Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტში 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა 5 თვის დაგვიანებით მოხდა, რაც იმაზე მეტყველებს რომ მინისტრთა კაბინეტს საკმარისი დრო ჰქონდა პროექტის კარგად მოსამზადებლად.

მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტის კორექტირება მესამე მოსმენამდე 1 დღით ადრე განხორციელდა და პარლამენტს კანონის მიღება ცაიტნოტში მოუხდა.

საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პოლიტიკურ ძალას ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო ხმების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ბიუჯეტის შეზღუდულ ვადებში დამტკიცების მთავარ არგუმენტად მაინც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები მოიშველია:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ერთადერთი საკითხი, რომელიც წინასწარ, პროგრამის აღდგენამდე, უნდა იყოს გადაწყვეტილი, სხვა ყველა საკითხი მთავრობის მიერ უკვე არის გადაწყვეტილი, ერთადერთ საკითხად რჩება ბიუჯეტის მიღება."(სტილი დაცულია)

ამ არგუმენტმა ბიუჯეტის პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ უმრავლესობის რამდენიმე ლიდერს აზრი შეაცვლევინა, მათ შორის - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს. მას 2004 წლის ბიუჯეტის მთავარ უპირატესობად გამჭვირვალობა მიაჩნია:

[რომან გოცირიძის ხმა] "პირველი დაკვირვებით, აი, ამ გამჭვირვალობის პროცესმა საშუალება მოგვცა ეჭვის თვალით გადაგვეხედა სხვადასხვა პოზიციებისათვის, რომლის დაწვრილებით შესწავლას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ."

ანალოგიურად, ვერც იმ ცვლილებების გაცნობა მოხერხდა, რომლებიც პროექტში 10 მაისს შეიტანეს. ერთ-ერთი მათგანია პენსიონერთა მიერ სასამართლო გზით მოგებული თანხების გასასტუმრებლად 3 მილიონი ლარის გამოყოფა, თუმცა კი საპენსიო დავალიანება, დაუზუსტებელი მონაცემებით, 130 მილიონ ლარზე მეტია.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე წვრილ-წვრილი თანხები მოემატა სხვადასხვა სფეროებს და, შესაბამისად, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 6 მილიონი ლარი მოაკლეს მთიანი რეგიონების მოსახლეობის ხელფასებს. სწორედ ეს გახდა საპარლამენტო დავის ძირითადი საგანი.

[მამუკა კაციტაძის ხმა] "დეკემბერში ამ ფორმულირებით იმიტომ არ განხილულა, რომ წინ იყო 28 მარტის არჩევნები და ამ საკითხის ამ ჭრილში და ამ ფორმულირებით განხილვა იყო წამგებიანი. დღეს, როდესაც ეს არჩევნები ჩავლილია, დღეს უკვე ამ ჭრილში ამ საკითხის განხილვა არის ჩვეულებრივი და მისაღები."

მემარჯვენე ოპოზიციის დეპუტაციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე იმის გარკვევას ცდილობდა, იყო თუ არა მმართველი პარტიის პოზიციათა შეცვლა პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, - მე მინდა ეს გითხრათ პირდაპირ და ძალიან მარტივად. ეს საკითხი თუ არ მოგვარდა, ბიუჯეტში არის 6,5 მილიონიანი გარღვევა და მაშინ ბიუჯეტზე მუშაობა უნდა დავიწყოთ თავიდან. ამაშია საქმე და მეტი არაფერში."

ნოღაიდელის ამ ლოგიკას მცირერიცხოვანმა საპარლამენტო ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ნახევარი მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, რომელშიც პენსიონერთა დავალიანების გასასტუმრებლად და პენსიების გასაზრდელად მხოლოდ 36 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG