Accessibility links

logo-print

საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე მსჯელობა დაიწყო


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ წრეებში აქტიური მსჯელობა დაიწყო აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ.

ერთნი საერთოდ ავტონომიის გაუქმებას მოითხოვენ, მეორენი კი რეგიონისა და ცენტრის უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე ვერ თანხმდებიან. კამათისთვის წერტილის დასასმელად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აჭარის სტატუსის განმსაზღვრელი საკონსტიტუციო კანონპროექტი შესთავაზა. ეს კანონი საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 1 თვის თავზე უნდა მიიღოს.

18 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა ლეიბორისტულ (შრომის) პარტიას იმ სარჩელის განხილვაზე, რომელიც აჭარაში რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა აჭარის სტატუსის გასარკვევად. ლეიბორისტებს არ დაუმალავთ, რომ აჭარის ავტონომიის გაუქმების მომხრენი არიან.

ამ და აჭარის ავტონომიის გაუქმების მსურველ სხვა პოლიტიკურ ძალას მხოლოდ იმის შანსიღა დარჩა, რომ აჭარის სტატუსის განმსაზღვრელი საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. 18 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საჯარო განხილვა. მასში აჭარის ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპებია ჩამოყალიბებული.

კანონპროექტი ჯერჯერობით დეტალურად არავის შეუსწავლია, თუმცა პარლამენტარმა რესპუბლიკური პარტიიდან, ივლიანე ხაინდრავამ, ერთი თვალის გადავლებითაც რამდენიმე საკამათო დეტალი აღმოაჩინა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] "იქ საკმაოდ ბევრია საუბარი ავტონომიური ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ან შეჩერების ან დათხოვნის შესაძლებლობებზე, ეს არის უხვად პრეზიდენტის კანონპროექტში და ეს ღრმად შესასწავლია. იმიტომ რომ ზოგიერთი დებულება, ზედაპირული წაკითხვით, ეჭვს იწვევს."(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე შეუსაბამობასაც შეიცავს. ერთ-ერთი მათგანია აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საკითხი. აჭარაში მოქმედი საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი საბჭო ეწოდება. პრეზიდენტის კანონპროექტის მიხედვით კი, პარლამენტი და, თანაც, ის ორპალატიანია.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] "თავის დროზე აბაშიძემ რომ შემოიღო ორპალატიანი პარლამენტი, სენატი და რაღაცა, აქ სიცილად არ გვყოფნიდა არავის, ხომ... რაღაც ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა ეს, რადგან არგუმენტაცია არ არსებობდა."(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის გუნდის სიით პარლამენტში შესული ივლიანე ხაინდრავასაგან განსხვავებით, უფრო კრიტიკულია მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის დავით გამყრელიძის პოზიცია.

[დავით გამყრელიძის ხმა] "კანონი, მართლაც, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მხოლოდ ავტონომიის გაჟღერება და რეალურად აქ ავტონომიის არავითარი უფლება ჩადებული არ არის."(სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია კი არამართებულად მიიჩნევს ოპოზიციის ასეთ შეფასებებს და აცხადებს, რომ აჭარის ხელისუფლებას ის უფლებები ექნება, რაც შეიძლება ჰქონდეს რეგიონულ ხელისუფლებას. ეს, ნაწილობრივ, საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული და მასთან ავტონომიის ხელისუფლების სტრუქტურების შესაბამისობაში მოყვანა უშიშროების სამინისტროს გაუქმებით დაიწყო. 18 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში უშიშროების შესახებ, რის საფუძველზეც აჭარისა და აფხაზეთის უშიშროების სამინისტროები გაუქმდა.
XS
SM
MD
LG