Accessibility links

logo-print

თბილისში სახელმწიფო გერბისა და დევიზის კონკურსისთვის შერჩეული პროექტების გამოფენა გაიხსნა


14 მაისს ცისფერ გალერეაში სახელმწიფო გერბისა და დევიზის კონკურსისთვის შერჩეული პროექტების გამოფენა გაიხსნა, ის 17 მაისამდე გასტანს, ამის შემდეგ კი დაახლოვებით 20-21 მაისისთვის

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მოკლედ, მალე საქართველოს ახალი სახელმწიფო ატრიბუტიკის: გერბის და დევიზის საკითხი უნდა გადაწყდეს. საკონკურსოდ რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული სახელმწიფო გერბისა და დევიზის პროექტები და როგორი იყო ამ პროექტების გამოფენაზე მისულების პირველი შთაბეჭდილებები ამის შესახებ ეკა წამალაშვილი ისაუბრებს.

[ელდარ შენგელაიას ხმა] "სახელმწიფო გერბის პროექტისა და დევიზის გამოფენას გახსნილად ვაცხადებ, ეხლა შეგიძლიათ შემობრძანდეთ, დაათვალიეროთ და თქვენი აზრი ჩამოაყალიბოთ. "


გამოფენა "ცისფერ გალერაში" საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ გახსნა. მასზე სახელმწიფო გერბის 15 პროექტი და დევიზის 10 ვარიანტია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი კი გერბის 31 პროექტიდან და დევიზის 20 ვარიანტიდან იქნა შერჩეული, იმისდა მიხედვით რომელი პროექტი აკმაყოფილებდა და რომელი არა კონკურსის პირობებს. რაში მდგომარეობდა პირობები, პირველი - ავტორს უნდა გაეთვალისწინებინა ქართული სახელმწიფო ჰერალდიკის ტრადიციები, სახელმწიფო და არა სამხარეო ან საგვარეულო ჰერალდიკის და მეორე - საჭირო იყო ჰერალდიკის საერთაშორისო კანონების გათვალისწინებაც.

რა იქცა სახელმწიფო გერბის კონკურსისთვის შერჩეული ნამუშევრების მთავრი თემად ეს ჩვენთან საუბრისას სახელმწიფი ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ სამსონაძემ განმარტა:

[მიხეილ სამსონაძის ხმა] "საქართველო წმინდა გიორგი ქვეყნაა, უფლის კვართი საქართველოშია და წამყვანი მოტივიც სწორედ ეს არის: წმინდა გიორგი, ქრისტიანობა, ჯვარი. "

კომისიის მიერ შერჩეულ პროექტები მართლაც ხაზს უსვავს იმას, რომ საქართველო წმინდა გიორგის და უფლის კვართის ქვეყანაა, მათგან კომისიის ერთ-ერთ წევრს მალხაზ აფრასიძეს მხოლოდ ერთის მიმართ აქვს პრეტენზია იმის გამო, რომ ამ უკანასკნელში ბაგრატოვანთა საგვარეულო გერბის ელემენტებია გამოყენებული, თანაც გერბის მთავარ ნაწილში - ფარში. " თუ კონკურსში გამარჯვებული ეს პროექტი აღმოჩნდება, მის ავტორს აუცილებლად მოუწევს ჩვენი შენიშვნის გათვალისწინება, რადგან სახელმწიფო გერბისთვის არ შეიძლება საგვარეული გერბის ელემენტების გამოყენებაო" - ფიქრობს მალხაზ აფრასიძე. მისივე თქმით:

[მალხაზ აფრასიძის ხმა] " გერბის მთავარი ნაწილი არის ფარი, დანარჩენი ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო და შეიძლება არ გამოიყენო: გვირგვინი, მუზარადი და ასე შემდეგ. "

შერჩეულ პროექტებში ფარი მეტწილად ფრანგულია, ზოგჯერ ესპანური. ამ და სხვა ელემენტებით ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ერთი შეხედვით ისინი ერთმანეთის მსგავსია, ყოველშემთხვევაში ასეთია გამოფენაზე მისულების პირველი შთაბეჭდილება.

[ერთ-ერთი დამთვალიერებლის ხმა] "წამყვანი კომპონენტები: ქრისტეს პერანგი, წმინდა გიორგი ყველგან ერთი და იგივეა, დანარჩენი ხარისხზეა, შესრულებაზე.
"

რაც შეეხება დევიზისთვის შერჩეულ ვარიანტებს, მათგან რამდენიმე მოვიყვან: "ენა , მამული, სარწმუნოება," "მამული, ენა, საწრმუნოება", "როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", "ძალა ერთობაშია," "სრულიად საქართველო", "მრავალჟამიერ".

გამოფენაზე გამოტანილი პროექტებიდან საუკეთესოს სპეციალური ჟიური 20- 21 მაისისთვის დაასახელებს, ამის მერე კი ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული მოიწონებს თუ არა პრეზიდენტი კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს.
XS
SM
MD
LG