Accessibility links

logo-print

რა სიმბოლოებს მიეცა ძირითადი დატვირთვა საქართველოს ახალი სახელმწიფო გერბის პროექტებზე მუშაობისას


რევოლუციის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იცვლება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. ახალი სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის მიღების შემდეგ,

ჯერი ახალი სახელმწიფო გერბისა და დევიზის მიღებაზე მიდგა. ამისთვის სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საკონკურსოდ გერბის 15 პროექტი და დევიზის 10 ვარიანტი შეარჩია. ეს ყველაფერი ამ დღეებში გამოფენილი იყო თბილისში, "ცისფერ გალერეაში" , მაგრამ გამოფენა უკვე დახურულია. გადამწყვეტი სიტყვა ახლა უკვე ჟიურიმ უნდა თქვას.

"ცისფერ გალერეაში" სახელმწიფო გერბისა და დევიზის პროექტების გამოფენა 14 მაისს გაიხსნა და 17 მაისს დაიხურა. იქ წარმოდგენილი პროექტები უამრავმა ადამიანმა ნახა. "ცისფერ გალერეაში" დაგვიდასტურეს, რომ ინტერესი ამ გამოფენისადმი, მართლაც, დიდი იყო.

["ცისფერი გალერეის" თანამშრომლის ხმა] "ინტერესი ძალიან დიდი იყო, აზრის გამოთქმის საშუალებაც ჰქონდათ: იყო აქ შთაბეჭდილებების წიგნი, ხალხი გამოთქვამდა თავის აზრს - ირჩევდა, რომელი ჯობდა, ყველა კატეგორიის ხალხი მოდიოდა. "

18 მაისს "ცისფერ გალერეაში" აღარც სახელმწიფო გერბის და დევიზის პროექტების გამოფენა იყო და არც გალერეის თანამშრომლის მიერ ნახსენები შთაბეჭდილებების წიგნი. ის კონკურსისთვის შერჩეულ პროექტებს გააყოლეს. ეტყობა, ჟიურის წევრებისთვის საინტერესო იყო, როგორ შეაფასეს საკონკურსო ნამუშევრები იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელსაც, ახალ სახელმწიფო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, მალე ახალი სახელმწიფო გერბი და დევიზი ექნება. გამოფენის დათვალიერებისას მოქალაქეები აღნიშნავდნენ სახელმწიფო გერბის პროექტებში ერთი და იმავე სიმბოლოების დომინირებას. ეს, მართლაც, ასეა და სწორედ იმიტომ, რომ კონკურსში მონაწილეებს ქართული სახელმწიფო ჰერალდიკის ტრადიციები და ჰერალდიკის საერთაშორისო კანონები უნდა გაეთვალისწინებინათ.

[ელდარ შენგელაიას ხმა] "საქართველოში არსებობს სამხარეო და საგვარეულო ჰერალდიკის ტრადიცია, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ჰერალდიკის ტრადიციაც. ეს, აშკარად, გათვალისწენებულია აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში."

სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს ელდარ შენგელაიას ჩვენ გამოფენის გახსნისას ვესაუბრეთ. მან ხაზი გაუსვა კონკურსის მთავარ პირობას - ქართული სახელმწიფო ჰერალდიკის ტრადიციების გათვალისწინებას, თუმცა ერთ-ერთ პროექტში ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის ძირითადი სიმბოლოები დომინირებდა.

გერბი ფარია - ამბობენ ჰერალდიკოსები. "ცისფერ გალერეაში" გამოფენილ ნამუშევრებში ფარი ზოგ შემთხვევაში ფრანგული იყო, ზოგჯერ - ესპანური, რადგან სწორედ ფანგულ ფარზე იხატებოდა საქართველოს გერბები, ესპანური გერბი კი, ერთ-ერთი ჰერალდიკოსის თქმით, ვახუშტი ბაგრატიონის დროშა-გერბებში გვხვდება.

საკონკურსოდ შერჩეულ პროექტებში მთავარი დატვირთა რამდენიმე სიმბოლოზე მოდის. ესენია: ქრისტეს კვართი, წმინდა გიორგი, ივერიის მთა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლო, და ოქროს საწმისის გამოსახულება. ძირითადი სიმბოლოები გერბის მთავარ ნაწილში - ფარშია გამოსახული, ფარს გარეთ კი დამხმარე ელემენტებია. ერთ-ერთ საკონკურსო ნამუშევარში საქართველოში ბოლო დროს მომხდარი 2 რევოლუციის სიმბოლო - 2 ვარდიც გვხვდება, ნამუშევრების უმეტეს ნაწილში - ქართული, ივერიული გვირგვინი და ორი ლომი. ირკვევა, რომ გვირგვინი, რომელიც ფარზე ძევს, სახელმწიფო სუვერენიტეტის სიმბოლოა. სხვათა შორის, რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების შემდეგ გვირგვინიანი გერბები აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა სახელმწიფომ აღიდგინა. რაც შეეხება ლომებს, ლომი, თავისთავად, სიძლიერის სიმბოლოა - თანაც, 2 ლომი გამოსახულია საქართველოს ძველ გერბებზე.

ჯერი საქართველოს ახალ სახელმწიფო გერბზეა. 15 პროექტიდან საუკეთესოს ჟიური ძალიან მალე დაასახელებს და პრეზიდენტს წარუდგენს. საუკეთესო პროექტის ავტორის ერთადერთი ჯილდო იქნება ის, რომ მისი ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ იქცევა.
XS
SM
MD
LG