Accessibility links

logo-print

ამერიკის მოქალაქეს ერაყში თავი მოკვეთეს


ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცების მიერ ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფას ექსტრემისტებმა შემზარავი ფაქტით

უპასუხეს-მათ თავი მოკვეთეს 26 წლის ამერიკელ სამოქალაქო პირს, მცირე მეწარმე ნიკ ბერგს, რომელიც ერაყის რეკონსტრუქციის პროცესში ჩართვას აპირებდა.
ნიღბიანი შურისმაძიებლების მიერ ახალგაზრდა ამერიკელის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოკადრები პირველად 11 მაისს ექსტრემისტულ ისლამურ ვებ-საიტზე გამოჩნდა.


ნიკ ბერგის თავის მოკვეთის ვიდეო-ჩანაწერი ვებ-საიტზე შემდეგნაირადაა დასათაურებული:" აბუ მუსაბ ალ -ზარქავი ამერიკელის მოკვლას აჩვენებს." ეს წარწერა, თავისთავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ალ ზარქავი კამერის მიერ ასახული საშინელების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ალ ზარქავის შეერთებული შტატები ოსამა ბინ ლადენთან დაახლოებულ პირად განიხილავს და მას ერაყში განხორციელებული აფეთქებებისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში სდებს ბრალს.

ვიდეოფირზე კი გამოსახულია დაჩოქილი 26 წლის ამერიკელი ნიკოლას ბერგი. მის უკან მდგარი ნიღბიანი ექსტრემისტებიდან ერთ-ერთი კითხულობს "განაჩენს", რომლის მიხედვით, ბერგს ერაყელი ტყვეების შეურაცხყოფის გამო დასჯიან.

ამის შემდეგ ერთ-ერთი იღებს დანას, მსხვერპლს ყელზე ადებს და თავის მოჭრას იწყებს. ბერგის გმინვის ფონზე მკვლელი ხმამაღლა წარმოთქვამს ღმერთის სადიდებელ სიტყვებს. შემდეგ კი იგი კამერის წინ, როგორც ეგზეკუციონერი ხელში იღებს მოჭრილ თავს.

ახალგაზრდა ამერიკელის დასჯის ეს შემზარავი კადრები მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ აჩვენა.

ალ ზარქავიმ, წარმოშობით იორდანელმა ექსტრემისტმა, თავისი ეგრეთ წოდებული დაბრუნების შესახებ, შეერთებულ შტატებს ამგვარი მეთოდით ამცნო. შეერთებული შტატები, თავის მხრივ, ალ ზარქავის ერაყის კრიზისის ესკალაციაში ადანაშაულებს. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ მის კისერზეა შიიტი პილიგრიმების სასაკლაოს მოწყობა 2 მარტს კარბალასა და ბაღდადში. შეერთებული შტატების ოფიციალური წყაროების ცნობით, ამით ალ ზარქავის სუნიტთა და შიიტთა შორის სექტანტური ომის გაღვივება სურდა. ამის შესახებ იუწყება წერილიც, რომელიც კოალიციის ძალებმა მოიპოვეს. ამ წერილში ალ ზარქავი "ალ ყაიდის" ლიდერებს უცხოური ჯარების ქვეყნიდან გაძევების საქმეში სუნიტი მეამბოხეების დახმარებას ურჩევს, რათა ერაყი სამართავად ქაოტური გახდეს.

ნიკოლას ბერგის თავის მოკვეთის ფაქტმა განსაკუთრებით აღაშფოთა ამერიკის საზოგადოება. უმრავლესობამ მომხდარი ბარბაროსობად შეაფასა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება.

[ჯონ მაკკეინის ხმა]" ეს საშინელებაა, ეს ტრაგედიაა, ეს აჩვენებს იმასაც, რომ ანერიკასა და ამ ბარბაროსებს შორის აბსოლუტური განსხვავებაა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ტყვეთა შეურაცხყოფის მაგალითები. ჩვენ ბოლომდე ვსწავლობთ ამ საკითხს. ამ ხალხს ჰუმანურობისა და კეთილშობილებისა არაფერი გაეგება. სწორედ ამიტომ ჩვენ გავიმრჯვებთ ერაყში. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ტიპის ადამიანებს თავიდან მოვიშორებთ ის, რომ ერაყელი ხალხი მათ გამო აღარასოდეს იყოს დაწყევლილი."

არაბულ სამყაროში ამერიკელი ახალგაზრდის მკვლელობით გამოწვეული რეაქცია არაერთგვაროვანია.

ჰაზემ შაგი ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთის "ალ ჰაიატის" კომენტატორია. ის ამბობს, რომ ალ ზარქავიმ ბერგის დასჯით სიმბოლურად გამოხატა ის აღშფოთება, რაც არაბულ სამყაროში აბუ გრაიბის საპატიმროს ფოტოების გავრცელების შემდეგ ტრიალებს. შაგი ამბობს, რომ მიუხედავად მომხდარი საშინელებისა, ხალხის დიდი ნაწილისათვის ამერიკელის თავის მოკვეთის ფაქტი მაინც მისაღებია.

[ჰაზემ შაგის ხმა]"ერაყისა და რეგიონის მოსახლეობისათვის ეს ფაქტი შემდეგნაირად აღიქმება-ამერიკელები თავად მოვიდნენ, მათ ეს ჩაიდინეს, მათ ის ჩაიდინეს. ზარქავი და მისი ხალხი რეაგირებს იმაზე, რაც თავად შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს."

რა წარმატებას მიაღწევს ალ ზარქავი ამ მეთოდებით წარმოებულ ბრძოლაში ადრე თუ გვიან გამოჩნდება. ბერგის მოკვლით, იგი ძალზე შორს წავიდა და გასცდა იმ ლიმიტს, რასაც აქამდე ფლობდნენ ერაყელი გამტაცებლები. უმეტეს შემთხვევაში, აქამდე გატაცებულ უცხოელებს ერაყელები ანტი-კოალიციური განცხადებების შემდეგ ათავისუფლებდნენ. თუმცა იყო დასჯის ფაქტიც- გასულ თვეს თავში ესროლეს იტალიის უსფრთხოების კონტრაქტორს. მკვლელობა ვიდეოფირზეც აღიბეჭდა, თუმცა კატარის ტელევიზია "ალ-ჯაზირამ" ამ ფირის საჯაროდ ჩვენება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

XS
SM
MD
LG