Accessibility links

ქართველ მესაზღვრეთა არშემდგარი ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩრდილოეთ საზღვარზე


საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით, საქართველოში ბოლო ხანს ტრადიციად მკვიდრდება ხმაურიანი სპეცოპერაციების დადგმა, რაც ზოგჯერ სრულ პარადოქსამდე მიდის.

ასე დაემართა ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების მიზნით დაღესტნისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთებზე ორი დღის წინ გამოცხადებულ ქართველ მესაზღვრეთა სპეცოპერაციას "საფარი 2004", რომელიც უამინდობის გამო ვერ ტარდება. ბუნების ჭირვეულობით გაღიზიანებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პასუხისმგებელი მოხელეები ჟურნალისტის შეკითხვას უკვე მწყობრიდან გამოჰყავს. არადა, იბადება სრულიად მარტივი კითხვა: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიღაც "ენ"შეიარაღებული ჯგუფი საზღვრის დარღევას სწორედ ცუდი კლიმატური პირობების დროს შეეცდება?


საქართველო-რუსეთის სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობა სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის მიმართულებით ყბადაღებული თემაა. მასზე, როგორც თანამშრომლობის ახლებურ მოდელზე, ბევრს ლაპარაკობენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები. თუ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ მარგელოვს დავუჯერებთ, სერგეი მირონოვმა და ნინო ბურჯანაძემ სტრასბურგში თურმე პანკისის ხეობაში ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზეც კი მოილაპარაკეს. ნიადაგი ამისთვის რუსეთს მომზადებული აქვს.
როგორც ამბობს მხატვარი ირაკლი სუთიძე, რომელიც წელიწადის დიდ ნაწილს პანკისის ხეობასა და შატილში ატარებს, რუსეთს იტუმ-ყალეს მიმართულებით საზღვრის პერიმეტრი მთლიანად დანაღმული აქვს:

[ირაკლი სუთიძის ხმა] "ესე იგი, რუსეთის მხრიდან ისეა დაცული [საზღვარი], რომ ნადირი ფეთქდება ნაღმებზე. და, რა ვიცი, სანგრები აქვთ გათხრილი და ჩიტი ვერ გადმოფრინდება."


ერთობლივის არა, მაგრამ ჩრდილოეთის მიმართულებით საკუთარი ძალებით სპეცოპერაციის ჩატარებას ქართველი მესაზღვრეები მართლაც გეგმავენ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ 18 მაისს, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების მიზნით, დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე უნდა დაწყებულიყო სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით - "საფარი -2004", რომლის დასრულების შემდეგ ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მოხდებოდა ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და სახელმწიფო საზღვრის რეკოგნოსცირება. მაგრამ რთულმა კლიმატურმა პირობებმა მესაზღვრეთა ვერტმფრენები და სპეცრაზმი მიწას განუსაზღვრელი ვადით მიაჯაჭვა, რაშიც ჟურნალისტებს, ალბათ, ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვით. და მაინც, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შალვა ლონდარიძე მწყობრიდან გამოჰყავს თხოვნას, განმარტოს ფართოდ რეკლამირებული სპეცოპერაციის ზოგიერთი დეტალი:

[შალვა ლონდარიძის ხმა] "არა, აქ არის სპეციფიკა, სპეციფიკაა, რა."
[შეკითხვა] "თქვენ უკვე გაავრეცელეთ ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციას ატარებთ და..."
[შალვა ლონდარიძე] "მერე გააშუქეთ, ძმაო, ვერ გავიგე პრობლემას რატომ მიქმნით! გადაიდო ეს ოპერაცია, იმიტომ რომ უამინდობა არის და თუ გავავრცელეთ ინფორმაცია და თუ შენ ენდობი ამ ინფორმაციას, გაავრცელე, დამთავრდა, რა. რა პრობლემა არის, მე ვერ გავიგე."[სტილი დაცულია]

ქართველი მესაზღვრეების მიმართ ნდობა სულაც აბსოლუტური რომ იყოს, მაინც იბადება შეკითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიღაც "ენ"შეიარაღებული ჯგუფი საზღვრის დარღვევას სწორედ ცუდი კლიმატური პირობების დროს შეეცდება? ან რატომ ეწოდება ხმაურიანი ტერმინი -"სპეცოპერაცია" - დამატებითი საგუშაგოების გახსნას და რუს და ქართველ მესაზღვრეებს შორის ოპერატიული ინფორმაციების გაცვლას? ხომ არ იყო მართალი მიხეილ მარგელოვი, როდესაც ერთობლივ სპეცოპერაციაზე ლაპარაკობდა პანკისის ხეობაში?

ამ შეკითხვებზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ალბათ, საქართველოში გამოდარების შემდეგ გასცემენ დამაჯერებელ პასუხს.
XS
SM
MD
LG