Accessibility links

logo-print

პენტაგონმა აღიარა, რომ ერაყში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები "ჟენევის კონვენციის" დარღვევას წარმოადგენს


პენტაგონმა ხუთშაბათს აღიარა, რომ ბაღდადის გახმაურებულ ციხეში, "აბუ ღრაიბში", პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები "ჟენევის კონვენციის" დარღვევას წარმოადგენს.

ამ აღიარებამდე კამათი აშშ-ში იმაზე, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟენევის კონვენცია ირღვევა, თანდათანობით მძაფრ ხასიათს იძენდა. თავიდანვე გეტყვით, რომ "ჟენევის კონვენცია" ნებისმიერი ომის დროს სამხედრო ტყვეთა - ასევე სამოქალაქო პირთა - დაცვას უზრუნველყოფს და კრძალავს მათ მიმართ ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოყენებას.
აშშ-ის სენატში სენატორები შეკითხვებს უსვამდნენ თავდაცვის სამინისტროს, პენტაგონად წოდებული უწყების, რანგით მეორე სამოქალაქო პირს პოლ ვოლფოვიცს. ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრმა სენატორმა ჯეკ რიდმა მას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა ჰუმანურად პატიმრის მიმართ ასეთი მოქცევა - თავზე ტომრის ჩამოცმა და 72 საათის განმავლობაში ძილის საშუალების წართმევა. ვოლფოვიცი აიძულეს პასუხი გაეცა: [ვოლფოვიცის ხმა] "ჩემი აზრით, ეს არაჰუმანურია", თქვა მან.
რიდმა შემდეგ პენტაგონის სხვა მეთაურს, გენერალ პიტერ პეისს, ჰკითხა, არის თუ არა ასეთი ქმედება ჟენევის კონვენციის დარღვევა. გენერალმა უპასუხა:. [პეისის ხმა] "დიახ, ბატონო, მე ამას დარღვევად შევაფასებდიო." აშშ-მა ახლა არა მხოლოდ უნდა მოძებნოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი, არამედ უნდა გაარკვიოს, იყო თუ არა ეს შემთხვევები სამხედრო უწყებაში ადამიანის უფლებების ხანგრძლივი და სისტემატური უგულებელყოფის შედეგი. ეს სისტემატურობა სადავო გახდა მას მერე, რაც გამოქვეყნდა "აბუ ღრაიბის" ციხეში გადაღებული ფოტოები, რომელიც მსოფლიოს მოედო და რომელიც, ალბათ, ნანახი გაქვთ. იქ ნაჩვენებია თავზე ტომარაჩამოცმული, გაშიშვლებული პატიმრები, სქესობრივად დამამცირებელ პოზებში და სხვა. თავდაცვის მინისტრმა რამსფელდმა ხუთშაბათს, ერაყში მოულოდნელად ჩასვლისას, თქვა, აშშ ერაყში ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოქმედებს და თავიდანვე ასე მოქმედებდაო, ანუ იქაურ პატიმრებზე ვრცელდება ის მუხლები, რომელიც ტყვეების ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელყოფას კრძალავს. მისივე თქმით, ყველა განკარგულება და ინსტრუქცია ამას ადასტურებს - სამხედროები, ამ მხრივ, გაწვრთნილნი არიან. რამსფელდმა ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ერაყში არ ვრცელდება ჟენევის კონვენცია, ასე შეაფასა: [რამსფელდის ხმა] "ან ძალიან ცუდად არიან ინფორმირებულნი, ან არ სურთ არაფრის გაგება."
ასეთია რამსფელდის პოზიცია, რომელმაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ვაშინგტონში. კონგრესის მოსმენებზე გამოაშკარავდა, რომ პენტაგონს მიღებული ჰქონდა გარკვეული ნორმები, რომელიც მუქარას, დაშინებას და სხვა ამის მსგავსს ითვალისწინებდა. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, არსებობს ორი კატეგორია ამგვარი ნორმებისა. ერთი ეხება ყველა პატიმარს, მეორე კი მხოლოდ მაღალი რანგის მეთაურის თანხმობით შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამ მეორე კატეგორიაში შედის პატიმრისთვის შეგრძნების ამა თუ იმ ორგანოს დახშობა და ამ მიზნით, ვთქვათ, თავზე ტომრის ჩამოცმა; შეიძლება აგრეთვე აუტანელ პოზაში დიდხანს გაჩერება, ან საკვებით მანიპულირება, ან ძილის საშუალების წართმევა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისთვის ეს პრაქტიკა ჟენევის კონვენციის დარღევაა. "ჰიუმენ რაიტს ოუჩოს" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ როთი ამბობს, არა გაქვთ უფლება აწამოთ დატყვევებული ადამიანი არავითარ შემთხვევაში, თვით გაქანებული ომის დროსო.
აქვე გეტყვით, რომ, როგორც ბაღდადის ციხეში პატიმართა მიმართ ამ არაადამიანური დამოკიდებულების შესახებ ანგარიშის ავტორის, ამერიკელი გენერლის ანტონიო ტაგუბას მოხსენებიდან დადგინდა, ციხეში მცველები არ იყვნენ გარკვეულ იმაში, თუ რას ავალებთ მათ ჟენევის კონვენცია და მისი ტექსტის ასლიც არ ყოფილა გავრცელებული. მომავალში, ჩანს, გასარკვევი იქნება, რამდენად ათვითცნობიერებს აშშ-ის არმია, საერთოდ, თავის სამხედრო მოსამსახურეებს ერაყში ჟენევის კონვენციის თაობაზე და იყო თუ არა ამგვარი შემთხვევები მეტად გავრცელებული.
XS
SM
MD
LG