Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო კონტროლი სამართალდამცავ სამსახურებზე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ყოველთვის აქტუალური იყო სამართალდამცავი სამსახურების კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დაწერილი და განხორციელებულია მრავალი პროექტი,

მაგრამ ძნელია ამტკიცო, რომ მათ სასურველი შედეგი გამოიღეს და ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებაზე გავლენას ახდენს სამოქალაქო აქტივისტთა საქმიანობა. წინასწარი დაკავების საკნების მონიტორინგი, პატიმართა უფლებების დასაცავად მიმართული მრავალი ინიციატივა, ქალაქის ადვოკატის პროექტი, წამების წინააღმდეგ არაერთი გამოსვლა - ამ ყველაფერმა მაინცდამაინც საგრძნობი კვალი ვერ დააჩნია პოლიციისა და პროკურატურის საქმიანობას. 13 მაისს სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE ახალი პროექტით წარდგა საზოგადოების წინაშე და იმედოვნებს, რომ ამჯერად მისი განხორციელების პოზიტიური ეფექტი შესამჩნევად მეტი იქნება.

სამართლებრივი განათლების ასოციაციის გარდა, პროექტში ჩაბმულნი არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თავისუფლების ინსტიტუტი და ბრიტანეთის საბჭო. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. მართალია, პროექტი მონიტორინგსაც შეიცავს, მაგრამ მისი განხორციელება წარმოუდგენელია სამართალდამცავი სამსახურების რეფორმის გარეშე. პროექტის წარდგენისას ALPE-ს წევრმა მერაბ ბასილაიამ აღნიშნა, რომ "გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი სამსახურებისადმი დღეს უპრეცედენტოდ მაღალია. ამ ნდობას რეალიზება სჭირდება, თქვა ბასილაიამ, რაც საზოგადოებისა და სამართალდამცავების თანამშრომლობას გულისხმობს.

ALPE-ს დირექტორი ზურაბ გუნცაძე პროექტის ძირითად მიზნებს ასე აყალიბებს:

[გუნცაძის ხმა] "ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამოქალაქო ზედამხედველობის ძლიერი სისტემის შექმნა. საქართველოს ყველა მსხვილ რეგიონში პოლიციის სამმართველოებთან შეიქმნება საზედამხედველო საბჭო, რომელიც ვალდებული იქნება, მონიტორინგი გაუწიოს პოლიციის საქმიანობას და ნებისმიერი დარღვევისას შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. მეორე მიმართულებაა სასწავლო კურსების ორგანიზება პოლიციის აკადემიისთვის, რომელთანაც უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმება. პოლიციის თანამშრომლებს გაწვრთნიან სამი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, პოლიციური ეთიკა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები."

პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა მედია კამპანიების გზით ხელი შეუწყოს საზოგადოებისა და სამართალდამცავების ურთიერთობათა გამოსწორება-გაჯანსაღებას. შესაბამისად, პროექტის მიზნობრივ ჯგუფებს, შსს-ს თანამშრომლებისა და მედიის გარდა, შეადგენენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, საერთოდ, მოქალაქეები. პროექტის მთავარი მესიჯი კი, ზურაბ გუნცაძის თქმით, ესაა:

[გუნცაძის ხმა] "ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დაეფუძნოს კანონის უზენაესობას."

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს მერაბ ტურავას ვთხოვე, აღენიშნა თავისებურება, რომელიც 13 მაისს წარმოდგენილ პროექტს განასხვავებს აქამდე განხორციელებული მსგავსი შინაარსის პროექტებისაგან.

[ტურავას ხმა] "სამართალდამცავი სისტემა იმდენად დახურულ სივრცეს წარმოადგენდა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ნება ასეთი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. ვფიქრობ, დღევანდელი პროექტი იმითაც იქნება წარმატებული, რომ სახელმწიფო ხელს არ შეუშლის სამართალდამცავი სისტემის საზოგადოებასთან დაკავშირებას."

მერაბ ტურავას პროექტის წარმატების წინაპირობად ის ადამიანებიც ეგულება, სახელმწიფო - მათ შორის, სამართალდამცავ -სამსახურებში სამოქალაქო აქტივობის გამოცდილებით რომ მივიდნენ და აცნობიერებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG