Accessibility links

logo-print

პატიმრების წვალება ერაყში: წესი თუ გამონაკლისი?


დღეს ვუბრუნდებით სკანდალს, რომელიც მოჰყვა ცნობებს ერაყში, აბუ ღრაიბის ციხეში ტყვეების წვალების შესახებ. ლაპარაკია მათს წვალებაზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო პირების მიერ,

რის შესახებაც გასული თვის მიწურულს და მოგვიანებით ფოტოსურათების მეშვეობით გახდა ცნობილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ირწმუნება, რომ საქმე ეხება "ცალკეული უღირსი ჯარისკაცების" ნამოქმედარს. ამ შინაარსის მორიგი განცხადება ჯორჯ ბუშმა ორშაბათს გააკეთა: [ბუშის ხმა] "ვიცი, რა მტკივნეულია, როცა რამდენიმე უღირსი ადამიანი არცხვენს კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თავს სწირავს ამდენი ადამიანი".

მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც: სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ტყვეების წვალება არ იყო ცალკეული შემთხვევები და ამერიკელთა სამხედრო ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა, შესაძლოა, მიესალმებოდა კიდეც ასეთ მოქმედებას. ამ მოსაზრებას გამოთქვამს, მაგალითად ამერიკელი მკვლევარი ენტონი კოურდსმენი.

ენტონი კოურდსმენი, რომელიც ვაშინგტონში განთავსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელია, სულ ცოტა ხანია, დაბრუნდა ერაყიდან და "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ასე შეაჯამა თავისი შთაბეჭდილება: [კოურდსმენის ხმა] "ვფიქრობ, ბევრ სტრუქტურაში შეიმჩნევა, რომ სარდლობამ სათანადოდ არ გამოიყენა თავისი ავტორიტეტი. ამან კი შესაძლოა, გარკვეულწილ ხელი შეუწყო იმას, რაც მოხდა. როგორც ჩანს, 2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ შეიქმნა ისეთი კლიმატი, რომ შეიძლებოდა, შეგუებოდი ტყვეების წვალებას, თუ ეს გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა".

ასეთი კლიმატი კი, განაგრძობს კოურდსმენი, არ შეიქმნებოდა, პასუხისმგებელ ოფიცრებს თავისი ხელქვეითებისთვის რიგიანი მითითებები რომ მიეცათ და არ მიმხრობოდნენ ისეთი ყაიდის დაკითხვას, რომელიც ტყვეების წვალებასაც მოიცავდა - მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ამერიკელი ექსპერტის ამ შეფასებას ამყარებს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის, "წითელი ჯვრის" ანგარიში აბუ ღრაიბის ციხეზე. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩანს, "სისტემური ხასიათი" ჰქონდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მხრივ ტყვეებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აგრესიულ ზემოქმედებას.

ვიდრე ისევ ენტონი კოურდსმენის შეფასებებს დავუბრუნდებოდეთ, კიდევ ერთ გარემოებაზე: ერაყელი ტყვეების წვალება დროის მხრივ ემთხვევა ერაყში შარშან ანტიამერიკული ამბოხების გაფართოებას. ასე, რომ აგრესიული მიდგომა, შესაძლოა, განიხილებოდა დაკითხვის ფორმად, რომელიც ამერიკელ სამხედროებს საშუალებას აძლევდა, მეტი შეეტყოთ ამბოხების დეტალებზე.

კოურდსმენი არ გამორიცხავს, რომ ასე იყო კიდეც, ოღონდ იქვე შენიშნავს: დაკითხვისას აგრესიას, ჩვეულებრივ, არ მოაქვს სასურველი შედეგი. [კოურდსმენის ხმა] "ასეთი დაკითხვა უაზრობაა, რადგან იძენ ახალ მტრებს, ციხეების სახით ჰქმნი ოპოზიციის საწვრთნელ ბანაკებს, (...) გადაიმტერებ ტყვეების ოჯახებსა და ახლობლებს".

ის, რომ კოურდსმენი ტყვეების წვალების პასუხისმგებლობას სარდლობის წარმომადგენლებს აკისრებს, არ ნიშნავს, თითქოს ის ტყვეების მწვალებლებს, დაბალი რანგის მცველებს ამართლებდეს. მას დამაჯერებლად არ მიაჩნია მცველების თავის მართლება: "ჟენევის კონვენციის წესები ჩვენთვის არავის უსწავლებიაო". კორდსმენის სიტყვებით, ყველა მოწაფემაც კი იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი.
XS
SM
MD
LG