Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა გაზრდა თბილისელთა სატელეფონო გადასახადებს


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, 3-4 ლარით გაზარდოს პენსიები და მაღალი თანამდებობის პირებს, უცხოურ დახმარებათა წყალობით, 1500 დოლარიანი ხელფასები დაუნიშნოს,

ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია ფასთწარმოქმნის სისტემაში. "თელასის" სურვილს, 5 თეთრით გააძვიროს ელექტროენერგიის ტარიფი, მხარი აუბა სატელეკომუნიკაციო კომპანია "საქართველოს ელექტროკავშირმაც". ამ კომპანიის გადაწყვეტილებით, 2004 წლის 1 ივლისიდან მისი თბილისელი აბონენტების სატელეფონო საუბარი სხვა კომპანიის ასევე თბილისელ აბონენტებთან ფასიანი გახდება.

"საქართველოს ელექტროკავშირმა", რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, თავის თბილისელ მომხმარებლებს ახალი სატელეფონო გადასახადი დაუწესა. 2004 წლის 1 ივლისიდან ელექტროკავშირის აბონენტები ახალი ქსელების, ულტრაკომის, ახტელისა და კიდევ რამდენიმე კომპანიის აბონენტებთან სატელეფონო საუბრისთვის 1 წუთში 2 თეთრს გადაიხდიან. ამ გადაწყვეტილებას ელექტროკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით რცხილაძე კანონისა და ბაზრის მოთხოვნებით ხსნის:

[დავით რცხილაძის ხმა] "ეს არის კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონი და არის კიდევ დებულება, რომელიც მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ. ამას ჰქვია კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულება. აი, ამ ნორმატიულ აქტს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება."

მე "ელექტროკავშირის" მომხმარებლებსაც გავესაუბრე ამ კომპანიის სალაროებთან:

[აბონენტების ხმა] " - გსმენიათ რაიმე იმის შესახებ, რომ პირველი ივლისიდან 1 წუთ სატელეფონო საუბარში 2 თეთრის გადახდა მოგიწევთ? - პირველად მესმის. არასასიამოვნო შეტყობინებაა. რა შემიძლია მე, პენსიონერ ადამიანს, გავაკეთო. უნდა შევიზღუდო, ხო, საუბარიც და ყველაფერი ის, რაც სასიამოვნოა და კარგია.

- უკაცრავად, ბატონო, თქვენ თუ გსმენიათ რაიმე ამის შესახებ? - არა! - ასეთი გადაწყვეტილება თქვენმა სატელეფონო კომპანიამ მიიღო. - აჰა, დიდებულია. ჩვენი პენსიის და ჩვენი ხელფასების და ჩვენი მდგომარეობის ხალხისთვის გადასარევი საქმეა მაგი, უკეთესი არ შეიძლება. ეს ყველაფერი კარგია მაშინ... საზღვარგარეთ, კაცო, ხალხს თუ აქვს გადასახადი, იმის ხელფასიც აქვს და იმის პენსიაც აქვს. ჩვენ აქ გადასახადი გვემატება და ხელში არაფერი არ გვიჭირავს, დავწყდეთ მშიერი - დავწყდეთ, კაცო. არაა სწორი ეს არც ერთ შემთხვევაში."(სტილი დაცულია)

შეამჩნევდით, ალბათ, რომ არც ერთ აბონენტს სიტყვაც კი არ დასცდენია სხვა სატელეფონო კომპანიის მომსახურებაზე გადართვის შესახებ. ეს იმიტომ, რომ ყველა სატელეფონო კომპანია მის მიერ ათვისებულ ტერიტორიაზე მონოპოლისტია და იქ კონკურენტის შეღწევა ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.

ასეთი ბუნებრივი მონოპოლიის რეგულირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელ კომისიას ევალება. კომისიაში მომხმარებელთა უფლებების დამცველის ლია მუხაშავრიას თქმით, ელექტროკავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მარეგულირებლის რეკომენდაციით მიიღო. ეს იმიტომ, რომ სხვა კომპანიები აბონენტებისგან, ელქტროკავშირთან სატელეფონო კავშირის სანაცვლოდ, 1 წუთში 2 თეთრს იღებდნენ, ელექტროკავშირი კი არაფერს და იგი ზარალს განიცდიდა. ახლა, როგორც ჩანს, ვითარება საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "უამრავი რამ არის გასაკეთებელი, ახალი ქსელებიდან და ახტელიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. ისინი აპირებენ, წუთობრივი მომსახურების გარეშე, 4 ლარიანი ტარიფის შექმნას. დაიწყეს როგორც ექსპერიმენტი და აპირებენ მის სრულად ამოქმედებას სექტემბრის თვიდან."(სტილი დაცულია)

ხოლო თუ ივლისიდან ელექტროკავშირმა 4 ლარიან ტარიფთან ერთად წუთობრივი ტარიფიც აამოქმედა, მისი მომხმარებელი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მსგავსი ტარიფი დანარჩენ კომპანიებში სექტემბრიდან გაუქმდება.

ლია მუხაშავრია ირწმუნება, რომ ტარიფის ამოქმედებამდე ყველაფერს გააკეთებს კომპანიებს შორის კონსენსუსის მისაღწევად და თუ ეს არ მოხერხდა, იგი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მიმართავს.
XS
SM
MD
LG