Accessibility links

"საქინფორმის" ჟურნალისტები თანადგომას ითხოვენ


კვირაზე მეტია, რუსთაველის გამზირზე ქვეითად მოსიარულეთა ყურაღებას გამომცემლობა "მერანის" სადარბაზოსთან გამოკრული შემდეგი შინაარსის პლაკატი იქცევს:

sos!!! "საქინფორმის" ჟურნალისტები შიმშილობენ. გთხოვთ თანადგომას!" თუმცა თანადგომას მარტო "საქინფორმის" ჟურნალისტები როდი ითხოვენ. აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ირინა გოგოსაშვილი, რომელიც ერთი თვის წინ ფოთთან საქართველოს უშიშროების სამსახურმა შპიონაჟის ბრალდებით დააკავა, რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

მეათე დღეა, რედაქციის ოფისში, რომელიც რუსთაველის 42 ნომერში მდებარეობს, "საქინფორმის" თანამშრომლები შიმშილობის აქციას მართავენ. ჟურნალისტებმა პროტესტის ამგვარ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ცნობილი გახდა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. კერძოდ: 3 მაისს ისედაც უხელფასო შვებულებაში მყოფ "საქინფორმის" თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულნი არიან. "საქინფორმის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციის განყოფილების უფროსი კორესპონდენტი ნანა გელაშვილი ამ ამბავს ასე იხსენებს:

[ნანა გელაშვილის ხმა] "ეს არ იყო არც რეორგანიზაცია, ეს არ იყო არც კადრების შემცირება. უბრალოდ, ხდებოდა რა: ერთი ხელმძღვანელი მიდის თავისი გუნდით და მეორე ხელმძღვანელი უნდა მოვიდეს თავისი გუნდით. ეს ყველაფერი ხდება ჩვენთან შეუთანხმებლად, ჩვენ არანაირად საქმის კურსში არ ვიყავთ."

რაც შეეხება მოთხოვნებს. აქციაში მონაწილე ჟურნალისტები, პირველ რიგში, სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ იმ სამკაციან სამეთვალყურეო საბჭოს, რომელმაც "საქინფორმი", ნანა გელაშვილის თქმით, გაკოტრების პირას მიიყვანა. აქციაში მონაწილე ადამიანები ასევე აპროტესტებენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ, გაფართოებულ, შემადგენლობას, რომლის მიღმაც ჟურნალისტები კონკრეტულ ბიზნესმენთა ინტერესებს ხედავენ.

[ნანა გელაშვილის ხმა] "მოგეხსენებათ, შენობა ცენტრში არის, რუსთაველის გამზირზე. ძალიან პრესტიჟული ადგილია და არაჩვეულებრივი შენობაა და ამ შენობის ინტერესი დგას." (სტილი დაცულია)

"საქინფორმის" თანამშრომლებმა დახმარება თითქმის ყველა უფლებათადამცველ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სთხოვეს. მათგან ერთ-ერთი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს:

[ელენე თევდორაძის ხმა] "ჩვენ ჩავატარეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: სპეციალურად შეიქმნას (რეგლამენტი ამის უფლებას გვაძლევს) საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ამ კომისიამ შეისწავლოს სიტუაცია."

19 მაისს, "საქინფორმის" ჟურნალისტების გარდა, შველასა და დახმარებას აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ირინა გოგოსაშვილიც ითხოვდა. თუმცა ჟურნალისტს, რომლის სახლი 7 მაისს საეჭვი ვითარებაში დაიწვა, ადგილობრივ უფლებათადამცველებზე მეტად მეზობელი რუსეთის იმედი აქვს. გოგოსაშვილმა რუსეთის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა:

[ირინა გოგოსაშვილის ხმა] "აქ ახლა ქართული საქმე ნამდვილად არა კეთდება და მე არ მინდა ვიყო აქ. იმიტომ რომ ვერც ერთ ტელეარხზე მე ვერ ვიმუშავებ, ანუ მაგათ მე ვერ ვუმღერებ დილიდან საღამომდე, ეს მათ გადასარევად იციან და მავიწროებენ ყველანაირად, რომ ამ ქვეყნიდან წავიდე. წავალ, მაგრამ მალე დავბრუნდები. ჩასვლიდან ორ კვირაში ვიქნები აქ, მაგრამ უკვე სხვა ქვეყნის მიკროფონით, არა რუსეთის."

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მისი ოჯახის წევრები სამსახურიდან ასევე პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაითხოვეს. თავად გოგოსაშვილს, მისივე თქმით, უმუშევრობის არ ეშინია: "სკანდალური კადრების ოსტატი ვარო," არცთუ სიამაყის გარეშე ამბობს იგი.
XS
SM
MD
LG