Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეალურია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საშიშროება


პენსიების გაზრდის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების მცდელობას საპარლამენტო უმრავლესობაში პირველი რყევები მოჰყვა.

საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების მიერ ხელმოწერების უკან გამოთხოვამ, რაც, გავრცელებული აზრით, ზემდგომთა ზეწოლით მოხდა, "ეროვნულ ძალთა გაერთიანების" ლიდერს ზვიად ძიძიგურს უმრავლესობა და მისი ფრაქცია დაატოვებინა. ძიძიგური ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, ვინც ნაციონალებისა და დემოკრატების ფრაქციას ოფიციალურად გაემიჯნა, თუმცა ის ამბობს, რომ თუ უმრავლესობის წევრებზე ზეწოლა გაგრძელდება, მას სხვებიც მიჰყვებიან.


საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილების ვაშლი კობა დავითაშვილმა შეიტანა. სწორედ მან ითავა საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერების შეგროვება და ამ წამოწყებაში უმრავლესობის წევრებიც აიყოლია. ეს ინიციატივა პენსიების გაზრდის თაობაზე მთავრობის დადგენილებას დაუპირისპირდა. კობა დავითაშვილი და მისი თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ადრინდელი საპენსიო დავალიანებების გასტუმრების ხარჯზე პენსიების გაზრდა პენსიონერებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რადგან მათი ნაწილის მიმართ სახელმწიფოს დავალიანება არა აქვს და, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ასეა თუ ისე, ხელმოწერების შეგროვების პროცესმა ჯერჯერობით უფრო საპარლამენტო უმარვლესობაში მიმდინარე პროცესებს მოჰფინა ნათელი, ვიდრე მთავრობის დადგენილების ავ-კარგიანობას.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ხელმოწერის შემდეგ დაიწყო მუშაობა ფრაქციაში, რომ ხელმოწერა საკონსტიტუციო სარჩელზე არის სამშობლოს ღალატი, მიშას ღალატი და ყველაფრის ღალატი. ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა ხელმოწერა უკან გაიტანა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ფრაქციაში, სადაც ასეთი რამ ხდება, ჩემი ადგილი არ არის." (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ ზვიად ძიძიგური. ის აღარ არის იმ ფრაქციის წევრი, სადაც, მისი თქმით, დეპუტატებს განსხვავებული აზრის და განსხვავებული პოზიციის ქონა ეკრძალებათ. არის თუ არა ეს ასე, ამაზე თავისი შეხედულება აქვს ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს. მისი აზრით, არგუმენტი, რითაც ზვიად ძიძიგურმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა, უსაფუძვლოა. მიხეილ მაჭავარიანი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის დასაყრდენი საპარლამენტო გუნდში სიტყვის და აზრის სრული თავისუფლებაა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "არგუმენტი არ არის კარგი, რადგან ფრაქციაში არავის არ უკრძალავენ აზრის გამოთქმას. უბრალოდ, აქ, როგორც ჩანს, მიზეზს ეძებდნენ და მიზეზისთვის გამოიყენეს პრემიერ-მინისტრის განკარგულება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა თავიდანვე განაცხადა, რომ შეცვლიდა მას, თუ ვინმე შესთავაზებდა უკეთეს სქემას. "

პრემიერ-მინისტრმა პენსიების გაზრდის სქემა არ შეცვალა; სამაგიეროდ, უმრავლესობის იმ წევრებმა შეიცვალეს პოზიცია, რომლებმაც მთავრობის დადგენილების გასაჩივრების ინიციატივას დაუჭირეს მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერები უკან გამოითხოვეს: ნიკო ლეკიშვილმა, ავთანდილ სილაგაძემ, ბადრი ნანიტაშვილმა, ვახტანგ აბაშიძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა. რატომ მოხდა ასე , ამის შესახებ ეს დეპუტატები დუმან. ზეწოლაზე, მათ მაგივრად, სხვები - კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური - ლაპარაკობენ. მიხეილ მაჭავარიანს კი დავითაშვილის და ძიძიგურის მოქმედებისა და განცხადებების ძირითად მიზნად უშუალოდ პრემიერ-მინისტრზე დარტყმის განხორციელება მიაჩნია. ძიძიგური ამას გამორიცხავს და ფიქრობს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე ზეწოლა გაგრძელდება, უმრავლესობას, მასავით, სხვებიც გაემიჯნებიან.
XS
SM
MD
LG