Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას ეკონომიკური ფორუმით აპირებს


28-29 მაისს თბილისში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. მასზე ქართველი ბიზნესმენების მიერ მომზადებულ ბიზნესპროექტებს განიხილავენ.

ფორუმის ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა - მისი ძირითადი მიზანი აჭარაში დასაბანდებელი კაპიტალის მოძიებაა. საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ რუსმა ინვესტორებმა უკვე დაიწყეს კონსულტაციები ქართულ მხარესთან.

ბოლო წლების მანძილზე რუსეთის ფედერაცია საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ბაზრით რუსული ბიზნესის დაინტერესება მაინც უმნიშვნელოა. ქართული საწარმოების პრივატიზებისა თუ ახალი ბიზნესის წამოწყების მიმართ ამერიკელები - და, თუნდაც, ავსტრალიელები - უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ, ვიდრე რუსი ბიზნესმენები. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საგადამხდელო ბალანსის დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ფხაკაძის განცხადებით, რუსულმა ინვესტიციებმა პიკს მიაღწია 1997-1998 წლებში, ბაქო- სუფსის ნავთობსადენის მშენებლობისას, რომელშიც რუსეთი 10 პროცენტიან წილს ფლობდა.

[ვახტანგ ფხაკაძის ხმა] " შემდეგ წლებში არის მკვეთრი კლება: 1999 წელს - 1 მილიონი დოლარი; 2000-ში - 6,6; 2001-ში - 6,2; 2002-ში - 7,8 და 2003-ში გვაქვს 20 მილიონი."

გაცილებით დიდია რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი, თუმცა მასშიც უდიდესი წილი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს უკავია. კრემლს არასდროს დაუმალავს ინტერესი საქართველოს ენერგეტიკისა და, საერთოდ, ეკონომიკის კონტროლის მიმართ, თუმცა ინვესტირებისგან ყოველთვის თავს იკავებდა - ისე ცდილობდა მნიშვნელოვანი საწარმოების ხელში ჩაგდებას. ახლა კი საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარის" თავმჯდომარე ბესო ჯუღელი ირწმუნება, რომ რუს ბიზნესმენებს საქართველოში ფულის ჩადება აქვთ გადაწყვეტილი.

ბესო ჯუღელმა სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა, რომ თბილისში უკვე იმყოფება "რუსეთის მეწარმეთა კავშირის" - ძირითადად კი, სერგეი გენერალოვის ჰოლდინგის - წარმომადგენელი რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის - ქართველებიც. ცნობისათვის: გენერალოვის ჰოლდინგი, უმთავრესად, გაკოტრებული საწარმოებისა და ნედლეულის შესყიდვითაა დაკავებული. შესაბამისად, მისი წარმომადგენლები დიდ ინტერესს იჩენენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურმანგანუმისა და ენგურჰესის მიმართ.

ჯუღელისვე განცხადებით, პერსპექტიულ ბიზნესპროექტებში საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პირობა საკონტროლო პაკეტის ქართული მხარის ხელში დარჩენაა. თავად გენერალოვი კი კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოსთან ახალი ბიზნესურთიერთობით და 28-29 მაისისთვის დაგეგმილ ფორუმს წინასწარვე შედეგიანად მიიჩნევს.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "დღეს ყველა ლაპარაკობს, რომ გვაქვს საშინელი ბიზნესგარემო, უსაშინლესი საგადასახადო კოდექსი - სამართლებრივად ბიზნესმენი დაუცველია, საკუთრების უფლება პრაქტიკულად შიშველ დეკლარაციას არ გასცდენია და რეალური დაცვის და თავდაცვის მექანიზმები არ არსებობს და ბიზნესმენებს არ აქვთ. და ამ ფონზე 1 - თუნდაც 10 - ფორუმის მოწყობა არაფერს არ შეცვლის. საჭიროა იმ მიზეზების გამოსწორება, რის გამოც საქართველო დაიცალა ინვესტიციებისგან."(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ასეთი დასკვნის საფუძველს ის რეალობა აძლევს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს აიძულებს, დატოვონ საქართველო. მათ შორის არიან რუსეთიდან რუსული კაპიტალით სამშობლოში დაბრუნებული თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი საქმოსნებიც - მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ბიზნესაქტივობა საქართველოში.
XS
SM
MD
LG