Accessibility links

logo-print

ამოიწურა თუ არა უსიამოვნება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გრძელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც 18 მაისს დაიწყო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერთა სამიტი. პარალელურად,

სტრასბურგში გაიმართება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაც. ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის საკმაოდ გულთბილი ურთიერთობა ბოლო რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ მძაფრი განცხადებები გააკეთა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მისამართით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კი ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა. დღეს ინციდენტის მონაწილენი აცხადებენ, რომ უსიამოვნება ამოიწურა. რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს?

საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას შორის არსებული უღრუბლო დამოკიდებულება აჭარის მოვლენებმა დაძაბა, როცა ვალტერ შვიმერის განცხადებას, კონფლიქტში მონაწილე მხარეები დიალოგის უნარს არ ამჟღავნებენო, რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ ემოციური რეაქცია მოჰყვა. ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ვალტერ შვიმერი და ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ დღეს, როცა აქ წყდებოდა საკითხები, საქართველოდან გააძევა ევროსაბჭოს წარმომადგენელი. იცით, რატომ გაუშვა? იმიტომ, რომ ევროსაბჭომ გააკეთა განცხადება, მხარეებმა დაკარგეს დიალოგის უნარიო, ეს არ მოგვწონსო. თითქოს ორი მხარე იყოს. გეგონება, აჭარის საზოგადოება არაფერ შუაში იყო; გეგონება, ორივე ერთნაირად დამნაშავე იყო. ეს არ არის ევროპელის პოზიცია. ეს არის პოზიცია დიდხელფასიანი გათავხედებული ბიუროკრატისა, რომელსაც არაფერი აინტერესებს. შვიმერის თვალწინ დაარბიეს ბათუმის დემონსტრაცია. ადგა, ქუდი დაიხურა და გაფრინდა ბათუმიდან."
ამ განცხადების შემდეგ ათ დღეზე მეტი დრო გავიდა. პლამენ ნიკოლოვი კვლავ საქართველოში განაგრძობს მუშაობას, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები კი ვალტერ შვიმერს არწმუნებენ, რომ ევროსაბჭოს კრიტიკისას მიხეილ სააკაშვილს იგი არ უგულისხმია.ყოველ შემთხვევაში, ასეთი განმარტებები გააკეთა თავად ვალტერ შვიმერმა ჯერ მოსკოვში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, 17 მაისს კი - ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ. რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის თანამშრომელი რობერტ პარსონსი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს უშუალოდ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდა.
რობერტ პარსონსი: დღეს შეხვდით საქართველოს პარლამენტის სპიკერს ნინო ბურჯანაძეს. როგორ ფიქრობთ, საქართველოს პოზიცია შერბილდა თუ არა?

ვალტერ შვიმერი: მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპის საბჭოსთან და მის გენერალურ მდივანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით. კერძოდ, ქალბატონმა ბურჯანაძემ დაადასტურა ის, რაც ადრე მითხრეს, რომ არასოდეს ყოფილა პირადად ჩემზე თავდასხმის განზრახვა.

რ.პ.: კეთილი, არ ყოფილა თქვენზე პირადად თავდასხმის განზრახვა, მაგრამ თავშეუკავებელი ტონი ნამდვილად იქნა გამოყენებული.

ვ.შ: არ მინდა კომენტარის გაკეთება. მე არასოდეს მიხმარია ასეთი ტონი. ჩემი ერთადერთი ინტერესია, დავეხმარო საქართველოს.

რ.პ.: თავი დავანებოთ პირად ურთიერთობებს, თავი დავანებოთ თავშეუკავებელ ტონს. გამოითქვა კონკრეტული მუქარა, რომ ევროპის საბჭოს დიპლომატი გაძევებული იქნებოდა საქართველოდან. ამასთან დაკავშირებით როგორაა საქმე?

ვ.შ: თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბატონი პლამენ ნიკოლოვი აგრძელებს საქართველოში თავისი მოვალეობის შესრულებას. მე არ მიმიღია რაიმე ოფიციალური მოთხოვნა მისი გაძევების თაობაზე და მიმაჩნია, რომ მთელი ეს საქმე დასრულებულია.


შესაძლოა თუ არა კონფლიქტის ამოწურვაზე საუბარი? - ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყოფილი წევრის არმაზ ახვლედიანის აზრით, თუ ვალტერ შვიმერს ინციდენტი ამოწურულად მიაჩნია, ეს, მართლაც, ასეა:
[არმაზ ახვლედიანის ხმა] " თუ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ინციდენტი ამოწურულია, ალბათ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მისი მხრიდან პრობლემა ამოწურულია. თუმცა არა მგონია, ასე მარტივად იყოს საქმე, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების ასეთი მწვავე რეაქცია ნამდვილად არ იყო საფუძველს მოკლებული."
განსხვავებული აზრი აქვს პარლამენტარ ელენე თევდორაძეს, რომელიც კონფლიქტს ამოწურულად არ მიიჩნევს. ელენე თევდორაძე უახლოეს დღეებში ბუდაპეშტში მონაწილეობას მიიღებს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საქართველოში მომხსენებელთა ჩამოსვლის საკითხიც იქნება განხილული. ელენე თევდორაძე არ გამორიცხავს მომხდარის შემდეგ ევროსაბჭოს პოზიციის გამკაცრებას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით:
[ელენე თევდორაძის ხმა] " მე ვიცი წინასწარ, რომ ისინი აპირებდნენ, ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აღებული ვალდებულებების თარიღების შეჯერებას გადადების მიზნით და ზოგიერთი ვალდებულების მოხსნას. ამის შემდეგ, რაც ეს მოხდა, ველოდები, რომ უფრო დაძაბულ ვითარებაში ჩატარდება ეს განხილვა."
პოლიტიკური ექსპერტის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ადრე თუ გვიან, პლამენ ნიკოლოვს ევროსაბჭო თავად გაიწვევს, თუმცა, მთლიანობაში, მომხდარი საქართველოს საერთაშორისო იმიჯს კარგს არაფერს შემატებს
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " ეტყობა, ევროპამ აგრძნობინა ხელისუფლებას, რომ ამ ფორმით არ ხდება გაწვევები და მისცეს დრო, რომ დაშოშმინებულიყვნენ. მე მგონი, ნიკოლოვს მაინც გაიწვევენ, ოღონდ არა ჩხუბითა და ყაყანით. ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯს ეს ხელს არ შეუწყობს, რომ ასეთი ფორმით ვეკამათებით ევროსაბჭოს ხელმძღვანელებს."(სტილი დაცულია)
ცნობისთვის: საქართველოში ევროსაბჭოს მომხსენებელთა ჩამოსვლა ივლისისთვისაა მოსალოდნელი. ალბათ, სწორედ ამ დროისთვის გაირკვევა, რა გავლენას იქონიებს მაისში მომხდარი სკანდალი ევროსაბჭოს პოზიციაზე - სხვათა შორის, საქართველოს საკმაოდ ბევრი ვალდებულება ჯერ არ შეუსრულებია.
XS
SM
MD
LG