Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის კონკურენტუნარიანობის დონე გაიზრდება, თვლიან ექსპერტები.


მსოფლიოს ბიზნეს კონკურენციის წლიური მიმოხილვის მიხედვით,

რომელიც მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა, IMD-იმ მოამზადა, მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყანად კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. თუმცა ამავდროულად საგრძნობლად იზრდება აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის რუსეთის პოტენციაც. მიმოხილვის მიხედვით, ამ ქვეყნებში დემოკრატიის სიმცირე და სისუსტე, ისევე როგორც კორუფციის მაღალი დონე, ინვესტიციების მიზიდვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.


ამერიკის შერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე კომნურენტუნარიან სახელმწიფოდ რჩება. მეორე-მესამე ადგილებს კი სინგაპური და კანადა ინაწილებენ.

ასეთია მსოფლიოს 2004 წლის კონკურენციის უნარის შემაჯამებელი წლიური წიგნის დასკვნა, რომელიც შვეიცარიაში ლოზანას ცნობილმა ბიზნეს-სკოლამ გამოსცა. მიმოხილვა განსაზღვრავს მსოფლიოს 60 ქვეყნისა და ამ ქვეყნებში არსებული მთავარი ეკონომიკური რეგიონების კონკურენტუნარიანობის დონეს. შედეგები ასობით კრიტერიუმის მიხედვით გამოითვლება-კრიტერიუმებით ხდება სწორედ იმის დადგენა, რამდენად ქმნიან ამა-თუ იმ ქვეყნის მთავრობები ინვესტიციებისათვის სადაგ ბიზნეს გარემოს.
წლევანდელ მიმოხილვაში, ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ბიზნესში ახალი თვალსაჩინო ტენდენციები გამოიკვეთა. კერძოდ, ინვესტიციები აქტიურად მიემართება არა მარტო აზიაში, არამედ ევროსაბჭოს ახალ წევრ ქვეყნებშიც.

როგორც მიმოხილვის დირექტორი, პროფესორი სტეფან გარელი შენიშნავს, კურსის ცვლილებას ძირითადად დაბალი ფასები და კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა განპირობებს.

[სტეფან გარელის ხმა]"კარგი სიახლეა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირი 10 ახალი წევრით გაფართოვდა. ეს უკანასკნელი სახელმწიფოები ინვესტირებისათვის მომხიბვლელ წყაროს წარმოადგენენ ძირითადად იმის გამო, რომ სამუშაო ძალა საშუალო ევროპულთან შედარებით, აქ საგრძნობლად დაბალია. ასე რომ ჩვენ ველით, რომ ინვესტიციების დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადანაცვლება მოხდება."

დასავლეთის უმეტეს ინდუსტრიულ სახელმწიფოში სამუშაო ძალა საათში საშუალოდ 20 დოლარი ღირს. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 30 დოლარსაც აღწევს. პოლონეთსა და უნგრეთში საათობრივი ანაზღაურება სამი დოლარი ღირს, ბალტიის სახელმწიფოებსა და სლოვაკეთში კი უფრო ნაკლები-2 დოლარი. კიდევ უფრო მცირეა ანაზღაურება ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში და საშუალოდ 1 დოლარზე ნაკლებს შეადგენს. ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ბალტიის სახელმწიფოები ირლანდიის მაგალითს მისდევენ, სადაც პირდაპირი ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს შეადგენს. თუმცა ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ირლანდიაში სამუშაო ძალა საათში 18 დოლარი ღირს. ეს რასაკვირველია, საგრძნობლად აღემატება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ახალ ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ ტარიფს-ესტონეთში, მაგალითად, სამუშაო ძალის ანაზღაურება საათში მხოლოდ 2, 7 დოლარს შეადგენს.

სხვათაშორის, ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებიდან წლიური მიმოხილვის შედეგებით, ესტონეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ დასახელდა. მას წლიურ წიგნში 28 ადგილი უკავია და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, სამხრეთი კორეა.

სლოვაკია და უნგრეთი რიგით მეორმოცე და ორმოცდამეორენი არიან. ორმოცდამეათე ადგილზეა რუსეთი და ამ მხრივ უპირატესობით სარგებლობს ისეთ ქვეყანასთან, როგორიც იტალიაა. იგი ორმოცდამეთერთმეტე ადგილზეა. რუმინეთი ორმოცდამეთოთხმეტეა, თურქეთი ორმოცდამეთხუთმეტე, ხოლო პოლონეთი ორმოცდამეჩვიდმეტე.

[გარელის ხმა]" ჩვენ ვაკვირდებით ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის შრომისნაყოფიერება, ბიზნესის შრომისნაყოფიერება და ინფრასტრუქტურა. ამ ძირითადი სფეროების გარდა, არის რამდენიმე სხვა საკითხიც. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია აქვს თუ არა ქვეყანას ინვესტორის მოხიბვლის უნარი, ბიზნესის განვითარებისათვის ორიენტირებული კანონმდებლობა. ჩვენ, რასაკვირველია, ასევე ვაკვირდებით პროდუქტიულობას, მუშახელის კვალიფიციურობას, მუშახელის მოტივაციას და ბოლოს ინფრასტრუქტურას. ძირითადად კლასიკური ინფრასტრუქტურა-გზები და რკინიგზა გვაინტერესებს, თუმცა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასაც."

მიმოხილვის მიხედვით, უახლოეს მომავალში უცხოელ ინვესტორებს ადგილობრივი კონკურენტები არა მარტო აზიის ქვეყნებში,არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთშიც გაუჩნდებიან.

[გარელის ხმა] "პირველ ეტაპზე, ჩემის აზრით,ჩვენ ვნახავთ ცენტრალურ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და რუსეთში დასავლელი ინვესტორების რიცხვის საგრძნობ ზრდას-ამის საფუძველი კი დაბალი ფასები იქნება. მეორე ეტაპზე, 5 ან 10 წლის შემდეგ, ამ რეგიონებში გამოჩნდებიან ადგილობრივი კომპანიებიც. ეს კომპანიები მსოფლიო ბაზარზე თავიანთი სამარკო ნიშნით კონკურენციას გაუწევენ სხა კომპანიებს. დაახლოებით ის, რაც იაპონიის შემთხვევაში ვნახეთ 20-30 წლის წინათ. "

მაგრამ გარელი მიუთითებს, რომ ამ რიგის მიღწევებისათვის სულ მცირე შიდაპოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციაა საჭირო. ადამიანის უფლებების დაცვა, გამართული სასამართლო სისტემა და რაც ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -არაკორუფციული ურთიერთობები, აღმოსავლეთი და ცენტარლური ევროპის ქვეყნებში ჯერ-ჯერობით დეფიციტს წარმოადგენს. კორუფციას გარელი ამ ქვეყნებში არა მარტო ეთიკურ და პოლიტიკურ, არამედ ბიზნესის პრობლემადაც განიხილავს.


და ბოლოს, ამერიკაში ყოველ ერთ დოლარ უცხოურ ინვესტიციაზე, ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გასული 4 დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოდის. აზია მსოფლიო ინვესტიციების 60 პროცენტს იზიდავს. ჩინეთი პირდაპირი ინვესტიციების მიღების ხარჯზე მსოფლიოში სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საქონლის რიგით მეოთხე უდიდეს ექსპორტიორს წარმოადგენს. ევროკავშირის ახალი სახელმწიფოებისთვის წარმატების შანსები კიდევ უფრო თვალსაჩინო შეიძლება იყოს. ბიზნეს-კონკურენციის წლიური წიგნის ავტორები ასკვნიან, რომ მათ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ქვეყნების ბიზნეს- კომპეტენტურობის მაჩვენებელი შესაძლოა საგრძნობლად შეცვალონ კიდეც.

XS
SM
MD
LG