Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდება თუ არა წალკაში სპეცოპერაცია იარაღის ამოსაღებად?


წალკაში შინაგანი ჯარის ქვედანაყოფების შეყვანის შემდეგ, მოსახლეობა რაიონში უკანონო იარაღის ამოღების სპეცოპერაციას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით,

ამ მიზნით ხუთშაბათს წალკაში ვერტმფრენით გამგზავრებას გეგმავდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, მაგრამ უამინდობის გამო ეს ფრენა არ შედგა. სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს სეპცდანიშნულების წარმომადგენლებმა აჭარის ტერიტორიაზე იარაღის კიდევ ერთი მსხვილი საცავი აღმოაჩინეს. გია ბარამიძე აცხადებს, რომ წალკაში აუცილებლად დაიწყება იარაღის ამოღების სამუშაოები, მაგრამ, აჭარისგან განსხვავებით, ოპერაციას უფრო მცირე მასშტაბები ექნება.


შინაგანი ჯარის ქვედანაყოფს, რომელიც სამშაბათს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წალკის რაიონში დაბანაკდა, ჯერ არ მიუღია ბრძანება მოსახლეობიდან იარაღის ამოღების შესახებ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ რით არის დაკავებული ქვედანაყოფი წალკის რაიონში. სარდალ გიორგი თათუხაშვილის ბრძანებით, რომელიც ძირითად ძალებთან ერთად აჭარაში იმყოფება, წალკაში გადასროლილი შინაგანი ჯარის წარმომადგენლებს აკრძალული აქვთ პრესასთან ურთიერთობა. თავად რაიონის სომხური მოსახლეობა კი დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია საჯარისო ნაწილის გამოჩენას. მას კვლავინდებურად მიაჩნია, რომ წალკაში არაფერი ხდება ისეთი, რაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არ ხდებოდეს, და ხმებს სომხების ხელში იარაღის არსებობის შესახებ გადაჭრით უარყოფს.

[სოფელ დარაკოკის მკვიდრი არმენ კარაგეზიანი] "ყველაფრის თქმა შეიძლება. ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ აჭარლებს ატომური ბომბი აქვთ."

უთხრა რადიო "თავისუფლებას" წალკის რაიონის სოფელ დარაკოკის მკვიდრმა არმენ კარაგეზიანმა.

სიტუაციის დრამატიზებას და კარსმომდგარ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარს გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რომელმაც კვირის დასაწყიში სომხებსა და ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უცნაური ტერმინი, ეკოლოგიური დაპირისპირება, უწოდა და ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნა.
ხუთშაბათს, სიტუაციის შესწავლის მიზნით, გიორგი ბარამიძე თავადაც გეგმავდა წალკაში ჩასვლას, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა უამინდობის გამო ბათუმიდან გაფრენა ვერ შეძლო. თუმცა, როგორც გიორგი ბარამიძემ რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, წალკის რაიონში უკანონო იარაღის ამოღება კვლავ რჩება დღის წესრიგში.

[კობა ლიკლიკაძე] "რა ხდება, რა ოპერატიული ინფორმაცია გაქვთ წალკიდან?"
[გიორგი ბარამიძის ხმა] "არაფერი. იქ ახლა სიმშვიდეა, მაგრამ იქ გარნიზონს ჩავაყენებთ, დარჩება ეს შინაგანი ჯარი."
[კობა ლიკლიკაძე] "სპეცოპერაცია თუ დაიწყება იარაღის ამოსაღებად?"
[გიორგი ბარამიძის ხმა] "არა, ასე მასიურად არა, ნელ-ნელა ამოვიღებთ იარაღს."

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ შემდგომში ყოველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, შინაგანი ჯარის კონტინგენტის ბაზაზე წალკაში, შესაძლოა, მუდმივი გარნიზონი შეიქმნას. საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ნელ-ნელა მწიფდება აზრი დედაქალაქიდან საჯარისო ნაწილების გაყვანისა და სწორედ ოპერატიულ მიმართულებებზე მათი დისლოცირების თაობაზე. პოტენციური კონფლიქტის კერებში აქცენტი გაკეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებზე, რომლის ბაზაზე პერსპექტივაში მრავალფუნქციური ჟანდარმერიის შექმნა იგეგმება. ამ იდეას უკვე გამოუჩნდნენ აქტიური მხარდამჭერები არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სამეცნიერო წრეებში. თუმცა არსებობენ ოპონენტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ზედმეტი სამხედრო ხარჯების გასაწევად მზად არ არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG