Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარინის შემცველი ყუმბარა-მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ უმნიშვნელო ნარჩენი


ბაღდადში 17 მაისს მომხდარი ტერორისტული აფეთქების მსხვერპლთა, მათ შორის ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის



იზედინ სალიმის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის სიცოცხლის ხელყოფა ვერ შეცვლის ერაყის დროებითი მთავრობისათვის სუვერენიტეტის გადაცემის თარიღს. ამ თარიღის დადგომამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე, ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის საკითხმა კიდევ ერთხელ შეიძინა აქტუალობა. 17 მაისს შეერთებული შტატების კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამბოხებულებმა ქიმიური ნივთიერება სარინის მცირე რაოდენობის შემცველი ყუმბარა ააფეთქეს.

სარინის შემცველი ყუმბარის აფეთქებამ მცირედ დააზიანა ორი ადამიანი. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, პირველადი შესწავლის მასალებით, აფეთქებული ნივთიერება მართლაც სარინი იყო. ნივთიერების ტესტირება გრძელდება. მართალია, ჯერ-ჯერობით ძნელია იმის თქმა, კვირას მომხდარი აღმოჩენა ნიშნავს თუ არა ერაყში სარინის შემცველი ყუმბარების დამატებითი რაოდენობისა და მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას. მაგრამ შეერთებული შტატების თავადცვის მინისტრი აღმოჩენას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. რამსფელდი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ამ აღმოჩენით კარგი მიზეზი მიეცა დაასკვნას, რომ სადამს მასობრივი განადგურების იარაღი მართლაც ჰქონდა. თუმცა ამოუცნობია, კიდევ ჰქონდა თუ არა მას ეს იარაღი უშუალოდ ომის დაწყების წინ.

[დონალდ რამსფელდის ხმა]"ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იარაღი არსებობდა. თუმცა ერაყი სისტემატურად ატყუებდა მსოფლიოს და უმალავდა იმას, რასაც აკეთებდა. ამის ბევრი სამხილი იყო. თუმცა არ ვიცით ბოლოს სად გააქრეს ეს იარაღი და რეალურად რა მოხდა."

დავუბრუნდეთ ისევ იმ აღმოჩენას, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სარინი უფერო, უსუნო სითხეა. შესუნთქვის, ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში, იგი სიკვდილს იწვევს. ეს საწამლავი 1995 წელს სექტანტებმა გამოიყენეს ტოკიოს მეტროში, სადაც ტერორისტულმა აქტმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყის ყოფილმა მთავრობამ გაეროს ინსექტორების წინაშე აღიარა, რომ ქვეყანა ნერვული გაზის საწარმოებლად ასობით ტონა სარინს ამუშავებდა. გაზი ერაყმა ირანის წინააღმდეგ ომის დროს გამოიყენა. არსებობს მოსაზრებაც, რომ ერაყი სარინის შემცველ მომწამვლელ გაზს 10 წლის წინათ ქურთების წინააღმდეგაც იყენებდა.

მიმდინარე წლის იანვარში სამხრეთ ერაყში კოალიციის დანიურმა ნაწილებმა აღმოაჩინეს ნაღმსატყორცნი ყუმბარები. მათი დათვალიერებისას გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ქიმიურ ნაერთებს შეიცავდნენ. ლაბორატორიულმა შესწავლამ ეს ეჭვი არ დაადასტურა. ყუმბარები, სავარაუდოდ, ირან-ერაყის ომის დროინდელი იყო.

ამერიკის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ ერაყში სარინის შემცველი იარაღის დამატებითი რაოდენობის არსებობას. შესაბამისად, ისინი აღიარებენ, რომ ამბოხებულებს, რომლებიც ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებაზე თანახმანი არიან, არ შესწევთ უნარი ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მოწყობილობა სარინის შემცველი ყუმბარისაგან გაარჩიონ. რითაც ისინი საფრთხეს უქმნიან, არა მარტო მოწინააღმდეგეებს, არამედ საკუთარ თავსაც.

ქიმიური ნაერთი, რომელიც კვირას შეერთებული შტატების სამხედროებმა ერაყში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ ძველი და ძალადაკარგული იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა სახედრო პირების გარდა, პოლიტიკოსებმა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც აიტაცეს, თავად კოალიციის ჯარისკაცები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, მათთვის მთავარი საფრთხე სარინის შემცველი ყუმბარები კი არა, ერაყელების მღელვარების ზრდაა.
XS
SM
MD
LG