Accessibility links

logo-print

ინდოეთის კონგრესის პარტიამ პოლიტიკურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა


ინდოეთის კონგრესის პარტიის წარმომადგენელთა განცხადებების თანახმად, გასული უქმეების განმავლობაში პარტიამ თითქმის



დაასრულა პოლიტიკურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები. შესაბამისად, სავარაუდოდ ოთხშაბათიდან, 19 მაისიდან სონია განდი ფიცის მიღებას, კაბინეტის დაკავებასა და თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.


როგორც ინდოეთის კონგრესის პარტიის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი მანმოჰან სინგი ამბობს, განდიმ გასული დღეების განმავლობაში თანადგომის წერილები მიიღო საპარლამენტო ჯგუფების უმრავლესობიდან. ეს მას აძლევს იმის გარანტიას, რომ პარლამენტის ქვედა პალატის წევრთა ნახევარზე მეტი მას დაუჭერს მხარს. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, განდის მომხრეებიც აღიარებენ, რომ ინდოელი კომუნისტების გადაწყვეტილებამ ზოგადი პოლიტიკური ვითარება მაინც აშკარად დაამძიმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ორმა კომუნისტურმა პარტიამ სონია განდის მთავრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მას გარედან მხარდაჭერას დაჰპირდა.კომუნისტები 545 საპარლამენტო მანდატიდან 60-ს ფლობენ. მათთან ერთად კონგრესის პარტიის კოალიცია 300 დეპუტატს აერთიანებს.
როგორც ნიუ დელის პოლიტიკური ანალიტიკოსები შენიშნავენ, ინდოეთის საპარლამენტო ცხოვრებაში მთავრობის კოალიციის გარედან მხარდაჭერა თანამშრომლობის კარგად აპრობილებული და გავრცელებული ფორმაა. ასეთ შემთხვევაში განზე გამდგარი კანონმდებლები სამთავრობო კოალიციას კრიტიკულ შემთხვევებში უმაგრებენ ზურგს. თუმცა, როცა საქმე რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკური მოსაზრებებს შეეხება,ისინი დისტანციაზე რჩებიან.
ინდოელი კომუნისტები, მაგალითად, კონგრესის პარტიის პრივატიზაციის ზოგიერთ გეგმას და ეკონომიკური ხასიათის რეფორმებს პრინციპულად არ ეთანხმებიან. არადა, კონგრესის პარტია სავაჭრო ეკონომიკის პრინციპებს დაფუძნებული რეფორმისტული კურსის გაგრძელებას გეგმავს. ამ კურსზე, ინვესტორთა გასაგონად და დასამშვიდებლად, კონგრესის პარტია უკანასკნელ ხანს საგანგებოდ მიანიშნებდა. საქმე ისაა, რომ გასული კვირიდან, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა, დაეცა, როგორც ინდოეთის ძირითადი კომპანიების აქციების, ისევე სავალუტო კურსები.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ ბაზარზე სირთულეები შეიქმნა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინდოეთის ეკონომიკის მოდერნიზების პროცესის შეჩერება შეუძლებელია.
სანჯივ სანიალი, დოიჩე ბანკის უფროსი ეკონომისტი ამბობს, რომ სონია განდის მთავრობისაგან იგი იმავე ეკონომიკური კურსის გატარებას ელის, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ქვეყანაში. მისი თქმით, თუ ახალი მთავრობა სანდო ეკონომიკური პროგრამითა და სანდო ეკონომიკური გუნდით მოვა, მაშინ აქციათა ფასების დაცემაც არ არის პრობლემა, რადგან, თავის მხრივ, ეს ფაქტი ინვესტორთა მსყიდველობითი შესაძლებლობების გააქტიურებას გამოიწვევს.
მისი თქმით, ინვესტორები განდის პოლიტიკური მოკავშირეების შენიშვნებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა ამთავითვე განსაზღვრონ, რა პოლიტიკურ მიმართულებას გაჰყვება მთავრობა.
განდიმ, თავის მხრივ, კონგრესის პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე ამ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ძლიერი და მყარი იქნება და ქვეყანაში სოციალურ ჰარმონიას დაამყარებს.
რაც შეეხება პოლიტიკას, ზოგიერთი მიმომხილველი შიშობს, რომ კონგრესისა და ყოფილ მმართველ პარტიას, ინდოეთის ნაციონალისტურ პარტიას შორის არსებული უთანხმოება მეზობელ პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს.

გასულ კვირაში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურშიდ მაჰმუდ კასურიმ ინდოეთის ახალ მთავრობას ისლამაბადთან კონსულტაციების განახლებისაკენ მოუწოდა.

[კასურის ხმა]" პაკისტანი მოუთმენლად ელის ინდოეთის ახალ მთავრობასთან სერიოზულ და მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ამოწურულ იქნას აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები. მათ შორის ჯამუსა და ქაშმირის შესახებ.
ჩვენ პაკისტანში მოხარულნი ვართ მივყვეთ უკვე დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთის ახალი მთავრობაც შემოგვიერთდება.ასე რომ, სამხრეთ აზიაში მშვიდობის დამყარების ისტორიული შანსი დაკარგული არ არის."

ეს იყო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ყურშიდ მაჰმუდ კასური, რომელიც ინდოეთში მმართველი პარტიის შეცვლას ინდოეთ-პაკისტანის მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების იმედით გამოეხმაურა. თუმცა, თუ კიდევ ერთხელ დავიმოწმებთ პოლიტიკურ ანალიტიკოსებს, მაშინ ინდოეთის ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელთა ზეწოლა განდის ხელს შეუშლის როგორც მოლაპარაკებების წარმოებაში, ისე ინდოელი ხალხის დარწმუნებაში, რომ სადავო ტერიტორიების პრობლემის მოგვარება გარკვეული დათმობებითაც შეიძლება.

XS
SM
MD
LG