Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში კოსოვოს დეცენტრალიზაციის პროგრამა წარადგინა


11 მაისს სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ კოსოვოს



სერბული უმრავლესობა საერთაშორისო ადმინისტრაციის მმართველობის პირობებშიც იტანჯება. ანტისერბული გამოსვლები, მარტში, მისი თქმით, გაეროს წარუმატებლობის შედეგი იყო. გაერომ ვერ შეძლო მოეგვარებინა ხუთწლიანი ეთნიკური კონფლიქტი, რომელსაც სერბული ძალების პროვინციიდან გაძევება მოჰყვა.
დრაშკოვიჩმა გაეროში წარადგინა ბელგრადის მიერ მომზადებული ახალი პროგრამა, რომელიც პროვინციის სერბებით დასახლებულ ნაწილებში დეცენტრალიაზაციასა და თვითმმართველობის განხორციელებას ითვალისწინებს. მისი თქმით, სერბებსა და ალბანელებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად ეს საუკეთესო გზა იქნებოდა. უფრო დაწვრილებით გაეროს უშიშროების საბჭოში კოსოვოს პრობლემის მოგვარების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს ნონა მჭედლიშვილი გაგაცნობთ.

სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა, კოსოვოში ამჟამად არსებული პირობების გათვალისწინებით, პროვინციის საბოლოო სტატუსზე საუბარი არამართებულად ჩათვალა.

[დრაშკოვიჩის ხმა]"ჩვენ დღეს არ უნდა ვიფიქროთ საბოლოო სატატუსის შესახებ, რადგან კოსოვოსა და მეტოხიაში სერბთა უფლებები ტრაგიკულად გაითელა ფეხქვეშ. და ადამიანთა ტანჯვის ეს გეტო არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კოსოვოსა და მეტოხიის საბოლოო სტატუსს."

კოსოვოელ ალბანელთა ლიდერებმა ამას წინათ მარტის მოვლენების დროს დანგრეული სერბიული ეკლესიების ასაშენებლად დახმარებისათვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს. თუმცა დრაშკოვიჩი თავის მხრივ, ითხოვს უფრო ფართო პროგრამას, რომელიც გასული ხუთი წლის განმავლობაში დაზიანებული 40 000 სერბული ნაგებობის რეკონსტრუქციასა და ხელახალ აშენებას ითვალისწინებს. მათ შორისაა ეკლესიები და მონასტრები.

სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დააფინანსონ. ხოლო კულტურული ძეგლების რესტავრაციაზე მეთვალყურეობა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ითავოს.
კოსოვოში მოვლინებულ უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს, მისივე თქმით, ეკლესიებისა და მონასტრების დაცვაც უნდა დაევალოთ, ვინაიდან ეს უკანასკნელნი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენენ.

[დრაშკოვიჩის ხმა]" მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა და დახმარება გაუწიონ სერბებსა და სხვა არა ალბანელებს ისევე, როგორც 1999 წლის 10 ივნისის შემდეგ დაეხმარნენ ეთნიკურ ალბანელებს."

გაეროს ადმინისტრატორმა კოსოვოში ჰარი ჰოლკერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაეროს მოქმედი პროგრამის" სტანდარტები სტატუსამდე" ძირითადი რეფორმა სწორედ სერბული უმცირესობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მან მოუწოდა სერბ ოფიციალურ პირებს, აქტიურად ჩაებან რეფორმათა რეალიზების გეგმაში და ტექნიკურ საკითხებზე, კერძოდ დევნილთა მშობლიურ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, პრისტინასთან დიალოგი განაახლონ.

[ჰოლკერის ხმა]" მე კარგად მესმის მათი ეჭვების. განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ძალადობის საშინელი შოკის შემდეგ. მაგრამ ამგვარი მონაწილეობა საუკეთესო გზაა, ერთის მხრივ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი ხმა გვესმის, მეორეს მხრივ კი მათივე ინტერესების დასაცავად."

ჰოლკერი ამბობს, რომ იგი პერსონალურად ცდილობდა გაეროს მისიასა და კოსოვოს დროებით სამთავრობო ინსტიტუტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას. ეს ითვალისწინებდა ეთნიკური ალბანელების წარმოამდგენლების მეტი უფლებებით აღჭურვასა და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. მაგრამ ჰოლკერი ამავდროულად გამოთქვამს ეჭვს, რომ ისეთ საკითხზე, მაგალითად, როგორიცაა სერბთა მშვიდობიანი დაბრუნება, დროებითი ავტორიტეტები არასათანადოდ იზრუნებენ.არადა, როგორც ის ამბობს, ძალაუფლების გადანაწილების პროცესის ტემპი დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, თუ ადგილობრივი ხელისუფლება როგორ შეძლებს ეროვნული უმცირესობების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

კოსოვოს მულტიეთნიკური საზოგადოების მშენებლობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს ასევე ალბანეთის ელჩი გაეროში აგიმ ნეშო. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო არ უნდა დაეთანხმოს ბელგრადის მიერ დეცენტრალიზაციის პროცესის სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე განხორციელებას.

[ნეშოს ხმა]" მულტიეთნიკური საზოგადოების მშენებლობის პროცესი არ შეიძლება განხორციელებულ იქნას გაყოფისა და კანტონიზაციის ძველი იდეების ახალი ვარიაციებით, რომლებიც სამართლებრიობის საბურველშია და წარმოჩენილია, როგორც ძალაუფლების დეცენტრალიზაციის დემოკრატიული პროცესი."

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ხელახლა გამოხატეს მოქ,ედების გეგმისადმი თავიანთი მხარდაჭერა. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს კოსოვოს ალბანელ ლიდერებს, დაიცვან უმცირესობების უფლებები. საბჭო აპირებს ერთ წელში შეცვალოს კოსოვისათვის შემუშავებული სტანდარტები და ამჯერად უკვე პროვინციის საბოლოო სტატუსზე გასცეს რეკომენდაციები. რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე კონუზინმა საამისოდ საუკეთესო დროდ მომავალი წლის შუა თვეები მიიჩნია.








XS
SM
MD
LG