Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებების შეჩერებას ითხოვს


19 მაისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში პალესტინელი დევნილების მკვლელობის

ფაქტს გმობს. რეზოლუცია მოუწოდებს ისრაელს დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს, კერძოდ ჟენევის მეოთხე კონვენციას და სათანადოდ დაიცვას ომის პირობებში სამოქალაქო პირების სიცოცხლის უფლება. გაერო ისრაელს ღაზის სექტორში დევნილთა სახლების ნგრევის შეჩერებისაკენ მოუწოდებს. რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მოაწერა ხელი. ხელმომწერთა შორის არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ოფიციალური ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა.

ისრაელის მთავარმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმა, უკანასკნელ ხანს ისრაელის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რამდენიმე რეზოლუციას ვეტო დაადო. მაგრამ 19 მაისის რეზოლუციის ხელმოწერაზე თავის შეკავება აშკარად ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებით შეშფოთებულია.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ჯეიმს კანინგჰემის განცხადებით, ვაშინგტონი პატივს სცემს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი მოქმედებები უკვე ზღვარს სცდება.

[ჯეიმს კანინგჰემის ხმა]" არა გვგონია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული მოქმედებები მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნებს ემსახურებოდეს. ამ ოპერაციებმა გააუარესა ჰუმანიტარული მდგომარეობა, შედეგად მოიტანა კონფრონტაცია ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს შორის. და ამასთანავე, ჩვენი აზრით, ვერაფრით წაადგა ისრაელის უსაფრთხოებას."

კანინგჰემის თქმით, ვაშინგტონი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ისრაელის, პალესტინისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან დაუყოვნებელი კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

ისრაელი, თავის მხრივ, ეგვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფაში პალესტინელთა სახლების ნგრევის ოპერაციას კვლავაც თავდაცვის მოსაზრებებით ამართლებს. მსხვერპლის რიცხვი კი დღითიდღე მატულობს-გავრცელებული ინფორმაციით, 20 მაისს სარაკეტო შეჯახებამ სამი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. ადგილობრივ ექიმთა ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ სატანკო ცეცხლით მიყენებული ჭრილობებით კიდევ 2 პალესტინელი გარდაიცვალა. 19 მაისს კი პალესტინელთა დემონსტრაციის დახვრეტის შემდეგ 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და მოზარდები.
მართალია, დემონსტრანტების მკვლელობის გამო ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ისინი რაფაჰში ოპერაციის შეჩერებას არ აპირებენ.

გაეროში ისრაელის ელჩის, დან გილერმანის თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში იგნორირებულია ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელი ლიდერების მხარდაჭერით წარმოებული ტერორისტული მოქმედებები. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, რეზოლუცია მშვიდობის დამყარებას ხელს ვერ შეუწყობს.

[დან გილერმანის ხმა]" დღეს ისრაელი ღაზის სექტორში ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დგას. სამხრეთი ქალაქი რაფაჰი პალესტინელთა ხელისუფლებისათვის მთავარი ჭიშკარია კონტრაბანდული იარაღის მისაღებად. იგივე რაფაჰია იარაღისა და საჭურველის ტრანსპორტირების მთავარი გამტარიც."

გილერმანის თქმით, აპრილის შემდეგ რაფაჰის მახლობლად ისრაელის ძალებმა იარაღის კონტრაბანდისათვის გამოყენებული 8 გვირაბი აღმოაჩინეს. 2000 წლის სექტემბრის ამბოხების შემდეგ კი 90 ამგვარი გვირაბია ნაპოვნი. გილერმანის თქმით, გვირაბები ეგვიპტიდან იწყება და მათ იარაღის ტრანსპორტირებისათვის ირანისა და პალესტინის ექსტრემისტული ორგანიზაციები- "ჰეზბოლა" და "ჰამასი" იყენებენ.

გილერმანის აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო გაეროში ეგვიპტის წარმომადგენელმა ელჩმა აჰმედ აბულ ღეითმა.

[აჰმედ აბულ ღეითის ხმა]" როგორ შეიძლება დაიჯერო ბრალდება, თითქოს ირანი ეგვიპტის ტერიტორიას იყენებდეს. ეს სიცრუეა და მე მას ვერ მივიღებ."

გაეროში პალესტინელთა წარმომადგენელმა ნაზერ ალ კიდვამ კი უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანი ღაზის სექტორის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება და იქ მცხოვრები მილიონ სამასი ათასი ადამიანის პატიმრობაში აყვანაა.

გაეროს სააგენტოების ინფორმაციით, მიმდინარე თვის პირველი 15 დღის განმავლობაში რაჰაფში 2200 პალესტინელი დარჩა უსახლკაროდ.


XS
SM
MD
LG