Accessibility links

logo-print

16 მაისს მსოფლიომ შიდსის ვირუსით გარდაცვლილთა დღე აღნიშნა. აივ


16 მაისს მსოფლიომ შიდსის ვირუსით გარდაცვლილთა დღე აღნიშნა. აივ ვირუსის და შიდსის იდენტიფიკაცია 80-იანი წლების პირველ ნახევარში მოხდა.

მას შემდეგ ეპიდემიამ მსოფლიოში 28 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ, ამ მართლაც შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, შიდსის ვირუსით გარდაცვლილთა დღე სევდასთან ერთად მრავალ სხვა მნიშვნელობასაც ითავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ის ფართო სოციალური და კულტურული ფონი, რომელიც შიდსს მისი გაჩენის დღიდან ახლავს. მინდა ამ და სხვა ასპექტებზე მოგითხროთ.

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, იმავე შიდსის, შესახებ სამყარომ პირველად 1982 წელს გაიგო, როდესაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 70-იანი წლების ბოლოდან გახშირებული იშვიათი სახის პნევმონიის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი იმუნური სისტემის დაქვეითებაა. 1984 წელს დადგინდა შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, ანუ აივ ინფექციის, არსებობაც. მას შემდეგ ორ ათწლეულზე მეტი დრო გავიდა და შიდსი გლობალიზაციის პროცესების გავლენის ქვეშ მყოფი სამყაროსთვის ერთ-ერთი, მართლაც, გამაერთიანებელი პრობლემა გახდა.

საქართველოში შიდსის რამდენიმე ასეული შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული, მაგრამ, ექსპერტთა აზრით,Yრეალური რიცხვი ბევრად მეტია და, სავარაუდოდ, ორი ათას ადამიანს აღწევს. ამ მონაცემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" წარმომადგენელი, ექიმი კახა ახვლედიანი გვესაუბრა:

[კახა ახვლედიანის ხმა]: "საქართველოში დღესდღეობით ოფიციალურად რეგისტრირებული არის აივ ინფექცია-შიდსის 526 შემთხვევა. თუმცა იმის გამო, რომ ეს დაავადება ეპიდემიურ და მზარდ ხასიათს ატარებს, ყოველი მომდევნო დღე, საუბედუროდ, შეიძლება ყოველი ახალი რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული შემთხვევის მომტანი იყოს. ამ 526 ადამიანიდან 87 უკვე დაღუპულია შიდსით ან ამ დაავადების თანმხლები სხვა პრობლემის შედეგად. ესენი არიან, ძირითადად, ახალგაზრდა, ძალიან მაღალი სოციალური და კულტურული პოტენციალის მატარებელი ადამიანები."

ასეთი სტატისტიკური და სოციოლოგიური მონაცემების მიღმა, ცხადია, კონკრეტული ადამიანების გამოცდილება დგას. რიცხვებით და ციფრებით განზოგადებული სურათი მიიღება, მაგრამ შიდსის პრობლემასთან უშუალო შეხება ინდივიდუალურ და მრავალფეროვან ცხოვრებისეულ ისტორიებს წარმოაჩენს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული ისტორიის შესახებ გვესაუბრა ჩვენი რესპონდენტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ვირუსს ატარებს:

[რესპონდენტის ხმა]: "ეს მოხდა უკრაინაში, - იქ ვსწავლობდი 93 წელს. სამი-ოთხი წელი ვიყავი ნარკოტიკების მომხმარებელი. დავაპირე წამლის მიტოვება. მივატოვე, მაგრამ ცუდად ვხდებოდი, სიცხეები მქონდა. იმ დროს უკრაინაში, ასე ვთქვათ, მოდაში იყო: ყოველი მეორე სპიდიანი იყო უკრაინელ ნარკომანებში. მეც გადავწყვიტე გასინჯვა. უკრაინაში გავესინჯე, მაგრამ არ აღმომაჩნდა. ჩამოვედი თბილისში, ისევ ცუდად ვიყავი. მერე მოვხვდი სეფსისის ცენტრში და იქიდან გადამიყვანეს შიდსის ცენტრში. ეს იყო 97 წელი.

ვირუსისგან განკურნება კვლავ განუხორციელებელ მიზნად რჩება; მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ვირუსის მატარებელ პირს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს მდგომარეობას. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს ამ მხრივ გაუმართლა - ის იმ რამდენიმე ადამიანთა შორის აღმოჩნდა, ვისი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო იღებს. გლობალური ფონდის დაფინანსების მეშვეობით ახლო მომავალში ბევრად მეტი ინფიცირებული ადამიანის მედიკამენტებით მომარაგება იგეგმება.

მაგრამ სამედიცინო პრობლემების გარდა, შიდსი უშუალოდ უკავშირდება სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს. აივის და შიდსის გლობალურმა ეპიდემიამ, ერთი მხრივ, ადამიანებს განახლებული ძალის თანაგრძნობა, სოლიდარობა და თანადგომა მოუტანა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აივ და შიდსის იდენტიფიკაცია მოახდინეს, დაავადებას ისეთი სოციალური ფონიც სდევს თან, როგორიცაა შიში, სტიგმა და დისკრიმინაცია. კახა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ვირუსის მატარებელი ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ირიყებიან ოჯახებიდან და სამეგობროებიდან; მათ ათავისუფლებენ სამსახურებიდან და ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე:
[კახა ახვლედიანის ხმა]: "ეს პრობლემა ქმნის ზოგიერთ სხვა ტიპის დაპირისპირებას საზოგადოებაში, რაც, ძირითადად, გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით და პირველყოფილი ინსტინქტური შიშით, რაც წარმოქმნის სტიგმატიზაციის, ანუ გარიყვის, პრობლემას. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ცნობილია პრობლემის სერიოზულობა, მაგრამ უცნობია მისი დაძლევის გზები, ცდილობს გარიყოს და თვალიდან მოიშორის ხალხი, ვისაც ეს პრობლემა უკვე შეეხო. ეს, გარკვეულწილად, თავის მოტყუებაა. "

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო და ლოკალური ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ეს ბრძოლა კომპლექსური და მრავალპლანიანი უნდა იყოს. აუცილებელია ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია შიდსისგან თავის დაცვის შესახებ; მაგრამ ასევე აუცილებელია იმ ადამიანების ყოფაზე ზრუნვა, რომლებსაც ეს ვირუსი უკვე შეეხო. ჩვენი რესპონდენტის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ცხოვრება შიდსის დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი შეიძლება პოზიტიური იყოს:

[რესპონდენტის ხმა] "დამალვა არ ყოფილა. დიაგნოზი როგორც კი დამისვეს, უფრო ფეხზე დავდექი, შევხედე ცხოვრებას, ჩემს მშობლებს, ძმას, ძმისშვილებს; ცხოვრება გრძელდება და ამას წინ არაფერი დაუდგება. მშობლები მშობლებია - განიცადეს, ძმამაც; მაგრამ მე რომ ვაჩვენე, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ მე აქ ვარ, მათ გვერდით, ამით ცხოვრობენ, ჩემი იმედით. მე კიდევ ცოლი მოვიყვანე და ცხოვრებას მივყვები, კიდევაც ვმუშაობ. დიაგნოზის შემდეგ დავქორწინდი; ეს ექიმების გვერდში დგომით მოხდა. ექიმებმა გამაცნეს ჩემი მეუღლე, ისიც ჩემსავითაა დაავადებული. უკვე მეორე წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. " (სტილი დაცულია)

16 მაისს მსოფლიომ შიდსის ვირუსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. ეს დღე, ამასთანავე, ინფორმაციის მიღების, სოლიდარობის და თანადგომის დღეც იყო. შიდსთან ბრძოლა ხომ სოციალურ და კულტურულ სფეროებში სამედიცინო სფეროზე არანაკლებ არის საჭირო.
XS
SM
MD
LG