Accessibility links

logo-print

გაივლიან თუ არა მინისტრები სამხედრო შეკრებას?


საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას - ზაფხულისთვის სამხედრო შეკრებაზე მამრობითი სქესის მინისტრთა გამოძახების შესახებ - ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გენერალურმა შტაბმა უკვე მიიღო დავალება, მოამზადოს რეზერვისტი მინისტრებისათვის შეკრების ადგილი, რომელიც, კონტინგენტის თავისებურების გათვალისწინებით, თბილისიდან საკმაო მანძილით იქნება დაშორებული. საქართველოს მთავრობის წევრები, რომელთა უმრავლესობას, სამხედრო ვალდებულების მიუხედავად, თავის დროზე ერთი დღეც კი არ უცხოვრია ჯარისკაცული ცხოვრებით და არც დიდი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა, მორჩილად აცხადებენ, რომ მზად არიან პირნათლად შეასრულონ პრეზიდენტის მითითება.


სამხედრო სამსახურისადმი საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების შეცვლაზე ფიქრი მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო და მომავალი გეგმები პირველად ქართველ სამხედროებს გაანდო. გასული წლის 10 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ნაწილში შვილთან, ედვარდთან ერთად მისულმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არმია საზოგადოების ყველაზე საპატიო ნაწილი გახდებოდა, ხოლო ჯარში სამსახური იქნებოდა უმთავრესი კრიტერიუმი ყველა დონის სახელმწიფო მოხელის სამსახურებრივი წინსვლისათვის.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ მთავრობაში დაინიშნება რომელიმე ადამიანი, რომლის შვილი არის გაწვევის ასაკის და არ გამოცხადდა გამწვევ პუნქტზე, ეს კაცი უნდა მოიხსნას. ისევე, როგორც საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება ვერავინ, რომლის შვილი ან ძმა, ვისაც ასაკი აქვს გამწვევ პუნქტებში გამოცხადების, არ მსახურობს."( სტილი დაცულია)

სააკაშვილის ეს განცხადება იმხანად ყველა საინფორმაციო საშუალებამ ერთხმად აიტაცა. მაგრამ 28 მარტის არჩევნების წინ "ნაციონალებისა და დემოკრატების" საპარლამენტო სიის გაფილტვრა ამ კრიტერიუმით არ მომხდარა. შესაძლოა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებოდა დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, მდედრობითი სქესის დეპუტატების გარდა.
ცნობისათვის: თუკი დღევანდელი პოლიტიკური ელიტის რომელიმე წარმომადგენლის ბიოგრაფიაში არსებობს სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი ჩანაწერი, ეს უკავშირდება საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს და არა საქართველოს არმიას, რომელსაც დამოუკიდებლობის საკუთარი 13 წლიანი, ავი თუ კარგი, ისტორია აქვს. იგივე ითქმის, მინისტრთა კაბინეტის მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე, რომლებიც ადრეულ ახალგაზრდობაში საზღვარგარეთ განათლების მიღებით ან პოლიტიკური ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი და ქვეყნის წინაშე სამხედრო ვალის მოხდისთვის ვერ მოიცალეს. მაგრამ სააკაშვილი, რომელსაც წინასაარჩევნო დაპირებებისათვის ხალხი ხვალ პასუხს მოსთხოვს, აღარ აპირებს მინისტრებს, მათი რევოლუციური დამსახურების მიუხედავად, სამხედრო სამსახური კვლავ გადაუვადოს. მთავრობის წევრებიც მზად არიან გაიარონ სამკვირიანი შეკრება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე აცხადებს, თუნდაც არმიისადმი სოლიდარობის ნიშნად.

[გია ბარამიძის ხმა] "ეს, ბუნებრივია, არის ჯარისადმი სოლიდარობის ჟესტი. და მე ვფიქრობ, რომ, თუკი ჩვენ რიგით მოქალქეებს მოვუწოდებთ, ეს პირად მაგალითზეც უნდა ვანახვოთ."(სტილი დაცულია)


ქართველი ჟურნალისტების მიერ მინისტრების ბლიცგამოკითხვა ცხადყოფს, რომ ისინი მზად არიან ხალისით იმსახურონ ვაზიანისა და კოჯრის ელიტურ სამხედრო ნაწილებში, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართველი პროფესიონალების გვერდით. მაგრამ როგორც რადიო "თავისუფლებას" გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გივი იუკურიძემ უთხრა, მინისტრი რეზერვისტების შეკრების ადგილად სულ სხვა პუნქტი - ქალაქი საჩხერე - განისაზღვრა.

[გივი იუკურიძის ხმა] "ჯერ, კობა, ამის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს; არის მხოლოდ პრეზიდენტის პირადი მითითება, რომ ამ ხალხმა უნდა გაიაროს შეკრება. ამისათვის მზადდება საჩხერის ბაზა, სადაც არა მარტო ეს, არამედ სხვა შეკრებებიც ჩატარდება."


თანაც, როგორც ირკვევა, მინისტრების შეკრება, გენერალური შტაბის გეგმის თანახმად, არა ზაფხულში, როგორც იყო გამოცხადებული, არამედ შემოდგომაზე, სექტემბრის შემდეგ, ჩატარდება. დარჩენილი 4 თვე კი მინისტრებს მოუწევთ მთელი ძალით იმუშაონ ბიუჯეტის შესრულებაზე, რათა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, სამხედრო ნაწილის ნაცვლად, მათ პირდაპირ ჰაუპტვახტში არ უკრას თავი.
XS
SM
MD
LG