Accessibility links

logo-print

ვინ იქნება რომის პაპის მემკვიდრე


ამ კვირაში რომის პაპი იოანე პავლე მეორე 84 წლის გახდა. მხცოვანი პაპი მსოფლიოს რომის მრავალრიცხოვან კათოლიკეთა პირველი

სლავური წარმოშობის თავკაცია. პარკინსონით დაავადებული პაპის ასაკის მატებასთან ერთად, მატულობს ინტერესი მისი სავარაუდო მემკვიდრეების მიმართაც. ვატიკანის მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ უკვე დროა მსოფლიო კათოლიკეთა სულიერი ლიდერი არაევროპელი გახდეს. პაპობის კანდიდტთა არაფორმალური სიაში არის ნიგერიელი კარდინალი ფრენსის არინზე. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ მას ასახელებენ.

შავკანიანი რომის პაპი ზოგიერთისთვის შესაძლოა უჩვეულოდ აღიქმებოდეს, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ფრენსის არინზე კანდიდატთა ყველა სავარაუდო სიაში გვხვდება.

[ჰერარდ ოკონელის ხმა]" მე რამდენიმე კარდინალს ვესაუბრე. მათგან ბევრი ისლამთან და სხვა რელიგიებთან ურთიერთობებს მომავალი პაპისთვის პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს. "

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი ჰერარდ ოკონელი ფიქრობს, მომავალი პაპის შესარჩევად გათვალისწინებული უნდა იყოს სულ ცოტა ორი ფაქტორი-მსოფლიოში სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის არსებული უფსკრულის გაღრმავება და ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სამყაროს შორის მზარდი დაპირისპირება.

ამ თვალსაზრისით, მისი აზრით, არინზე საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.

[ჰერარდ ოკონელის ხმა]" კარდინალი არინზე კარგი მოსაუბრეა. მას აქვს უნარი ხალხისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკოს. ის სიხარულსა და იმედს გასცემს, მისგან დიდი სიხარული მოდის. უკვე 18 წელია იგი ვატიკანის იმ ოფისს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს დანარჩენ რელიგიებთან-ისლამთან, ბუდიზმთან, ჰინდუსთან და სხვა ტრადიციულ რელიგიებთან ურთიერთობის საკითხებს განაგებს."

ვატიკანის რელიგიათაშორისი ურთიერთობების ოფისს არინზე 1985 წლიდან უდგას სათავეში. ვატიკანთან თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად ამ ხნის მანძილზე იგი მსოფლიოს არაერთ რელიგიურ ლიდერს შეხვდა. მაშინ, როცა მაჰმადიანური და ქრისტიანული სამყაროების დაპირისპირების საკითხი თეორიულ სფეროს გასცდა, რომის კარდინალთა აზრით, სწორედ არინზეა ის კაცი, ვისაც ორ ნაწილად გახლეჩილი მსოფლიოს შერიგება შეუძლია. რომ აღარაფერი ვთქვათ სუდანზე, არინზეს მშობლიური ნიგერიაც მაჰმადიანებისა და ქრისტიანების დაპირისპირების არენას წარმოადგენს. ექსპერტები ნიგერიაში დროთა განმავლობაში ვითარების ძალადობრივ ესკალაციასაც არ გამორიცხავენ. ჰერარდ ოკონელის თქმით, რომის სულიერ ლიდერად არჩევის შემთხვევაში, არინზე შეეცდება ყველაფერი იღონოს იმისთვის, რათა რელიგია პოლიტიკური მანიპულირების საგანი აღარ იყოს.

[ოკონელის ხმა]" რელიგია არ არის ძალადობის წარმმართველი. ეს რელიგიის პოლიტიკური მანიპულაციების შედეგად ხდება. თუ რომის პაპად მას აირჩევენ, ის საკითხს ძალზე მკაცრად დააყენებს-ის იტყვის, რომ რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია, რომ პოლიტიკური ლიდერები ამ საქმეს უნდა ჩამოსცილდნენ. "

თუმცაღა, ყველაფრის მიუხედავად, პაპის არჩევნების შედეგების პროგნოზირება მაინც რთული საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო კონკლავის 120 კარდინალს შორის მისი მხარდამჭერები სჭარბობენ. ძველი გამოთქმის თანახმად, ყველაზე რეალური კანდიდატი პაპი ვერასდროს ხდება. თუმცა ამ გამოთქმას არ ეთანხმება ოკონელი, რომელმაც ამასწინათ არინზეზე წიგნიც კი დაწერა სახელწოდებით-"ღმერთის უჩინარი ხელი".
XS
SM
MD
LG