Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელი პალესტინელთა სახლების დანგრევის წინააღმდეგია


იორდანიაში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 16



მაისს პრეს- კონფერენციაზე განაცხადა,რომ ვაშინგტონი ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში პალესტინელთა სახლების დანგრევის წინააღმდეგია. იორდანიაშივე, სადაც ამ დღეებში მსოფლიოს პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერები შეიკრიბნენ, პაუელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით გააქტიურებული ძალადობის დასრულებისაკენ მოუწოდა.

16 მაისს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ პალესტინელთა სახლების დანგრევის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ისრაელის არმიას გზას უხსნის პალესტინელ დევნილთა სახელების ნგრევა განაგრძოს ისრაელის მიერ კონტროლირებად ფილადელფის ბუფერულ ზონაში, რომელიც ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ნეგატიურად შეაფასა ისრაელის უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

[კოლინ პაუელის ხმა]" ჩვენ სახლების ნგრევის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს რაიმე შედეგს მოიტანს. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. მაგრამ არ ვამართლებთ იმ ტიპის მოქმედებებს, რასაც ისინი რაფაჰში მიმართავენ. რაფაში პალესტინელთა სახლების ნგრევას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ."

პაუელმა მოუწოდა ისრაელს მოქმედებაში მოიყვანოს პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმა, რომელიც ღაზის სექტორში ებრაული დასახლებების დაშლასა და ტერიტორიებიდან ისრაელის არმიის ნაწილების გაყვანას გულისხმობს. მისი თქმით, თელ-ავივში გამართული 100 000 კაციანი დემონსტრაცია სწორედ იმის ნიშანია, რომ შარონის აღნიშნული გეგმა მის თანამოქალაქეებში მხარდაჭერით სარგებლობს.

[კოლინ პაულის ხმა]" ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის იდეამ ღაზის სექტორიდან ყველა ებრაული დასახლების გაყვანისა და მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროდან ებრაული დასახლებების გაყვანის დაწყების შესახებ სამშვიდობო პროცესის ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა. მე ვფიქრობ, რომ ძალზე ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელიც გუშინ ამ წინადადებების მხარდასაჭერად გაიმართა ისრაელში აშკარად მიუთითებს იმას, რომ ისრაელის ხალხში ამ მიმართულებით სამოძრაოდ ნიადაგი კარგადაა მომზადებული."

ისრალის პრეზიდენტმა მოშე კაცავმა, თავის მხრივ, ასევე აღიარა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის ნაწილებისა და ებრაული დასახლებების გაყვანის იდეას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით, არიელ შარონის ამ გეგმას ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი უცხადებს თანადგომას.

შარონის მრჩეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი გეგმის კაბინეტისათვის წარდგენას ორი-სამი კვირის განმავლობაში ვარაუდობდა. გეგმამ, რომელსაც შარონის პარტია ეწინააღმდეგება, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მცირედი შესწორებები განიცადა. ორიგინალური გეგმის თანახმად, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც უჭერდა მხარს, ღაზის სექტორის ებრაული დასახლებების სრული ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს 120 დასახლებიდან ოთხი ასევე უნდა დაშლილიყო. თუმცა შარონი დასავლეთი სანაპიროს ძირითად დასახლებებს არ თმობს.

პაუელი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბუში ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება და იგი ისრაელის მეზობლად დაიდებს ბინას.

[კოლინ პაუელის ხმა]" პრეზიდენტი ბუში კვლავაც ერთგული რჩება თავისი შეხედულების. იგი ფიქრობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 242 და 338 რეზოლუციების თანახმად, შესაძლებელი იქნება საბოლოო სტატუსზე მოლაპარაკებები და შეთანხმება, რათა ორი სახელმწიფო ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობდეს."

პაულის თანახმად, პალესტინელთა დატყვევებული ლიდერი იასირ არაფატი სამშვიდობო პროცესის კვლავაც რჩება სამშვიდობო პროცესის დამაბრკოლებელ ფაქტორად. თავის მხრივ, 16 მაისს არაფატმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში დევნილთა სახლების ნგრევა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის გაგრძელებაა.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამანში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების საკვანძო საკითხად კვლავაც ისრაელ-არაბეთის კონფლიქტი რჩება. მინისტრმა მოაშერმა აღნიშნა, რომ არაბულ სამყაროში შეერთებული შტატების რეპუტაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია იმაზე, რა შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი ერაყში.



[
XS
SM
MD
LG