Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


539-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 539-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ეთნიკურ უმცირესობათა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ; გავარკვევთ, რატომ უწუნებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სახელმწიფო ბიუჯეტს „ორიენტაციას"; შევეცდებით, პასუხი გავცეთ შეკითხვებს, რომლებიც ტელეეთერიდან ყველაზე პოპულარული გადაცემების გაქრობისას გაჩნდა; გამოშვების მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ სიუჟეტებს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ, რომელიც ხუთშაბათს გაიხსნა, და გამოჩენილ ესპანელ მხატვარ სალვადორ დალიზე. ამ დღეებში დალის თაყვანისმცემლები მის ასწლიან იუბილეს ზეიმობენ.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ეთნიკურ უმცირესობათა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში შარშანდელი ნოემბრის მოვლენების შემდეგ არასამთავრობო სექტორიდან ბევრმა ადამიანმა პოლიტიკას მიაშურა რაც, შეიძლება თქვას, დაეტყო კიდეც მესამე სექტორს. ამდენად, ბუნებრივია ინტერესი ახალი თაობის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. ასეთი ინტერესის გამოხატულებაა დავით პაიჭაძის სიუჟეტი, რომელიც მოგითხრობთ ორი, შედარებით ახალი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ცენტრ "თემიდისა" და საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრის შესახებ. დავით პაიჭაძე ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, ლევონ ისახანიანსა და კარენ ელჩიანს ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სამოქალაქო გაერთიანებები ძირითადად უმცირესობათა პრობლემებს უტრიალებენ. თუმცა, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას უმცირესობათა ორგანიზაციები არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. ასე მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი, ლევონ ისახანიანი ორგანიზაციის უახლოეს ნაბიჯზე მესაუბრება:

[ისახანიანის ხმა] "ჩვენ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, მომავალი საუნივერსიტეტო წლიდან ვგეგმავთ თბილისის ორ უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კურსის დაწყებას. ჩვენს გვაქვს საამისო ადამიანური რესურსი, ლიტერატურითა და აღჭურვილობით კი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაგვეხმარება".

მაგრამ არის სპეციფიკური პრობლემა, რაც შეიძლება აწუხებდეს საქართველოს ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეებს. საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი, კარენ ელჩიანი ორ ძირითად პრობლემას ხედავს:

[ელჩიანის ხმა] "მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დეზინტეგრაციაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მოსახლეობაში ინტეგრირებისათვის. მეორე პრობლემაა ასიმილაცია. ფაქტია, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ პრობლემას აქტუალობა ემატებოდა: ძალიან ბევრი იყო ასიმილირებული".

კარენ ელჩიანის აზრით, ამ პრობლემებს თავიანთი გეოგრაფია აქვთ: ასიმილაციის პრობლემა უფრო საქართველოს დედაქალაქის მკვიდრ სომეხთა ნაწილს აწუხებს, ხოლო დეზინტეგრაციის საკითხი ყველაზე მწვავედ ჯავახეთშია წამოჭრილი. ლევონ ისახანიანი ასე აღწერს ჯავახეთში მოსახლე საქართველოს მოქალაქე სომეხთა მდგომარეობას:

[ისახანიანის ხმა] "მათი სამოქალაქო თვითშეგნების დონე საკმაოდ დაბალია. რეგიონის მოსახლეობას ძალიან ცუდად ესმის, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა. მოსახლეობა თითქმის საერთოდ არ იცნობს კანონმდებლობას, კონსტიტუციას, რომელიც კანონმდებლობის ბაზისია".

კარენ ელჩიანი ლაპარაკობს ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სპეციფიკურ შიშზე, რომელსაც რეგიონიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ იქ რატომღაც თურქეთის შეიარაღებული ძალების შესვლის მოლოდინი წარმოშობს.

[ელჩიანის ხმა] "რეალურად ეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის არავითარ პრობლემას. ჩვენ გვესმის, თუ წავა რუსეთის ბაზა, არანაირი თურქული ჯარი საქართველოს ტერიტორაზე არ შემოვა. მაგრამ ეს ძნელია აუხსნა იქაურ მოსახლეობას, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია. ძალიან იოლია, იქ გასწიო აგიტაცია, რომ, აი, რუსები თუ წავლენ, მოვლენ თურქები და საქმე ცუდად წაგივათ. თუ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ვერ უყურებს ტელევიზორს და ვერ იგებს ვერაფერს მისი ქვეყნის შესახებ, მას ინფორმაცია მისდის ჭორის სახით".

საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრისა და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ცენტრ "თემიდის" ძალისხმევა, ჯერჯერობით ჯავახეთს ვერ სწვდება. მათი მოქმედების არეალი თბილისია. "თემიდის" ხელმძღვანელი, ლევონ ისახანიანი მონიშნავს მისი ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებას:

[ისახანიანის ხმა] "ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მუშაობა საქართველოში მოქმედ სომხურ სკოლებთან. სკოლებში ჩვენ უწინარესად ვაპირებთ მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. გვინდა, თბილისის სომხურ და სომხურ-რუსულ სკოლებში დავიწყოთ ადამიანის უფლებათა და, ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობასთან, სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული კურსის წაყვანა. ეს კურსი ტავიდან უფროსკლასელებზე იქნება გამიზნული, მოგვიანებით კი მის გაფართოებაზეც ვიზრუნებთ".

საერთოდ კი, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, ვთქვათ ასე, იდეალური ინტეგრაცია, ლევონ ისახანიანს ასე წარმოუდგენია:

[ისახანიანის ხმა] "ახალგაზრდა ქვეყნის მოქალაქე ისწავლის სახელმწიფო ენას, გარკვეულწილად ისწავლის ქვეყნის კანონმდებლობას, პიროვნებას ექნება საშუალება, უფრო ღრმად და კარგად გაეცნოს მისი მოქალაქეობის ქვეყნის დამახასიათებელ ამა თუ იმ ელემენტს; ეს ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ამ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში, ეს კომპონენტები ამ ადამიანისგან შექმნის სრულფასოვან მოქალაქეს".

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ლევონ ისახანიანი. ეთნიკურ უმცირესობათა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მასალა დავით პაიჭაძემ მოამზადა.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სახელმწიფო ბიუჯეტს „ორიენტაციას" უწუნებს

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ახლახანს მიღებული 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შეფასებები გააკეთა. ასოციაციის წევრები საბიუჯეტო პროცესებში დადებით ტენდენციებს მიესალმებიან, თუმცა მთავარ ეკონომიკურ კანონს "ორიენტაციას" უწუნებენ და თვლიან, რომ მხოლოდ სოციალურ დაფინანსებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი "გადარჩენის ბიუჯეტად" ინათლება და შორსაა ქვეყნის განვითარების ბიუჯეტისგან. ამ თემაზე ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

ზაზა გაჩეჩილაძე:
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია კვირის დასაწყისში მიღებული 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს აფასებს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ შეგრელაშვილი სასემოსავლო ნაწილის სერიოზულ ზრდას მიესალმება, თუმცა ძირითადად ახალი ბიუჯეტის პროექტის მინუსებზე საუბრობს.

[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] - "რაც შეეხება ახალ ბიუჯეტს, მე მიმაჩნია, რომ მასში ასე მკაფიოდ არ ჩანს პრიორიტეტები. მართალია არის სერიოზული რაოდენობრივი ზრდა, მაგრამ არ არის ვთქვათ, ისეთი პრიორიტეტი, რომ განსაზღვრულ მიზანს ქვეყანა მიაღწევს რაღაც პერიოდში, ეს ჩემი აზრით, ნაკლებად არის. კი თითქმის ყველა მუხლში დაფიქსირებულია ზრდა, მაგრამ ეს მაინც რაოდენობრივი მატებაა და არა რამდენიმე სფეროზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება. როგორც მოსალოდნელი იყო სოციალური ხარჯების როლი დიდია ბიუჯეტში, ასევე თავდაცვის ხარჯები საკმაოდ გაზრდილია. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია თავად ის დამოკიდებულება, რასაც მთავრობა ავლენს თავად ამ საკითხებისადმი"

გარდა იმისა, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის არანაირ საშუალებას არ ითვალისწინებს, ახალგაზრდა ეკონომისტები განსასაკუთრებით ადგილობრივ ბიუჯეტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მართალია, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ეს მატება არ ეხება ადგილობრივ ბიუჯეტებს და არც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზეა გამოკვეთილი დამოკიდებულება.

[თენგიზ შერგელასვილის ხმა] - " ბოლო დღეებში როდესაც საუბარია ამ ბიუჯეტზე და აქცენტი ძირითადად პენსიებზე კეთდება, ძალიან ბევრი პრობლემა დარჩა გვერდზე, დარჩე გვერდზე თუნდაც ის, თუ რას ვშვებით თუნდაც ადგილობრივ ბიუჯეტებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ ამ მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელ წელს საქართველოს ყველა სოფელში, ყველა ქალაქსა და დაბაში არაფერი არ განვითარდება, ანუ ერთი წელი კიდევ დავკარგეთ ამ კუთხით, ამაზე არავინ არ საუბრობს, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა არის საინვესტიციო გარემო და ეს ბიუჯეტი რით შეუწყობს ხელს ამ საინვესტიციო გარემოს, ანუ განვითარდება ინფრასტრუქტურა თუ რა მოხდება, ამიტომ ვთვლი, რომ დამოკიდებულება უფრო პოპულიზმთან არის ახლოს, ვიდრე სწორ ხედვასთან. "

საბოლოოდ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში თვლიან, რომ 2004 წლის ბიუჯეტის სოციალური ნაწილის ანალიზი უფრო საიმედოა, ვიდრე ეს წინა წელს იყო. მაგრამ მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ გააუმჯობესოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია და მის განვითარებაზე რეალურად იზრუნოს.

ზაზა გაჩეჩილაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


მასმედია კრიზისის შემდეგ

ბიძინა რამიშვილი:
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი თვალსაჩინო ტენდენცია მასმედიის შეზღუდვა იყო. არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს მკაფიო პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ტელეეთერიდან ყველაზე პოპულარული გადაცემების გაქრობისას გაჩნდა. რისი შეეშინდა ხელისუფლებას და რით უპასუხა მასმედიამ მისი როლის შეზღუდვის მცდელობას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ია ანთაძე შეეცდება.

ია ანთაძე:
ბოლო თვეების მოვლენებმა დაადასტურა, რომ ვერც ედუარდ შევარდნაძე და ვერც ასლან აბაშიძე ადეკვატურად ვერ აფასებდნენ რიგითი მოქალაქის როლს პოლიტიკური ლიდერის კარიერაში. ქართული მედიაც, როგორც წესი, თავის უმთავრეს ნაკლად მიიჩნევდა ორიენტაციას ხელისუფლებაზე და არა ჩვეულებრივი ადამიანის პრობლემებზე. ამ ნაკლზე ჟურნალისტები ყოველი საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრისას საუბრობდნენ. მართლაც, გაზეთების პირველ გვერდებზე იშვიათად თუ გამოჩნდებოდა უცნობი სახე - არაპოლიტიკოსი და არაჩინოვნიკი. ტელეკამერაც, ჩვეულებრივ, ოფიციალურ პირებს დაჰყვებოდა.

ამგვარი აქცენტის მიუხედავად, ქართულმა მედიამ შეძლო, საკუთარი სერიოზული წვლილი შეეტანა პოლიტიკის მთავარ პერსონაჟად მთელი მოსახლეობის ჩამოყალიბებაში. ფაქტობრივად, გაზეთი, რადიო და ტელევიზია იქცა იმ ძარღვად, რომელიც თითეულ მოქალაქეს თავისი სამშობლოს აწმყოსთან და მომავალთან აკავშირებდა.

ახალმა ხელისუფლებამ, ძველისგან განსხვავებით, ზუსტად იცის როგორც საზოგადოების, ისე მედიის როლი პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ, ბუნებრივიც არის, რომ ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელმაც დანაკარგები განიცადა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მედია აღმოჩნდა. დაიხურა ტელეკომპანია "მეცხრე არხი", რიგრიგობით გაქრა პოლიტიკური დებატები ტელეკომპანიების: "მზის", "რუსთავი 2"-ის, "იმედის" და "იბერიის" ეთერიდან. ინფორმაცია დარჩა ძველი მოცულობით, მაგრამ ტელეეთერი დაიხურა ოპოზიციური და ექსპერტული აზრისთვის.

მაგრამ კრიზისი დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ ორიოდე თვეში საპირისპირო პროცესი დაიწყო. ღამის საინფორმაციო გადაცემებში სტუმრების მოწვევა განაახლეს ტელეკომპანიებმა "მზე", "რუსთავი 2" და "იმედი". გაჩნდა თვისებრივად ახალი გადაცემა: "ტელედებატები შალვა რამიშვილთან და მიშა მშვილდაძესთან ერთად." აღდგა კონკურენტული გარემო და თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს საშულება მიეცა, პირდაპირ ეთერში მოისმინოს მხარეთა არგუმენტები დღის მთავარ თემებთან დაკავშირებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გაზეთებში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებს ახალი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის კეთილსინდისიერებას. ჟურნალისტები ცდილობენ, მოძებნონ დასაბუთებული პასუხები ყველა შეკითხვაზე, რომელიც საზოგადოებას უჩნდება. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მასმედიამ ძალები აღიდგინა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად შეუდგა თავისი ფუნქციის შესრულებას. დღეს ისიც შეიძლება ითქვას, რომ თუკი ედუარდ შევარდნაძის ღვაწლზე ვისაუბრებთ, მისი მთავარი შინაარსი, ალბათ, პრესის და, ზოგადად, სიტყვის თავისუფლება იქნება.

ია ანთაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.


კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა სტარტი აიღო

[მუსიკა და გამომცხადებლის ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
ლაურა მორენტე, რომლის სახელმაც ამ საზეიმო მუსიკის ფონზე გაიჟღერა, ახალგაზრდა იტალიელი მსახიობია და მან, კონფერანსიეს ამპლუაში, ოთხშაბათს საღამოს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა. კანი, მოგეხსენებათ, საფრანგეთში მდებარეობს და მორენტემაც ფრანგულად მიმართა შეკრებილებს, შემდეგ კი სცენაზე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კუენტინ ტარანტინო მიიწვია. ამერიკელმა რეჟისორმა, მართალია, მშობლიურ ენას მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ საკვანძო სიტყვები მაინც ფრანგულად წარმოთქვა - "გაუმარჯოს კინოს"! [კვენტინ ტარანტინოს ხმა]

მოკლედ, კანის წლევანდელი, 577-ე ფესტივალი 12 მაისს ჩვეული ზარ-ზეიმით გაიხსნა. უფრო ზუსტად, თითქმის ჩვეული ზარზეიმით. აქტუალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ (რად ღირს თუნდაც ერაყის ამბები) ჩრდილი მიაყენა კინემეტოგრაფისტების საქმიან და თავშესაქცევ თავყრილობებს, რომლებშიც უკვე ჩართულები არიან, ან მალე ჩაერთვებიან პედრო ალმოდოვარი, სოფია კოპოლა, ბრედ პიტი, კამერონ დიასი, უმა ტურმანი... რაც შეეხება კანში ჩატანილ ფილმებს, მათზე და არა მარტო მათზე მარიამ ჭიაურელი გიამბობთ.

მარიამ ჭიაურელი:
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 18 ფილმია ჩართული, მათ შორის დიდი სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას ახალი ნამუშევარი "ცხოვრება სასწაულია", ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, სამხრეთკორეელი, ამერიკელი კინემატოგრაფისტების ფილმები. მაგრამ ინტერესი ფესტივალის დაწყებამდე მათზე, ფაქტობრივად, არ განაწილებულა - თითქმის მთლიანად ერგო ერთ ფილმსა და მის რეჟისორს. ფილმს ეწოდება "ფარენჰაიტი 9/11", მისი რეჟისორი კი ამერიკელი მაიკლ მური გახლავთ - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ალბათ, ყველაზე თავგამოდებული და ხმაურიანი მოწინააღმდეგე (ყოველ შემთხვევაში დასავლურ სამყაროში).

[მაიკლ მურის ხმა] ეს სიტყვები - "გრცხვნოდეთ, ბატონო ბუშო" - მაიკლ მურმა წარმოთქვა 2003 წელს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული კინოპრემიით, ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიაზე. მაშინ ოსკარი ერგო მურის დოკუმენტურ ფილმს "ბოულინგი კოლუმბინესათვის" - ის ეხება იარაღის კულტს ამერიკელების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში. აი, უფრო ვრცელი ნაწყვეტი მურის მაშინდელი გამოსვლიდან: [მაიკლ მურის ხმა] "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა არჩევნებს ფიქტიური შედეგები აქვს, და გვყავს ფიქტიური პრეზიდენტი... ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ვიღაცა ფიქტიური მიზეზებით ომში გვაგზავნის: რა ფიქციაც უნდა იყოს ეს - ბიოლოგიური იარაღით თავდასხმისაგან დაცვის გათამაშება, თუ უსაფრთხოების ნარინჯისფერი საფეხურის გამოცხადება - ჩვენ ომის წინაღამდეგი ვართ, ბატონო ბუშო! გრცხვენოდეთ, ბატონო ბუშო! გრცხვენოდეთ!"

ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიისათვის ამ, დამეთანხმებით, უჩვეულო გამოსვლას არ შეიძლებოდა, ყურადღება არ მიეპყრო და მაიკლ მური მთელს მსოფლიოში ცნობილი კაცი გახდა. მაგრამ წელს კანში მისი და მისი ახალი ფილმის მიმართ გამორჩეულ ინტერესს სხვა მიზეზებიცა აქვს.

ჯერ ერთი: გასულ კვირაში კომპანია "უოლტ დისნეიმ" უარი თქვა მურის ფილმის, "ფარენჰაიტი 9/11"-ის დისტრიბუციაზე - ფილმი, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკა, "მეტისმეტად არაობიექტურიაო". მური კი რისი მურია, ამ გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ რომ შეგუებოდა - რეჟისორი ირწმუნება, რომ "უოლტი დისნეი" დიდ ფულს აკეთებს ფლორიდაში და არ უნდა იქ საქმე გაიფუჭოს, ითვალისწინებს რა, რომ ფლორიდის გუბერნატორი ჯორჯ ბუშის ძმაა...

და მეორე მიზეზი, რის გამოც მაიკლ მურისადმი კანში გამორჩეულ ინტერესს იჩენენ: საფრანგეთში საკმაოდ გავრცელებულია ჯორჯ ბუშისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ერაყში ომით უკმაყოფილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე, რომ ბევრი ფრანგი, გარკვეულწილ, თანამოაზრედ მიიჩნევს მაიკლ მურს... [გრეგ კილდეის ხმა] "მაიკლ მურის ფილმი "ბოულინგი კოლუმბინესათვის" 2 წლის წინ აჩვენეს კანში - ის ნამდვილი ჰიტი იყო. ძალიან დიდია ინტერესი მისი ახალი ფილმისადმიც, რომელიც პრეზიდენტ ბუშსა და 11 სექტემბრის შემდგომ ამერიკულ პოლიტიკას ეხება. ამიტომ ვფიქრობ: შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში რომ არც მომხდარიყო დაპირისპირება (კომპანია "უოლტ დისნეის" გადაწყვეტილების გამო), ფილმისადმი ინტერესი აქ, კანში მაინც დიდი იქნებოდა", ამბობს გრეგ კილდეი, ამერიკულ ჟურნალ "ჰოლივუდ რეპორტერის" კორესპონდენტი, რომელსაც კანში ჩვენმა კოლეგამ, ჯეფრი დონოვენმა დაურეკა.

რაც შეეხება დანარჩენ ფილმებს, უკვე ვახსენეთ კუსტურიცას ნამუშევარი. 1995 წელს კუსტურიცას ფილმს "იატაკქვეშეთი" კანში მთავარი პრიზი, "ოქროს პალმა" ერგო. "ოქროს პალმის" 96 წლის ლაურეატის, ირანელი აბბას კიარომსტამის ახალ ფილმს კი "ათი ათზე" კონკურსგარეშე აჩვენებენ. ასევე კონკურსგარეშე, კინოფესტივალის გახსნის დღესვე აჩვენეს ესპანელი პედრო ალმოდოვარის ფილმი "ცუდი აღზრდა". ჰოლივუდის ნაწარმიდან კი ინტერესს იწვევს ფილმი "ქალის მკვლელები", რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს [ხმა: ნაწყვეტი ფილმიდან "ქალის მკვლელები]

გამარჯვებულებს კანში 22 მაისს დააჯილდოვებენ. კინოფესტივალის პირველ დღეებში კი სალაპარაკო თემებია (კინოხელოვნების გარდა) ერაყის ომი, ფრანგი პროფკავშირელების პროტესტი და საკმაოდ უხეირო ამინდი...


[მუსიკა]

სალვადორ დალის 100 წლისთავი

ბიძინა რამიშვილი:
11 მაისს ასი წელი წესრულდა დიდი ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის დაბადებიდან. დალის შემოქმედებას, - მის თითქოს სიზმრების ამსახველ, ბრწყინვალე ტექნიკით, ხშირად რენესანსის სტილში შესრულებულ სურათებს, - ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. დალი მხატვარი ისევე საინტერესო ფენომენია, როგორც დალი ადამიანი. ზოგს მისი ექსცენტრულობა აღიზიანებდა, ზოგისთვის კი ეს მისი გენიალური ხელოვნების ნაწილია. სალვადორ დალის ფენომენის ახსნის უამრავი მცდელობა არსებობს. ამას არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეები აკეთებენ. ძნელად თუ მონახავთ სხვა ისეთ მხატვარს, რომლის შემოქმედებით იმდენი ფსიქოლოგი დაინტერესებულიყოს, როგორც ეს დალის შემთხვევაშია. დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტუმარია. ჩვენი გადაცემის წინ თბილისში დავურეკეთ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას - სალვადორ დალის ფენომენის მკვლევარს და მხურვალე თაყვანისმცემელს.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, რომელსაც თბილისში დავუკავშირდით. აქვე ბოდიში მინდა მოგიხადოთ უხარისხო სატელეფონო კავშირისთვის.
სალვადორ დალის იუბილესთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში იმართება საზეიმო ღონისძიებები. ორშაბათს დალის მშობლიურ ქალალქ ფიგუერესში დალის დიზაინის მიხედვით დამზადებული საშობაო სანთლები დაანთეს. მხატვრის სახლის წინ დოლების ტრადიციული კონცერტი გაიმართა. ქალაქის მეპურეებმა დალის საყვარელი პურები დააცხვეს და შემდეგ უფასოდ დაარიგეს.
ცხადია, საზეიმო წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დალის ნამუშევრების გამოფენებს. ესპანეთში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა 5 თებერვალს გაიხსნა ბარსელონაში. იგი 23 მაისამდე გასტანს, ასე რომ, დალის მოყვარული თუ ხართ და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ბარსელონაში მოგიწევთ ყოფნა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. გამოფენა შემდეგ ფლორიდასა და როტერდამში გადაინაცვლებს.
მსოფლიოში უდიდესი გამოფენა კი 12 სექტემბერს გაიხსნება ვენეციაში და 9 იანვრამდე გასტანს. მასზე წარმოდგენილი იქნება დალის 150-მდე ტილო.
დალის სურათების გამოფენები მოეწყობა პოლონეთში, ქალაქ ჟიელონა გურაში. აგრეთვე გერმანიაში, ბრუხზალის სასახლეში და მიუნხენში.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG