Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში 20 ივნისს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდება


2004 წლის 20 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 13 მაისს აჭარაში მოქმედმა საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო.

საბჭოს წევრები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გზით, ავტონომიის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს ძველ სახელს დაუბრუნებენ. მას 20 ივნისიდან, პარლამენტის ნაცვლად, "უმაღლესი საბჭო" ეწოდება. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს ასეთმა გადაწყვეტილებებმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

აჭარაში მოქმედმა დროებითმა საპრეზიდენტო საბჭომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები შეითავსა და ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლებაც კი მიიღო. ამ უფლების საფუძველზე დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, რამაც მემარჯვენე ოპოზიციის პოლიტიკური ძალის უკმაყოფილება გამოიწვია.

[დავით გამყრელიძის ხმა]

ასეთია მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის დავით გამყრელიძის პოზიცია. მის ასეთ პოზიციას არ ეთანხმება დროებითი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე,
თუმცა კი დასძენს, რომ მომხრე იყო, პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, აჭარის საარჩევნო კანონი საქართველოს პარლამენტს მიეღო. დიასამიძე ასევე რეგიონში სახელმწიფო ხელისუფლების საქართველოს დედაქალქიდან განხორციელების ინიციატივითაც გამოდიოდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა სულ სხვა გზა აირჩია. თამაზ დიასამიძის განმარტებით, ამით სააკაშვილმა ანგარიში გაუწია აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა ინტერესებს.

[თამაზ დიასამიძის ხმა]

საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობის გარდა, მემარჯვენე ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს თავად არჩევნების ჩატარების თარიღიც. დავით გამყრელიძის თქმით, 20 ივნისამდე დარჩენილ დროში პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდებათ არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადება; იგი არჩევნების 2 თვით გადადებას მოითხოვს.

[დავით გამყრელიძის ხმა]

დავით გამყრელიძის მოსაზრებას არჩევნების გადადების აუცილებლობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება თამაზ დიასამიძე. მას მიაჩნია, რომ აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია უკვე კარგახანია, ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბრის არჩევნებიდან, დაიწყო და მოსახლეობა საჭიროზე მეტადაა პოლიტიზებული.

როგორც ოპოზიციონერები ფიქრობენ, ეს სპეციფიკური ვითარება სულაც არაა იმის საფუძველი, რომ აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები ნაჩქარევად ჩატარდეს. საბჭოს ჯერჯერობით საარჩევნო კანონიც კი არ შეუმუშავებია და არავინ იცის, თუ რა სისტემით ჩატარდება უკვე დანიშნული არჩევნები.
XS
SM
MD
LG