Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური ურთიერთობები - გარღვევა მოახლოვდა?


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი მსმენელისათვის ცნობილია ე.წ. შლაინინგის პროცესი, რომელიც ქართული და აფხაზური საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა შეხვედრებს მოიცავს.

სამი წლის მანძილზე სულ 13 შეხვედრა გაიმართა. ბოლო შეხვერდა 13 მაისს დასრულდა ბერლინში. მისი მონაწილე, რეფორმებისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარე, იურისტი კოტე კუბლაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია. რა პოზიციითა და განწყობით შეხვდნენ ერთმანეთს ქართველები და აფხაზები?

კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ აფხაზების პოზიცია (აფხაზთა შორის იყვნენ როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები) აღარ არის ისეთი დოგმატური, უწინ რომ იყო. აფხაზებმა კარგად იციან, რა მოხდა საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აფხაზეთთან საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს ისეთი მიდგომით, როგორიც მან აჭარაში გამოიყენა, თუმცა დასძენენ, რომ:

[კუბლაშვილის ხმა] "ეს ყველაფერი კარგია საქართველოსთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიამ იზეიმოს."

კოტე კუბლაშვილის თქმით, აფხაზებს სურთ დანამდვილებით იცოდნენ, რას შესთავაზებს მათ საქართველო და რამდენად გაითვალისწინებს აფხაზების უსაფრთხოების, დემოგრაფიულ და სხვა ინტერესებს. როცა გონივრული წინადადება ესმით, აინტერესებთ მისი ყოველი დეტალი, ამბობს კოტე კუბლაშვილი.

[კუბლაშვილის ხმა] "როცა მათ ჩვენი პოზიცია გავაცანით - როგორ ვხედავთ აფხაზეთსა და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში, ოფიციალურად, ღია სესიაზე, მათ ეს უარყვეს, რადგან ფედერაციული სახელმწიფო მათთვის მიმზიდველი არ არის. მაგრამ შემდეგ თითოეული მათგანი ეძებდა ამ პრინციპებში რაღაცას, მისთვის მისაღებს, ბევრ შემთხვევაში პოულობდა და კმაყოფილდებოდა."

შეცვლილია აფხაზების პოზიცია დევნილთა დაბრუნების საკითხისადმიც:

[კუბლაშვილის ხმა] "ამ საკითხზე, მოგეხსენებათ, სრულიად კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ. ახლა კი ითვალისწინებენ, რომ ეს შეიძლება განხორციელდეს. აინტერესებთ პირობები, როგორ განხორციელდება: ეტაპობრივად, ნებაყოფლობით, კონკრეტულად რა ვადებში და ა.შ."

კოტე კუბლაშვილი აფხაზთა პოზიციის შერბილებას ორი ფაქტორით ხსნის: საქართველოს ახალ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუხატავს თავისი მიდგომა აფხაზეთში კონფლიქტის გადაჭრისადმი, რაც აფხაზებისთვის, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებს იმემკვიდროს ძველი ხელისუფლების პოზიცია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ ქართული დელეგაციის წინადადებები მკვეთრად განსხვავდებოდა საქართველოს წინა ხელისუფლების პოზიციისაგან.

[კუბლაშვილის ხმა] "ძველი მიდგომა ვიცით: ფართო ავტონომია აფხაზეთისათვის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და დევნილების სასწრაფოდ დაბრუნება. ჩვენი პოზიცია ამისგან სრულიად განსხვავებულია: ძალიან დეტალური, კონკრეტული ანალიზი და შეფასება იმისა, რაც მოხდა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, კონკრეტული წინადადებების შეთავაზების გზით: როგორ სახელმწიფოს ვხედავთ ჩვენ, როგორ უნდა იცხოვროს ერთად აფხაზმა და ქართველმა ხალხმა, რა უფლებამოსილებები ექნება აფხაზეთის სახელმწიფო ერთეულსა და საქართველოს ფედერალურ სახელმწიფოს."
XS
SM
MD
LG