Accessibility links

გთავაზობთ გასული კვირის საქართველოს პრესის მიმოხილვას. თქვენს ყურადღებას მივაქცევ ისეთ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გთავაზობთ გასული კვირის საქართველოს პრესის მიმოხილვას. თქვენს ყურადღებას მივაქცევ ისეთ საკითხებს, როგორიცაა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკა;

გაგაცნობთ აგრეთვე თვალსაზრისს იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულებას ავლენს საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის მიმართ და მოგაწვდით ინფორმაციას ევროსაბჭოსთან გახმაურებული სკანდალის შესახებ.

11 მაისს საქართველოს პარლამენტმა, 161 ხმით 16-ის წინააღმდეგ, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. 12 მაისის გაზეთი
" საქართველოს რესპუბლიკა" წერს, რომ "2004 წლის ბიუჯეტმა საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია."

გაზეთის თქმით, "საქმე ეხება პენსიების გასტუმრებას. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსიების დავალიანებების გასასტუმრებლად 36,5 მილიონია გათვალისწინებული, მთლიანობაში კი, 115-120 მილიონი ლარია გასასტუმრებელი. ამის თანხა ბიუჯეტში არ არის. მთავრობამ განაცხადა, რომ მას ორი-სამი წლის განმავლობაში დაფარავს. დაფარვის თანხა 52 მილიონზე მეტია. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, შეიძლება ვალი უფრო ადრეც გაისტუმრონ."

როგორც გაზეთშია აღნიშნული, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "მთავარია, რომ ის დიდი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებამ დავალიანებების და დანამატის გაცემის თვალსაზრისით აიღო, შესრულდება."

მაგრამ ასე არ ფიქრობს დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც ამბობს: "ეს ფაქტი კონსტიტუციის მე-14 და 33-ე მუხლებს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს დანამატი ზოგისთვის პენსიის ზრდაა და ზოგისთვის ძველი დავალიანების გასტუმრება. ანუ იმ პენსიონერებს, ვის მიმართაც არსებობს დავალიანება, 4 ლარს ეტაპობრივად უფარავენ; ვისთვისაც არ არსებობს დავალიანება, ისინი რეალურად გაზრდილ პენსიებს იღებენ. პენსიების მომატება არ უნდა იყოს დავალიანებების გასტუმრება."

12 მაისის გაზეთი "ახალი თაობა" წერს, რომ 2004 წლის ბიუჯეტს დადებითი შეფასება მისცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. მისი თქმით, მთავრობამ პარლამენტში გამოთქმული მოსაზრებების უმრავლესობა გაიზიარა.

"ეს იქნება იმის პრელუდია, რომ 2005 წლის ბიუჯეტი უფრო ხარისხიანად და მიზნობრივად შედგეს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გაზეთი აღნიშნავს: "საგანგებო სხდომაზე კამათი მაინც გაიმართა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 2004 წლის ბიუჯეტში ვერ აისახა მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერების პენსიების ზრდა, რისთვისაც 6,5 მილიონი ლარია აუცილებელი. მაღალმთიანი მხარეების პენსიონერებს "მემარჯვენე ოპოზიცია" გამოექომაგა...

ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერმა დავით გამყრელიძემაც. სხვა საკითხების გარდა, მან პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯორჯ სოროსი აფინანსებს."

13 მაისის გაზეთ "ხვალინდელი დღის" ინფორმაციით, "რამდენიმე დღეა, აფხაზეთის დედაქალაქში არძინბას ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს."

გაზეთი გვამცნობს: "ლოზუნგით: მიშა, შეგვარიგე! - სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, ორახელაშვილის ქუჩაზე, შეკრებილმა მოქალაქეთა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების დაჩქარება, აფხაზების, ქართველებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების შერიგება მოსთხოვა. აფხაზმა მილიციელებმა აქციის მონაწილეები მაშინ დააკავეს, როცა მათ პრეზიდენტ სააკაშვილის სურათები იმავე ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების მაღაზიის კედლებზე გააკრეს და მათი მოწოდებების გამო გამვლელებმა შეკრება დაიწყეს."

გაზეთი აღნიშნავს, რომ "დღესთან" 15 აპრილის ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტი გია მაისაშვილი თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობის ახალ მოდელზე საუბრობდა... 12 მაისს კი ტელეეთერით მან გაიმეორა, რომ მსოფლიო გლობალური პოლიტიკა მიმართულია საქართველოს და მთლიანად კავკასიის სიმშვიდისა და სტაბილიზაციის ფორპოსტად ქცევისკენ."

გაზეთი წერს: "მაისაშვილის აზრით, აფხაზეთის დაბრუნების გეგმა, აშკარად, ამერიკულია და ის ნამდვილად განხორციელდება. მისი თქმით, ამ პროცესს, "ცხადია," ვერც ცხინვალის რეგიონი ასცდება.
მაისაშვილი შედეგებს არა გიორგობის ან ჯვართამაღლებისთვის, არამედ უკვე ივლისისთვის ელის, ოღონდ შიშობს, რომ გაერთიანებული საქართველოც ვერ შედგება სახელმწიფოდ, რადგან ქვეყნის მოწყობა "არაქართული მენტალიტეტით ხდება".

14-20 მაისის გაზეთ "ახალ 7 დღეში" გამოქვეყნებული წერილის ავტორი ოთარ ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების განზრახვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების 19-20 ივნისს ჩატარების შესახებ მთელ რიგ სამართლებრივ პრობლემებსა და კონსტიტუციის დარღვევას უკავშირდება, რის ახსნაც შორს წაგვიყვანდა.

ავტორის ზოგადი პოზიცია კი შემდეგი სიტყვებითაა გამოხატული: "სამწუხაროდ, კონსტიტუციურმა რეფორმამ, რომელიც განხორციელდა ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, დაადასტურა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის თავისუფლება და მისი უზრუნველმყოფი სამართალი არ წარმოადგენს ფასეულობას და იგი არის მხოლოდ მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება და სხვა არაფერი. საქართველოს ხელისუფლების მიერ ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა გაგრძელდა და ახალი ძალით გამოვლინდა აჭარული რევოლუციის შემდეგ დღეებშიც. ამ მოვლენების ანალიზი იძლევა საშუალებას დავასკვნათ: საქართველოს ხელისუფლება დღითი დღე შორდება სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას. ეს კი ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე როგორც ხელისუფლებისთვის (რაც ნაკლებად მაღელვებს), ისე ქვეყნისთვის (რაც ფრიად მაშფოთებს)."

14 მაისის "დილის გაზეთის" ინფორმაციით, "საქართველოს დიპლომატიური სკანდალი ევროსაბჭოსთან დღეისათვის, შეიძლება ითქვას, ამოწურულია. საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგიდან თბილისში დაბრუნდა."

გაზეთი წერს, რომ სარწმუნო წყაროს ცნობით, "ვალტერ შვიმერი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებმა საკმაოდ გაანაწყენა, მაგრამ მოგვიანებით, ვითარების განსამუხტავად, ზურაბიშვილის დიპლომატიურ მიდგომას თავადაც ევროპული ინტელიგენტურობით უპასუხა. თუმცა, ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით ხაზგასმით მიანიშნა, რომ მისი და საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და საყვედურები სრულიად უსაფუძვლოა და, უფრო მეტიც, საქართველო მადლობელი უნდა იყოს ევროსაბჭოს მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარების გამო."

გაზეთის თქმით, "პრეზიდენტის განცხადება საქართველოს მიერ ევროსაბჭოში ფინანსური შენატანების შესახებ მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა."

"დილის გაზეთი" წერს: "1999 წლიდან საქართველოს ევროსაბჭოში ერთი თეთრიც არ გადაუხდია და საქართველოს დავალიანება ამ ორგანიზაციის მიმართ მილიონ 200 ათასი ევროა. თურმე ჩვენს წარმომადგენლობას სტრასბურგში შენობის რენტის ფულსაც არ ახდევინებენ. როგორც ამბობენ, პრეზიდენტ სააკაშვილს ევროსაბჭოს მიმართ აგრესია ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა პოსტრევოლუციურ პერიოდში საარჩევნო ბარიერის 7-დან 5-მდე არდაწევის გამო ევროსაბჭომ ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა. ფაქტია, რომ ამის გამო ევროსაბჭო შევარდნაძის ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა, თუმცა მაშინ ოპოზიციამ ეს ნორმალურ მოვლენად მიიჩნია.

რაც შეეხება შვიმერისა და ზურაბიშვილის შეხვედრას, ქალბატონ სალომეს პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის საკითხი არ დაუყენებია. როგორც ირკვევა, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დადგება, რადგან ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს."
XS
SM
MD
LG