Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვალა თუ არა ოჯახისადმი დამოკიდებულება საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 მაისს, მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოც აღნიშნავს ოჯახის საერთაშორისო დღეს. ცნობისთვის: ოჯახის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით იქნა შემოღებული ამ 10 წლის წინ.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ოჯახის კეთილდღეობის დასაცავად მნიშვნელოვანია მისი თითოეული წევრის უფლებებისა და შესაძლებლობების აღიარება და უზრუნველყოფა.
საქართველოში, როგორც იცით, თავად ქართველების აღიარებით, ოჯახის კულტია. შეიცვალა თუ არა ბოლო წლების მანძილზე ოჯახისადმი დამოკიდებულება საქართველოში?



სამწუხაროდ, საქართველოში ყოველწლიურად ვერ ხერხდება სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება სოციალურ გარემოსა და ქართულ ოჯახში მომხდარი ცვლილებების დასადგენად. არადა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები ადასტურებს, რომ ოჯახისადმი დამოკიდებულება ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ შეიცვალა. მაგალითად, საგრძნობლად გახშირდა არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა რეგისტრირებულ ქორწინებათა გარეშე დაბადებულ ბავშვთა წილიც. მაგალითად, 2002 წელს დაახლოებით 21 500 ბავშვი შეეძინათ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელმაც გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, ამბობს, რომ ოჯახის შექმნის მოტივაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია:
[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] " ბარში და თბილისში ძირითად მოტივად ასახელებენ სიყვარულს, მაგრამ მთაში სიყვარულის და მშობლებისა და მეგობრების რჩევა თითქმის თანაბრად დასახელდა. და ასევე ასახელებენ გვარის გაგრძელებას და შთამომავლობის დატოვებას."
როგორია იდეალური ოჯახი? - ჩემი რესპონდენტი, 60-ს მიღწეული თბილისელი, ასე აღწერს იდეალურ ოჯახს:
[მამაკაცის ხმა] "როცა მეუღლეები კარგად გრძნობენ თავს ერთმანეთთან, შვილებით კმაყოფილები არიან, აქვთ ცხოვრების მინიმალური პირობები მაინც - ეს იქნება იდეალური ოჯახი."
ოჯახის წევრები მხოლოდ მეუღლეები არ არიან. საქართველოში ჯერაც პრობლემად რჩება ზრდასრული შვილების დაქორწინების საკითხი. მშობლების აზრს მეუღლის არჩევისას კვლავ უწევენ ანგარიშს. სხვადასხვა გამოკითხვით, ყველაზე ხშირად მშობლებისთვის მიუღებელია რძლის ან სიძის განსხვავებული ეროვნება ან რელიგია. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მხრივაც გარკვეული ძვრებია მომხდარი. კიდევ ერთი თბილისელი ამბობს:
[ ჟურნალისტის ხმა] "თქვენმა შვილმა რომ გითხრათ, აფრიკელი ქალი შემიყვარდაო..."
[ მამაკაცის ხმა] " მერე რა, თუ თვითონ უყვარს, მე არ დავუშლი."
ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ლიბერალურ ღირებულებებს უფრო ადვილად ითვისებს ახალი თაობა, რომლისთვისაც ოჯახი და ოჯახური ფასეულობები, წინა თაობისგან განსხვავებით, თანაბარ ურთიერთობებს გულისხმობს. 28 წლის ნათია ამბობს, რომ ოჯახის შექმნისთვის აუცილებელია სიყვარული და თანასწორობა:
[ნათიას ხმა] " იდეალურია ოჯახი, როცა ყველა ადამიანის უფლებები დაცულია და ყველა ადამიანი თავისუფალია. კომპლექსურად, ერთად კარგად გრძნობენ თავს."(სტილი დაცულია)
ლევ ტოლსტოის თუ დავესესხები, ყველა ოჯახი ერთნაირად ბედნიერია, მაგრამ სხვადასხვანაირად არის უბედური. მაგრამ მაინც დავძენ, რომ ბედნიერების ფორმულა ყველა ოჯახმა თავად უნდა შექმნას.
XS
SM
MD
LG