Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული წმენდის მოლოდინში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კენჭაძის დაკავება ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის დროს ნიშნეული მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანაში პირველად მოხდა,

რომ ხელისუფლებამ თავისივე წევრს, მით უმეტეს, დეპუტატს ღამე ციხეში გაათევინა. რამდენად გულწრფელნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ირწმუნებიან, პარტიული წმენდა უკვე დაწყებულიაო, ახლო მომავალში გამოჩნდება. ნაციონალურ მოძრაობაში პოტენციური დამნაშავეების არსებობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმაც. ასე რომ, მოკვლევები, ჩანს, წინ არის.

შევარდნაძის ხელისუფლების 13 წლიანი ისტორიიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერი პარტიის წევრი, მით უმეტეს, პარლამენტის დეპუტატი, ციხეში ჩაესვათ. მართალია, 1995 წელს ჯაბა იოსელიანი დაიჭირეს, მაგრამ იმ დროს მხედრიონის ლიდერი უკვე შევარდნაძის ოპონენტი იყო. ერთადერთი კაცი, რომელსაც თანამდებობა დაატოვებინეს თანამდებობრივ დეკლარაციაში ასახული და რეალური ქონების შეუსაბამობის გამო, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პრეზიდენტის რწმუნებული კობა ბუჩუკური გახლდათ. ესეც მაშინ მოხდა, როცა გაცხადდა, რომ ბუჩუკურის მეუღლე, დეპუტატი მარინა მოლოდინი, იმხანად უკვე შესარისხად გამზადებული ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ გუნდში რჩებოდა.

ახალმა ხელისუფლებამ კი თავისივე პარტიული სიის წევრი პარლამენტის ამოქმედებიდან ერთ თვეში დაიჭირა. დაპატიმრებული გიორგი კენჭაძე უკვე ინახულა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ, რომელიც, ბუნებრივია, კონფიდენციალობას იცავს და არ ამხელს დეპუტატთან საუბრის შინაარსს. თუმცა ჩემს კითხვას, კენჭაძის საქმეს პრინციპულად ახალ გარემოებას შეჰმატებს თუ არა ის, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ პატიმრობაში მყოფი კოლეგისგან შეიტყო, ელენე თევდორაძე უპასუხებს:

"დიახ. ფული აიღო, მაგრამ არის სხვა გარემოებაც. რაც მე მოვისმინე, იყო შოკის მომგვრელი."

მანამდე ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ იცოდა კენჭაძის ნასამართლეობის შესახებ, თუმცა ჩვენთან საუბრისას დააზუსტა, რომ ეს ამბავი გაიგო თვითონ კენჭაძისგან ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს. გიორგი კენჭაძეს ორი წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პატიმრობიდან ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლდა.

ელენე თევდორაძე ფიქრობს, რომ, რაც კენჭაძემ გაუმხილა, ის უნდა იცოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც, ოღონდ არა პრეზიდენტმა.

[დავით პაიჭაძისა და ელენე თევდორაძის დიალოგი]

ქალბატონო ელენე, ეს ხომ ძველი პოლიტიკაა: ხელი დავაფაროთ პრეზიდენტს, თითქოს მან არაფერი არ იცის?
არა, მე ნამდვილად ასე მჯერა და კენჭაძესაც სჯერა ეს. თანაც, რამდენად მართალს ამბობდა კენჭაძე, მე ხომ არ ვიცი?! გარდა ამისა, მას რაღაცას შეჰპირდნენ...
ვინ შეჰპირდა?
არ დავასახელებ.
დაჭერამდე თუ დაჭერის შემდეგ?
დაჭერის შემდეგ. მან თქვა, თუ გადააგდებენ, ან მე მომცემს უფლებას, ყველაფერი ვთქვა, ან თვითონ გააკეთებს ამას. ეს იყო, მაგრამ სად არის სიმართლის მარცვალი, დღეს თქმა გამიჭირდება. შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ რაც მან მითხრა, ცოტა სხვა სურათს ქმნის.

იოლი მისახვედრია, რომ საქმე ეხება კენჭაძისთვის სასჯელის შემსუბუქებას. იმისათვის კი, რომ პრეზიდენტმა შეიტყოს პარტიაში უწესო ადამიანების არსებობის შესახებ, ელენე თევდორაძემ მიხეილ სააკაშვილს აუდიენცია სთხოვა. მათი შეხვედრა პრეზიდენტის თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ შედგება. ელენე თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ კენჭაძე მანამდეც ალაპარაკდეს.
XS
SM
MD
LG