Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობა შველას ითხოვს


რა ხდება კოდორის ხეობაში - აფხაზეთის ერთადერთ დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება? რა არ მოსწონთ, რას აპროტესტებენ და რას ითხოვენ კოდორის ხეობაში

\მცხოვრები ადამიანები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან?

კოდორის ხეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთადერთი დასახლებული პუნქტია, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება, თუმცა მთელი რიგი მიზეზების - მათ შორის, რთული კლიმატური პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობის - გამო ხეობაში მცხოვრები სამი ათასამდე ადამიანი თითქმის სრულად არის მოწყვეტილი დანარჩენ სამყაროს. საჰაერო მიმოსვლას, რომელიც კვირაში ერთხელ შვეულმფრენით ხორციელდებოდა, კოდორელებისთვის, როგორც ამას ჩემთან საუბარში ქალბატონი ვენერა ჩოფლიანი აცხადებს, ყოველთვის სიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

[ქალბატონის ხმა] "პირველ რიგში, ტრანსპორტი და მხოლოდ შვეულმფრენი. უღელტეხილი არის სადღაც 2600 მეტრი სიმაღლის, სამხიდიანი მანქანები თუ გავლენ, ისიც აგვისტოს თვიდან, სხვა ვერაფერი ტრანსპორტი ვერ გადის."


ლელა ჭელიძე, სხვა კოდორელებთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიის წინ პროტესტის გამოსათქმელად მივიდა. მისი განცხადებით, თვეზე მეტია, რეგიონი სრულ ბლოკადაშია მოქცეული:

[ლელა ჭელიძის ხმა] "აბსოლუტურ ბლოკადაში არის კოდორის ხეობა. მოწყვეტილია არა მარტო ცენტრს, არამედ მთლიანად გარესამყაროს. ეს ბლოკადა, პირველ რიგში, უტრანსპორტობით არის გამოწვეული."

თუმცა უტრანსპორტობასაც აქვს თავისი მიზეზი. კოდორის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად ცენტრალური ბიუჯეტი ყოველწლიურად, სუბსიდიის სახით, 120 ათას ლარს ითვალისწინებდა, მაგრამ:

[მამაკაცის ხმა] "ეს არ გამოიყო 2003 წელს, არაფერი არ არის ამ წელს, ვინაიდან ბიუჯეტი ახლახან მიიღეს. ფული რომ არ არის, ფრენები ამიტომ არ ხდება. "ავიასერვისია" თბილისში, რომელიც გვაწვდის ნავთს, ნისიად წამოღებული გვაქვს 47 ათასი ლარის. ახლა ითხოვენ იმ ფულის ანაზღაურებას. იქ ვალში ვართ, სახელმწიფო არ გვაფინანსებს და, შესაბამისად, რეისები არ სრულდება."

არადა, იყო დრო, საჰაერო რეისები კოდორის ხეობის მიმართულებით რეგულარულად, კვირაში ერთხელ, სრულდებოდა. მაია ჩოფლიანმა კოდორი სულ ახლახან იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელმაც ხეობაში ხელფასები ჩაიტანა.

[მაია ჩოფლიანის ხმა] "დანარჩენი ხალხი, ყველა დავტოვეთ იქ, ბავშვებიანი ქალებიც იყო. იქ რამე რომ მოხდეს, უნდა ჩაიხოცო და ჩაიღუპო. არაფერი არ არსებობს იქ ხალხისთვის ღია ცის მეტი. აი, ღმერთისგან თუ რამე არის, ამის მეტი, და როგორ შეიძლება ჩაკეტილი იყოს ხალხი ხეობაში, რა დავაშავეთ ამისთანა."(სტილი დაცულია)


კოდორის მკვიდრთა მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც წლის მანძილზე მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს, გადაუღებელი წვიმების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა. მისი შეკეთება კი სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არადა, ხელისუფლება არათუ გზის შეკეთებაზე, ჯერჯერობით ხეობის მკვიდრთა საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფასეზც კი არ ზრუნავს.

[მამაკაცის ხმა] "ყოველწლიურად, მაისის 19-20-ში, გამოდიოდა პრეზიდენტის განკარგულება გულრიფშის რაიონის კოდორის მოსახლეობის დაცვის, უშიშროებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ. ჯერ პროექტიც არაა."

დაბოლოს, რა მოხდება, თუკი ხელისუფლება კოდორელთა გასაჭირს გულთან ახლოს არ მიიტანს?

[ქალბატონის ხმა] "თუ მეტი ყურადღება არ მიაქციეს ამ რეგიონს, პირველ რიგში, კიდევ ვლაპარაკობ - ტრანსპორტი, ხეობა დაიცლება."

[მამაკაცის ხმა] "თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, მაშინ ჩვენ ხალხი უნდა გავაფრთხილოთ და ვუთხრათ, რომ წამოდით იქიდან, რომ ჩვენ ამ წელს თქვენი დამხმარე არა ვართ. მაშინ ხალხი ადგება და წამოვა." (სტილი დაცულია)

არადა, ეს ადამიანები, ყოველდღიური გმირობის სანაცვლოდ, ერთადერთ რამეს - დანარჩენ საქართველოსთან კავშირს ითხოვენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG