Accessibility links

ქართული პოლიციის პროფესიული საიდუმლოებები


აჭარის ტყეებში გასული ასლან აბაშიძის შეიარაღებული მომხრეების მიმართ წაყენებული ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ბაკურიძე

და მისი შეიარაღებული რაზმი, რომელსაც ხელისუფლება სპეცოპერაციით ემუქრებოდა, ჯერ არ ჩაბარებიან სამართალდამცველებს. საქართველოს ხელისუფლება კი დემილიტარიზების პროცესით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ვეღარ ხედავს აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობას.

გასულ კვირაში თბილისის პოლიციამ ხელოვნების მუზეუმიდან 10 წლის წინ გატაცებული შედევრები, ლუკას კრანახისა და იაკობ ვან რეიზდალის ნახატები, იპოვა, მაგრამ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო პროფესიულ საიდუმლოს არ ამჟღავნებს, რის გამოც დიდია შანსი, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერასოდეს შეიტყოს, თუ ვინ გაიტაცა და სად იმალებოდა მთელი ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ფერწერის შედევრები. ასევე ბუნდოვანია აჭარაში, მტირალას მთაში, დაბანაკებული რაზმის ისტორიაც. გასული კვირის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ აჭარის ტყეებს თავს აფარებს ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ბაკურიძე და მისი მომხრე 60-მდე შეიარაღებული პირი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მათ სპეცოპერაციითაც კი ემუქრებოდა. მაგრამ ერთი კვირის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე ყველაფერს მონაჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ არავითარი ბაკურიძის რაზმი ბუნებაში არ არსებობს:

[გია ბარამიძის ხმა] "არანაირი ბაკურიძის რაზმი არ არსებობს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ წმენდა იმ რაიონისა ბევრად უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე ეს ერთი და ორი სოფელია, სადაც ჭორები იყო, რომ რაღაც რაზმი უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ მთელი ტყეები საკმაოდ რთულ ვითარებაში გავჩხრიკეთ, მაგრამ იქ არანაირი კვალი არ იყო ადამიანის არსებობისა. მაგრამ, იმავდროულად, ამოღებულ იქნა დიდძალი ოდენობის იარაღი საცავიდან." (სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კულუარებში საუბრობენ ერთგვარ გარიგებაზე, სქემით - ხელშეუხებლობა იარაღის სანაცვლოდ. ამ სქემის მიხედვით, დავით ბაკურიძემ, რომელსაც აჭარაში რამდენიმე ფირმა და სასტუმრო ეკუთვნოდა, პოლიციისა და უშიშროების მუშაკებს,თითქოს, იარაღის საცავის კოორდინატები გაუმხილა, სანაცვლოდ კი, საქართველოდან გასვლის გარანტია მიიღო. ასეა ეს თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება აჭარაში წინააღმდეგობის კერების არსებობას უკვე საერთოდ გამორიცხავს. დღის წესრიგიდან მოხსნილია იარაღის ამოსაღებად სპეცღონისძიებების ჩატარება წალკის რაიონშიც, რისთვისაც კვირის დასაწყისში სერიოზული სამზადისი შეინიშნებოდა. მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, წალკის რაიონში შინაგანი ჯარის ბატალიონიც კი ჩააყენეს. მაგრამ ზუსტად ერთი კვირის თავზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინციდენტი წალკაში ამოწურულია.

[გია ბარამიძის ხმა] "წალკაში სიწყნარეა. თუმცა საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ბევრად უფრო მეტი ყურადღების მიქცევა ამ რეგიონისადმი და არა მარტო კრიმინოგენური ვითარების ნორმალიზების კუთხით, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მხრივაც. მაგალითად, გზა არის გასაკეთებელი თბილისი-წალკა, რომელიც რეალურად დაუკავშირებს ცენტრს რეგიონს. "

როგორც ჩანს, საქართველოს პოლიციას აქვს თავისი პროფესიული საიდუმლო, რომლის წვდომასაც უბრალო მოკვდავი ვერ შეძლებს. თანაც, სამივე შემთხვევაში თვალსაჩინოა შედეგი: სახელმწიფოსთვის დაბრუნებული ხატები და დიდძალი შეიარაღება, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, თავიდან აცილებული ეთნიკური დაპირისპირება. ჩანს, ქართული პოლიცია სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს დანაშაულის პროფილაქტიკას და ოპერატიულ მუშაობას და უარს ამბობს ხმაურიან სადამსჯელო ოპერაციებზე, რომელთა შემზარავ კადრებს საქართველოში დღემდე ძრწოლვით იხსენებენ.
XS
SM
MD
LG