატ ოკუჯავას ბუკერის პრემია მიანიჭეს. მიუხედავად ამისა, ბულატ ოკუჯავას შემოქმედებას მწერლის კოლეგების უმრავლესობა ქართული კულტურის ნაწილად არ მიიჩნევს.



"გაუქმებული თეატრი" - ესაა ბულატ ოკუჯავას ბავშვობა, მამის დაპატიმრება, ოლღა ოკუჯავასა და გალაკტიონ ტაბიძის ბრწყინვალე პორტრეტი. ეს ნაწარმოები ამტკიცებს, რამდენი რამ აკავშირებს ბულატ ოკუჯავას ქართულ კულტურასთან, უმტკიცებს იმას, ვინც ყველანაირად ცდილობს გამიჯნოს ბულატ ოკუჯავა ჩვენი ლიტერატურისგან. მოსკოვში ბულატ ოკუჯავას ძეგლი დაუდგეს, ეწყობა სიმპოზიუმები, შეიქმნა სამეცნიერო ტერმინიც კი - "ბულატოლოგია". საქართველოში პოეტს, რომელმაც არაერთი ქართველი მწერლის ლექსი თარგმნა რუსულად, რომელსაც არასდროს უთქვამს უარი თავის გვარზე, მშობლებზე, თბილისში გატარებულ წლებზე, თუმცა განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩემი სამშობლო არბატიაო, ისევ უცხოდ მიიჩნევენ.

[მუსიკა. "ქართული სიმღერა"]

ეს სიმღერა ბულატ ოკუჯავამ მეგობარს, მიხეილ ქვლივიძეს, მიუძღვნა, თუმცა "ქართული სიმღერა" უწოდა და სიყვარული აუხსნა ქვეყანას, რომელსაც თავის ახალგაზრდობას უკავშირებდა.

იგი 1924 წელს დაიბადა მოსკოვში, პარტიული მუშაკების ოჯახში. 1934 წელს მშობლები ნიჟნი ტაგილში გადაიყვანეს სამუშაოდ - მამამისი ქალაქკომის პირველი მდივანი გახდა. 37 წელს მამა დაუხვრიტეს, დედა ყარაგანდის ბანაკში გადაასახლეს. ბულატი ჯერ მოსკოვში დაბრუნდა, ბებიასთან, შემდეგ კი თბილისში, სოლოლაკში, ნათესავებთან დაიწყო ცხოვრება. ზეინკლად მუშაობდა და თან სწავლობდა. მეცხრე კლასში იყო, ფრონტზე რომ წავიდა მოხალისედ. მძიმედ დაიჭრა. ომის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ თბილისში წაუკითხა პირველად თავისი ლექსები პასტერნაკს. მიუკაკუნა მწერალს სასტუმრო "თბილისის" ნომერში, გაეცნო და ლექსების კითხვა დაიწყო. მერე კალუგაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტად მუშაობდა. დაიწყო ხრუშჩოვის "ოტტეპელის" ეპოქა, საზოგადოების "ფიზიკოსებად" და "ლირიკოსებად" დაყოფა. ოკუჯავამ "ლირიკოსის", "მეოცნების" როლი აირჩია - მისი ლექსების პირველი კრებული, სახელწოდებით "ლირიკა", კალუგაში გამოვიდა. 1959 წელს კი მოსკოვში დაიბეჭდა ბულატ ოკუჯავას კრებული "კუნძულები". კრიტიკოსებმა მის ნაწარმოებებში ლირიკისა და სატირის ერთიანობა აღმოაჩინეს. ეს რაღაც სრულიად ახალი იყო 60-იანი წლების საბჭოთა ლიტერატურაში. ცენზურამ, რა თქმა უნდა, შეამჩნია, რომ ოკუჯავას ლექსებში, სიმღერებში არა მარტო შვილები ელეპარაკებიან მშობლებს "თქვენობით", ასე მიმართავს ერთმანეთს ცოლ-ქმარიც კი. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო ოკუჯავას რეაქცია პროლეტარულ კულტურაზე. თუმცა ხელისუფლებამ ოკუჯავას დევნა მოგვიანებით დაიწყო - 1968 წელს, როცა, პრაღაში საბჭოთა ტანკების შეყვანის შემდეგ, პოეტი დემონსტრაციულად გაემიჯნა კომპარტიას. იმხანად მან ჩეხებს არა, მაგრამ პოლონელებს მიუძღვნა ერთი სიმღერა, რომლის ქვეტექსტი ყველასთვის გასაგები იყო.

["პოლონური სიმღერა"]

თუმცა ცენზურასთან პრობლემები უფრო ადრე, 1963 წელს, გაუჩნდა ლექსის - "ლოცვის" გამოქვეყნების შემდეგ. გამომცემლებმა ოკუჯავას ამ შესანიშნავ სიმღერას სათაური შეუცვალეს და "ფრანსუა ვიონის ლოცვა" უწოდეს. "მწვანეთვალება ღმერთო," - მიმართავს პოეტი უფალს. - რა არის ეს? მკრეხელობა? წარმართული ვნებები? რა თქმა უნდა, არა. ოკუჯავამ, რომელიც სიცოცხლის მიწურულს მართლმადიდებელ ტაძარში მოინათლა, ათეისტურ ეპოქაში ღმერთის სახელი გააცოცხლა და, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ასე ვთქვათ, "იმათხოვრა" სხვისთვის, ილოცა სხვისთვის... იმის მსგავსად, მოხუცი ქალები რომ ლოცულობენ ეკლესიაში... შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და თავისთვის - მხოლოდ ბოლოს.

[სიმღერა. "ლოცვა"]

იმხანად, როცა ათეისტურ საზოგადოებაში ღმერთზე ლაპარაკი აკრძალული იყო, ბულატ ოკუჯავამ ქრისტიანული მორჩილების იდეა დაამკვიდრა საბჭოთა კულტურაში.. "უბრალო მოსკოველი ჭიანჭველა" ვარო, წერდა იგი თავის თავზე. სხვათა შორის, მას ხშირად მაჰათმა განდის ამსგავსებდნენ. თავადაც ძალიან ბედნიერი იყო, როცა განდის სახელი ესმოდა. 80-იანი წლების მიწურულს, ამერიკაში ყოფნისას, გულმა უმტყუნა, იგი ლოს-ანჟელესის ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს. რამდენიმე დღის შემდეგ დაწერა:

[ბულატ ოკუჯავა] "საავადმყოფოს დერეფანში ვსეირნობ და, ღმერთო ჩემო, რას ხედავს ჩემი თვალები - ეს ხომ განდია! მერე გავიაზრე - თურმე განდი კი არა, სარკე იყო მხოლოდ."

დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ მომღერალ პოეტებს - ეგრეთ წოდებულ "ბარდებს" - შორის საბჭოთა ხელისუფლებას ყველაზე მეტად ვისოცკის და გალიჩის ეშინოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა - საბჭოთა ჩინოვნიკებს სძულდათ ოკუჯავა, თავისი ინტელიგენტური იერითა და რბილი ხმით. ოკუჯავას მსგავსი ლიბერალი-სოციალისტები ხომ კომუნისტურ ხელისუფლებას რადიკალებზე მეტად აღიზიანებდა. კომუნისტი ცენზორები ხედავდნენ, რომ ამ ადამიანს არ შეეძლო ტყუილი, სძულდა სიყალბე, ხედავდნენ, რომ იგი თავისუფალი ადამიანის ლექსებს წერდა.

ხალხიც ხედავდა ამას და პოეტის საღამოებზე, რომელიც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ტარდებოდა, ეკითხებოდა ხოლმე ოკუჯავას: "გვასწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ?". 60-იან წლებში, ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე დაგეგმილი იყო რუსი საბჭოთა კომპოზიტორის, ოპერა "წყნარი დონის" ავტორის, ივან ძერჟინსკისა და ბულატ ოკუჯავას ერთობლივი გამოსვლა. ძერჟინსკიმ კატეგორიული უარი განაცხადა "ანტისაბჭოთა პოეტთან" ერთად გამოსულიყო სცენაზე. ღონისძიების ორგანიზატორებმა ოკუჯავას ბოდიში მოუხადეს და დარბაზი დაატოვებინეს. მაგრამ არც ოპერა "წყნარი დონი" ახსოვს დღეს ვინმეს და არც სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ივან ძერჟინსკი. ბულატ ოკუჯავას სიმღერებს კი სხვადასხვა თაობები მღერიან.

მიუხედავად ამისა, მარტოობა, როგორც ჩანს, ყველა დიდი პოეტის ხვედრია. ბულატ ოკუჯავა პარიზში 1997 წლის ივნისში გარდაიცვალა. ექიმებმა "გრიპის ინფექციის" დიაგნოზი დასვეს. "არა, იგი მარტოობისგან გარდაიცვალა" - აღნიშნა მაშინ ოკუჯავას მეუღლემ ოლია არციმოვიჩმა. სხვათა შორის, საქორწინო მოგზაურობა, ოლიასთან ერთად, ოკუჯავამ თავის საყვარელ თბილისში მოიწყო.

[ხმა. სიმღერა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG