Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


"ეს კაცი თვალს გვიხელს,

ამიტომაც მას ჩვენ მადლობას ვუხდით" - წერდა ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი "ნუველ ობსერვატორი" ქართველი რეჟისორის, ოთარ ოსელიანის შესახებ. ფრანგებმა საფრანგეთში მოღვაწე ქართული კინოს კლასიკოსს დაბადების 70-ე წლისთავი 2 თებერვალს მიულოცეს; პარიზში, ლათინურ კვარტალში, პატარა, მაგრამ კინოს მოყვარულებისთვის საყვარელ დარბაზში, თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა. საქართველოში იოსელიანის იუბილე ჯერ არ აღუნიშნავთ. თუმცა საიუბილეოდ გამოიცა კინომცოდნე ნათია ამირეჯიბის წიგნი "კინორეჟისორი - ოთარ იოსელიანი", რომელშიც ახლებურადაა შეფასებული იოსელიანის ქართული და ფრანგული ფილმები. ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი გვახარია ესტუმრა წიგნის ავტორს და ჩაიწერა ინტერვიუ, რომლის პირველ ნაწილს ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის" დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ.

ნათია ამირეჯიბმა ოთარ იოსელიანის შემოქმედებაზე თითქმის მთელი საღამო ისაუბრა. თუმცა, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ყურადღება გაამახვილა ქართველი რეჟისორის არა იმდენად სახელგანთქმულ ფილმებზე - "გიორგობისთვეზე", "იყო შაშვი მგალობელსა" თუ "პასტორალზე", რამდენადაც ქართული კინოს კლასიკოსის პირველ მოკლემეტრაჟიან სურათებზე "საპოვნელასა" და "აპრილზე". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კინოგამქირავებლებს იოსელიანის ფრანგული ფილმები არასდროს შეუძენიათ, ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა ოთარ იოსელიანის პარიზში გადაღებული თითქმის ყველა სურათი; იოსელიანი არასდროს უმალავდა ამ ფილმებს თანამემამულეებს - თბილისში გამართულ კინოფესტივალებზე აჩვენებდა. თუმცა თავის დებიუტზე კინოში იშვიათად საუბრობდა. ოთარ იოსელიანის პირველი მოკლეტრაჟიანი ფილმი "აკვარელი", რომელიც რეჟისორმა 1958 წელს, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლის დროს გადაიღო, არც ნათია ამირეჯიბს მოსწონს. მაგრამ იოსელიანის შემოქმედების მკვლევარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იოსელიანის მეორე ფილმს, "საპოვნელას", რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ცნობილი ქართველი მხატვარი-მეყვავილის, მიხეილ მამულაშვილის კინოპორტრეტი

[ნათია ამირეჯიბის ხმა]:."მე ვმუშაობდი დოკუმენტური ფილმების სტუდიაში...რედაქტორად. რედაქტორები, საერთოდ უსაქმური ხალხია. კაცები ძირთადად ჭადრაკს თამაშობდნენ, ქალები ბაზარში დარბოდნენ (დეზერტირების ბაზარი ახლოს იყო) - ამიტომ ჩვენს ოთახში იკრიბებოდა ყველა - ასისტენტები, ოპერატორები, უსაქმური რეჟისორები, ვისაც გადაღება არ ჰქონდა... შემოვიდა ერთი მაღალი, გამხდარი, ყბაშევარდნილი ბიჭი, ცხვირში ლაპარაკი იცოდა (ეხლაც - ცრის, როცა ლაპარაკობს), რატომღაც მე მომმართა - რამე სცენარი არა გაქვთო, რომ დავდგაო, საკურსოო?. მე ვარო ოთარ იოსელიანიო...მე ვუთხარი, კი, გვაქვს, მეთქი, არავის არ უნდა მისი დადგმა სოლეიდორზე - მეყვავილეზე, რომელიც ყვავილებით ხატავდა... მომეციო, მაჩვენეო, მოვიდა და მითხრა, მე გადავიღებო"

სწორედ "საპოვნელა" გახდა ოთარ იოსელიანის მთელი შემოქმედების ერთგვარი უვერტიურა, დიდი რეჟისორის განაცხადი და, თუ გნებავთ, მისი, როგორც შემომქმედის, მოაზროვნის ავტოგრაფი. მას შემდეგ იოსელიანი მხატვრულ ფილმებს გადაიღებს - 1968 წელს, "გიორგობისთვე" აღინიშნება ჟორჟ სადულის პრემიით საქართველოში, 80-იან, 90-იან წლებში გადაღებული მისი ფრანგული ფილმები გაიმარჯვებს ვენეციის, ბერლინის კინოფესტივალებზე. ეს იქნება განსხვავებული ხასიათის სურათები - ზოგი უფრო მეტად მოეწონება კრიტიკას, ზოგი - ნაკლებად, ზოგს საბჭოთა ცენზურა აკრძალავს, ზოგს ადვილად დაუშვებს ეკრანებზე... მაგრამ ნათია ამირეჯიბის თქმით, "საპოვნელაში" ნათქვამს რეჟისორი თითქმის ყველა ფილმში გაიმეორებს.

[ნათია ამირეჯიბის ხმა]:."ბუნების სიცოცხლის, ბუნების სულის...წარმოჩენა...რამდენად უხსნის გზას შემოქმედებისაკენ - ყველა ადამიანს, გლეხი იქნება ეს, მწერალი თუ მხატვარი. გლობალურად აზროვნებდა თავიდანვე... მისი პედაგოგი დოვჟენკო ტრაქტორს ადიდებდა... ეს იყო უტექსტო ფილმი, სადაც იდეა აბსოლუტურად ნათლად გამოიხატებოდა, სიტყვები არ ჭირდებოდა..."

"საპოვნელაში" სიტყვა მუსიკამ და ქალაქის ხმაურმა შეცვალა. შეიქმნა თავისებური კონტრაპუნქტი - ხმა მუსიკისა და ხმა ხმაურისა, ხმა ბუნებისა და ხმა მანქანისა - კონტრაპუნქტი, რომელიც ჩვენი დროის ხმოვანი სახე გამხდარა

[ხმა: "ტყე", "მანქანა"]

კინოში მოსვლამდე ოთარ იოსელიანმა მუსიკალური განათლება მიიღო. დირიჟორობას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და მოსკოვის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მუსიკისა და მათემატიკის ცოდნა ძალიან დაეხმარა კინოში - ადვილად დაეუფლა მონტაჟს და ოსტატურად გამოიყენა ხალხური სიმღერა თავის ფილმებში. "საპოვნელაში", მაგალითად, ბუნების იდილია იოსელიანმა მეგრული სიმღერის, "სისატურას" ფონზე გამოხატა

[ხმა.მუსიკა "სისატურა]

"უცბად გამოივლის ტრაქტორი, გაჭყლიტავს ამ სიმღერასაც და ყვავილებსაც, დაადებენ ასფალტს გუდრონით, შეწყდება სიმღერა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ - ასფალტი ხომ იბზარება, განსაკუთრებით საბჭოთა ასფალტი და ბზარში ამოდის ერთი ყვავილი ამ გაჭყლეტილი ყვავილებისგან, გადარჩენილი ყვავილი... "სისა" ამბობს და აყვებიან სადღაც გადარჩენილი ყვავილები"

იმხანად ჯერ კიდევ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბუნებისა და ბუნებრიობის გადარჩენის იდეა, რომელიც აკვიატებული ჰქონდათ საბჭოთა "სამოციანელებს" ოთარ იოსელიანთან ნელ-ნელა გასცდებოდა "ეკოლოგიის საზღვრებს" და პოლიტიკურ-ფილოსოფიურ მნიშვნელობას შეიძენდა. უფრო სწორად, ჯერ პოლიტიკურს, მერე კი ფილოსოფიურს:

[ნათია ამირეჯიბის ხმა]: "ტრაქტორი რომ გადაუვლის ყვავილებს, სულ ვფიქრობდით, რა სიმბოლოა, რა სიმბოლოა... მაშინ ვფიქრობდით, რომ 37 წლის მასობრივი დახვრეტების ამბავი იყო, მაგრამ აგრეთვე ბუნების დახვრეტის ამბავიც, ბუნების გაქრობის ამბავიც"

იოსელიანის შემოქმედებაში არის კიდევ ერთი ფილმი, რომლის შესახებ ნაკლებად ლაპარაკობენ... თუნდაც იმიტომ, რომ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "აპრილი", რომლის გადაღება რეჟისორმა 1961 წელს დაასრულა, ეკრანებზე საერთოდ არ გამოსულა. ექვსნაწილიანი ფილმიდან შემორჩა მხოლოდ სამი ნაწილი, რომლის გაერთიანება ერთ ფილმად თითქმის შეუძლებელი გახდა.

[ნათია ამირეჯიბის ხმა]:."ეს არის ფილისტერული, ბიურგერული, თუ მეშჩანური ყოფის საწინააღმდეგოდ გადაღებული ფილმი. ქალ-ვაჟს უყვარდა ერთმანეთი, როცა ცარიელი ბინა ჰქონდათ... და უცბად ხედავენ, რომ ჯარი მოდის ერთნაირად ჩაცმული ადამიანების - მოაქვთ სკამები, ავეჯი. ერთ-ერთი მეზობელი თითს დაუქნევს, რა არის ცარიელ სახლში, რომ ცხოვრობთო და ესენიც დაიწყებენ ამ ავეჯის შეძენას - ერთმანეთის მოფერების მაგივრად, ავეჯს ეფერებიან ბროლს ეფერებიან, ხმაური შევა - მტვერსასრუტის... დაივიწყეს ერთმანეთი - ავეჯზე გადაიტანეს სიყვარული. ხვდებიან, რომ სულიერება დაკარგეს და მიდიან, სადაც პირველად ხვდებოდნენ მუხის ხესთან, რათა ძველი სიყვარული დაიბრუნონ. მუხის ხე მოჭრილი დახვდებათ - ავეჯზეა წასული ეტყობა"

მთავრობის სხდომაზე საქართველოს კომპარტიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ვასილ მჟავანაძემ "აპრილის" შესახებ განაცხადა

[ტექსტი. ხმა] "კინოსურათის ჩვენება არ შეიძლება. იგი მიმართულია ავეჯის შეძენის წინააღმდეგ... თუ ადამიანები ბევრ ავეჯს ყიდულობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ. კარგ ცხოვრებას კი რა სჯობს!"

"რას ნიშნავს ეს კარგი ცხოვრება"? ამიერიდან ყველა ფილმში იკითხავს ოთარ იოსელიანი... იკითხავს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში გადაღებულ ფილმებში. იგი უპასუხებს და "თვალსაც აუხელს" მაყურებელს... ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ, თუ როგორ მოახერხებს რეჟისორი ამას.
XS
SM
MD
LG