Accessibility links

აშშ თავისი საგარეო პოლიტიკის ბოლოდროინდელ უდიდეს წარმატებას საქართველოში ხედავს


აშშ-ს ერაყში მძიმე დრო დაუდგა: მეამბოხეების თავდასხმებს ბოლო არ უჩანს; ხშირია შეტაკებები რადიკალი შიიტი კლერიკოსის, მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებულ მიმდევრებთან; საერთაშორისო თანამეგობრობა კი აღშფოთებულია

აბუ ღრაიბის ციხეში ერაყელი ტყვეების წამებით, რაც, ალბათ, უმძიმესი დარტყმაა ამერიკის რეპუტაციისათვის.

და აი, ამ დაძაბულ ვითარებაში ყურადღება მიიპყრო ინფორმაციამ, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიმართავს და რა წარმატებებს აღწევს დემოკრატიის განსამტკიცებლად საზღვარგარეთ. ლაპარაკია 101 ქვეყანაზე, მათ შორის რუსეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, შუა აზიის რესპუბლიკებზე, ერაყზეც. მაგრამ სრულიად გამორჩეული ადგილი ამ მოხსენებაში საქართველოს ეთმობა...

საქართველო წარმატების ნიმუშია - ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებს თავისი საგარეო პოლიტიკით კმაყოფილების საფუძველს აძლევს. ეს აშკარა ხდება წინასიტყვაობაშივე, რომელიც ერთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა: შეერთებული შტატების ანგარიში 2003-2004 წლებში". ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა და მასში საქართველო რამდენიმეჯერ არის მოხსენიებული. დავიწყოთ უკვე ნახსენები წინასიტყვაობით, რომელშიც ვკითხულობთ: "გაცვლისა და სხვა პროგრამების მეშვეობით ახალ თაობებს ვაზიარებთ დემოკრატიულ იდეებსა და პროცესებს. ქართველი მიხეილ სააკაშვილ მხოლოდ ერთერთია ბევრი ახალგაზრდა ლიდერიდან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში და შინ არიან დაბრუნებული მტკიცე გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყონ რეფორმებს. 2003 წელს სააკაშვილი გაუძღვა მშვიდობიან "ვარდების რევოლუციას", რომელსაც საბოლოოდ ახალი, დეომკრატიული არჩევნები მოჰყვა".
წინასიტყვაობას, რომლიდანაც ეს ციტატატა შემოგთავაზეთ, ხელს აწერს თვით კოლინ პაუელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. წინასიტყვაობის შემდეგ კი მოყვანილია მიმართვა, რომელიც პაუელმა 2 თვის წინ, თებერვალში გაუგზავნა ამერიკულ საელჩოებსა და საკონსულოებს მთელს მსოფლიოში. ამ მიმართვაში საუბარი მხოლოდ საქართველოს ეხება. "გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას დავესწარი (…) ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მადლიერებამ, რომელიც ახალმა მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა გამოხატეს საქართველოსა და მისი ხალხისადმი შეერთებული შტატების მრავალწლიანი დახმარებისათვის", წერს კოლინ პაუელი ამერიკელი დიპლომატებისადმი მიმართვაში, რომელსაც ამთავრებს დასკვნით, რომ საქართველოში რაც მოხდა, არის კარგი დიპლომატიისა და რიგიანი დახმარების პროგრამების შედეგი. "შეერთებულმა შტატებმა მეგობრები მოიპოვა არა მარტო ახალ მთავრობაში, არამედ მოიპოვა ქართველი ხალხის მეგობრობა, რომელიც თაობებს გაჰყვება. ეს არის მოდელი, რომლის გამეორება სხვაგან ნამდვილად ღირს".
შეერთებული შტატების საგარეო უწყება საქართველოში მომხდარ ცვლილებებს რომ დიდ, შესაძლოა გასული წლის უდიდეს საგარეოპოლიტიკურ წარმატებად მიიჩნევს, ორშაბათს გამართულ ბრიფინგზეც გამოჩნდა. კოლინ პაუელის მოადგილემ, რიჩარდ არმიტაჯმა აღნიშნა: [რიჩარდ არმიტაჯის ხმა] "ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიისაკენ მშვიდობიან მისწრაფებაში და ჩვენი სოლიდური დიპლომატიის შედეგად, ის ამერიკას თავის მეგობრად მიიჩნევს".
ძნელი შესამჩნევი არ არის, რამდენად კმაყოფილია შეერთებული შტატები მისდამი ხალხის, მოსახლეობის კეთილგანწყობით - ეს ხომ კონტრასტს ქმნის ფართომასშტაბიან კრიტიკასთან, რომელიც მას ერაყში გატარებულმა პოლიტიკამ, უწინარეს ყოვლისა აბუ ღრაიბის ციხეში ერაყელი ტყვეების წამების შემთხვევებმა მოუტანა არაბულ სამყაროში და არა მარტო იქ. სახელმწიფო დეპარტამენტის 270-გვერდიან ანგარიშში ერაყელი ტყვეების წამებაზე ბევრი არაფერია ნათქვამი - ანგარიში სკანდალის დაწყებამდე შეადგინეს. მაგრამ დოკუმენტის გამოქვეყნების დღეს აბუ ღრაიბის თემას ლორნ კრეინერი შეეხო: სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში. [კრეინერის ხმა] "ხალხი ფიქრობს, რომ დემოკრატიის ექსპორტს ვეწევით, მაგრამ ასე არ არის. ასე რომ იყოს, არაფერი გამოგვივიდოდა. დემოკრატიის სხვაგან გადანერგვა შეუძლებელია. აი, რას გვეუბნებიან საზღვარგარეთ: "აბუ ღრაიბში საშინელება მოხდა და გვაჩვენებს, რომ შეერთებული შტატები შეცდომებს უშვებს. მაგრამ მაინც გთხოვთ დახმარებას."
თუ შეერთებული შტატები დემოკრატიის ექსპორტს არ ეწევა, როგორ ახორციელებს უცხოეთში დემოკრატიის ხელშეწყობას? ამ შეკითხვაზე ვრცელი პასუხის მსურველ და ინგლისურის მცოდნე მსმენელს გამოადგება უებსაიტი, რომლის მისამართია: www.state.gov. ამ გვერდზე ბევრჯერაა ნახსენები საქართველო - ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან ბევრი "არშემდგარ სახელმწიფოდ" მიიჩნევდა, წელს კი სხვების მისაბაძად ასახელებს მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG